თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. ნალექი დედაქალაქში დღის მეორე ნახევრიდან დაფიქსირდა. სინოპტიკოსები თბილისში ამინდის გაუარესებას გუშინდელი დღიდან ელოდებოდნენ.
მოსული ნალექის გამო, კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.
დედაქალაქის მერიის ცნობით, შპს "თბილსერვის ჯგუფი", საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.
"თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
"9 - 11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, (10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს), ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ვიდეო