ავტორი:

"რაც აქამდე დამისახავს, ყველაფერს მივაღწიე... მყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი" - უსინათლო ქალი უდიდესი შესაძლებლობებით: როგორია მაგდა ბეჟანიშვილის ყოველდღიურობა და წინაღობები?

"რაც აქამდე დამისახავს, ყველაფერს მივაღწიე... მყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი" - უსინათლო ქალი უდიდესი შესაძლებლობებით: როგორია მაგდა ბეჟანიშვილის ყოველდღიურობა და წინაღობები?

მაგდა ბეჟანიშვილი წარმოშობით თელავიდან არის. უსინათლო გოგონა დღემდე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად დედასთან ცხოვრობს, რადგან წყვილს საკუთარი ბინა არ აქვს. ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრ რამეს მიაღწია, მისთვის გარემო ადაპტირებული არ არის.

უჭირს სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად დამოუკიდებლად გადაადგილება, დამხმარეს გარეშე. ხშირად უწევს სამსახურის ძიება, თუმცა როდესაც დამსაქმებელი იგებს, რომ უსინათლოა, მისი რეზიუმე ხშირად განხილვის გარეშე რჩება.

ბედნიერია იმით, რომ ჰყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, მშობლები, რომლებსაც არასოდეს უგრძნობინებიათ, რომ მას მხედველობის პრობლემა ჰქონდა, და, რომელიც მთელი ცხოვრება მხარში უდგას და მეუღლე, რომელიც იდეალური ქმარი და შესანიშნავი მამაა...

- მაგდა, არ მინდა, რომ ბანალური ვიყო და გამოვიყენო ტერმინი, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მაგრამ წლებია თქვენს "ფეისბუქატივობას" თვალს ვადევნებ და თქვენ ნამდვილად ბევრი შეძელით...

- შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს, ამას საზოგადოება ამბობს, მაგრამ საქართველოში ნამდვილად არსებობს. მე როგორც პირველი ჯგუფის უსინათლო, გარემო შესაძლებლობას მიზღუდავს. მე არ შემიძლია სხვა ადამიანის დახმარებისა და კეთილი ნების გარეშე მაგალითად, მაღაზიაში გავიდე. არ შემიძლია შვილებთან გავიდე სკოლაში სხვისი დახმარების გარეშე. მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მარტო წავიდე კაფეში, უბრალოდ გავისეირნო, მეგობართან გავიდე, ისე რომ სხვა არ გამომყვეს და სხვისთვის არ მქონდეს სათხოვარი. საზოგადოება ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები სახლში უნდა ვიჯდეთ და სხვისი დახმარებით ვიარსებოთ.

ბევრი ადამიანისგან მიგრძნია შეცოდება. როდესაც ნახავენ, რომ უსინათლო ადამიანმა, ეტლით მოსარგებლემ, აუტისტური სპექტრის ადამიანმა, იმღერა, ოჯახი შექმნა, განსაკუთრებული ემოციებია შებრალების და ნახეთ, უსინათლომ ლექსი თქვა, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რა შუაშია ეს ერთმანეთთან. შეზღუდული შესაძლებლობა არის გარემოში და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, კანონშიც კი. ცუდ მაგალითს მოგიყვანთ, სისხლის ბანკმა არ მომცა საშუალება, რომ ახლობლის დონორი ვყოფილიყავი, რადგან კანონი კრძალავს, უსინათლოს არ შეუძლია სისხლის გაღება. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა, ორი წავაგეთ და მესამე ინსტანციას ველოდებით. სისხლი და ის, რომ გარემო არ არის ადაპტირებული, ჩემთან რა შუაშია. დიახ, შეზღუდული შესაძლებლობა არსებობს.

ჩვენთვის ხელმიუწვდომელია განათლება, დასაქმება, კონკურენტუნარიანად არ აღგვიქვამენ დამსაქმებლები და ხშირად არის შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელი იგებს, რომ რეზიუმეს უკან შშმ პირი დგას, აღარც განიხილავენ.

შეიძლება ჩემი განათლება, რესურსი ვერ გამოვიყენო იმიტომ რომ დამსაქმებელმა გაიგო, რომ უსინათლო ვარ. მაგრამ მე ხომ შეიძლება ვფლობდე კომპიუტერს კარგად, ვიცოდე რამდენიმე ენა, ეს უკვე აღარ აინტერესებთ. რამდენიმე წლის წინ, არ მქონდა ტელეფონი და კომპიუტერი, რადგან ტექნიკურად არ მქონდა ამისი შესაძლებლობა. ახლა ჩვენდა საბედნიეროდ, სპეციალური სინთეზატორის მეშვეობით ვფლობ, კომპიუტერს და ტელეფონს. შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს ადამიანში, უბრალოდ, არსებობს კანონში და გარემოში.

- მაგდა, როდესაც ბავშვობაში მხედველობის პრობლემა შეგექმნათ, როგორც ვიცი, დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საუკეთესო ექიმებთან ეტარებინეთ, იყავით ინგლისშიც...

- დედა ჩემთვის საყრდენი კედელია, რომელიც არ ჩამოიშალა, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, უამრავი ღამე არ სძინებია. რთულია იყო შშმ პირის მშობელი და იცხოვრო საქართველოში. დედასთვის ძალიან ძნელი იქნებოდა, ებრძოლა ისე, რომ მუხლი არ მოეხარა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ძლიერი ქალის შვილი ვარ. შეიძლება სხვა ქალის შვილი რომ ვყოფილიყავი, არ ვყოფილიყავი ის მაგდა. მყავს ერთი შესაშნავი და და მამა, რომელიც ახლა გარდაცვლილია. ჩემმა ოჯახმა ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა, რომ ჯერ მე მიმეღო საკუთარი თავი, არ ჩავვარდნილიყავი დეპრესიაში. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ საკუთარი მე-ს აღქმის საშუალება მქონოდა. არ ვყოფილიყავი ის ადამიანი, რომელიც მუდმივად სხვისი დახმარების მოლოდინში იქნებოდა. ეს ყველაზე მაგარი შეგრძნებაა, როდესაც იცი, რომ ეს ყველაფერი იმ ადამიანებმა გააკეთეს, ვისთანაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდი. დიახ, ღმერთი არსებობს და ღმერთები არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელს მოგკიდებენ და არ მოგცემენ საშუალებას, უფსკრულში ჩავარდე. ჩემი და ჩემზე პატარა იყო, მას ხშირად უწევდა მამასთან მარტო დარჩენა, დედის გარეშე დაძინება, ხშირად მიფიქრია, მე თუ შევძლებდი იგივეს, რაც მან შეძლო. ერთი წამითაც კი არ ჰქონია ეგოისტური მომენტი, პირიქით, სიყვარულის ზღვას განიცდის ჩემს მიმართ.

- ცხოვრობდით რაიონში, თელავში. როგორ შეგხვდათ გარემო, როგორ ცხოვრობდით, განსაკუთრებულად წლების წინ, როდესაც ქუჩები, გარემო ადაპტირებული არ ყოფილა...

- არავინ მეხმარებოდა, ისევ ოჯახი, დედა, რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, მქონოდა სივრცის შეგრძნება, მეძრომიალა ხეებზე, მერბინა ხიდზე, დახუჭობანა, ფეხბურთი მეთამაშა. სასწაული ბავშობა მქონდა და ეს ჩემმა ოჯახმა გააკეთა. ჩემი უბანი დღემდე ზღაპრულად მახსენდება, ადამიანები, რომლებიც ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. მათგან ერთხელაც არ მახსენდება, რომ რაღაც ისეთი მეგრძნო, რომ ვეცოდებოდი ან რაღაც უნდა გაეკეთებინათ და ამას ჩემთან ერთად ვერ იზამდნენ. ხშირად მეუბნებიან ახლაც, რომ ბევრჯერ დაგვიწყებია, რომ ვერ ხედავო. ეს თამაშები, გართობა, ბავშვობის ტკბილ მოგონებად დამრჩა.

- წლების შემდეგ, სამსახურიც დაიწყეთ, ორ გოგონას, რომლებიც ვერ ხედავდნენ, ბრაილის შრიფტით კითხვას ასწავლიდით. ეს იყო თქვენი პირველი სამსახური და შემდეგ იყო გადაცემა, ადგილობრივ ტელევიზიაში...

- ტყუპ გოგონებთან ვმუშაობდი, მარიამთან და ბარბარესთან. ეს იყო ჩემი პირველი ძალიან კარგი გამოცდილება. შემდეგ ადგილობრივ ტელევიზიაში საავტორო გადაცემა მქონდა, დირექტორის მხარდაჭერის და თელავის მინიციპალიტეტის მაშინდელი მერის პლატონ კალმახელიძის და ვიცე მერის თენგიზ მთვარელიშვილის მხარდაჭერითა და ნდობით. მერია ჩემი გადაცემის სპონსორი გახდა და დაახლოებით წელიწადნახევარი ეს არაჩვეულებრივი გადაცემა პირდაპირ ეთერში გადიოდა, ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა, რომელიც წარმატებით ჩავაბარე.

- მაგდა, ერთ-ერთ სტატუსში წერთ, რომ პრომო გოგონადაც კი გიმუშავიათ. ამ გადმოსახედიდან ყველაზე რთულად რომელი სამსახური გახსენდებათ. ახლა თუ ხართ დასაქმებული?

- შემდეგ "ბილაინში" ვმუშაობდი პრომო გოგონად, მახსოვს, როდესაც პირველად მგობრებთან ერთად მივედი გასაუბრებაზე, მეშინოდა, რომ ჩემი მეგობრებისთვისაც არ ეთქვათ უარი ჩემს გამო. როდესაც სახლში დავბრუნდი, დავურეკე იმ ბიჭს და ვუთხარი, რომ მე თუ ვერ ამიყვანთ, ჩემს მეგობრებს უარს ნუ ეტყვით-თქო. ვინ გითხრათ, რომ უარს ვამბობდიო. მეორე დღიდან პრომო გოგონად დავიწყე მუშაობა. შემდეგ იყო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ეს იყო ჩემთვის უზარმაზარი გამოცდილება, მარტო სამსახური არ იყო, ეს იყო დამატებითი განათლების მიღების საშუალება. ბევრი რამე ვისწავლე ამ სამსახურში და მთელი ცხოვრება ძალიან ტკბილად გამახსენდება. ამ სამსახურთან ერთად იყო საქართველოს უსინათლოთა კავშირი, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ საკუთარი ნებით დავტოვე და ამ ეტაპზე უმუშავარი ვარ.

- მგონი, დროა თქვენს ოჯახზე მოგვიყვეთ, როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე, როგორ განვითარდა თქვენი რომანი?

- მყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, დათა, სანი და მაშო. მე და გიომ ერთმანეთი თელავში 2012 წელს გავიცანით. თავიდან ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრობა გვქონდა სამყაროში. ამ ურთიერთობაში შეგვიყვარდა ერთმანეთი. რამდენიმე თვე შეყვარებულები ვიყავით, 2016 წელს 31 დეკემბერს გადავწყვიტეთ, რომ ახალ წელს ერთად შევხვედროდით. მერე ისე მოხდა, რომ სურვილები უნდა გაგვეცვალა, გიომ თქვა, რომ ჩემთან ერთად ცხოვრება უნდოდა და იმ 31 დეკემბერიდან დღემდე ერთად მოვდივართ. ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში საუკეთესო არჩევანი გავაკეთე. სამყარომ დამასაჩუქრა იმით, რომ მე მის გვერდით ვარ.

გიო არაჩვეულებრივი მეუღლეა, ალბათ ვერასოდეს დაიტევს ვერცერთი სტატია, რაც მასზე შემიძლია ვთქვა. არის არაჩვეულებრივი მამა, რომელიც სრულად არის ჩართული შვილების აღზრდაში. ძალიან მეგობრული ოჯახი გვაქვს და ვცდილობთ, რომ ყველა დღე წინაზე უკეთესი იყოს.

- წინააღმდეგობები თუ შეგხვდათ, როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, ძალიან გიდგათ მეუღლე მხარში...

- ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდა, იყო ცუდი დღეები ბედნიერთან ერთად, მაგრამ იმდენად კარგია გიორგი, რომ ეს ამბები ჩემამდე მხოლოდ ერთხელ მოვიდა. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობის გადარჩენისთვის მე არ მებრძოლა. იმდენად ბევრი ნეგატივი იყო ჩვენს მიმართ, რომ გიორგი ასეთი ძლიერი და მამაცი არ ყოფილიყო, ალბათ ძალიან მალე დავიშლებოდით და ჩვენი გრძნობები ამას ვერ გაუძლებდა. დღევანდელი ჩვენი ოჯახი მისი დამსახურებაა.

ერთადერთი, რაც ჩემთვის დისკომფორტია, არ შემიძლია ბავშვებთან ერთად დროის დამოუკიდებლად გატარება. არ შემიძლია, მაგალითად, თოვლის დროს ეზოში ბავშვებთან ერთად ჩასვლა, გუნდაობა, ვერ გავასეირნებ თოვლში. ეს საშინელი დისკომფორტია, რაც შვილებთან მიმართებაში მაწუხებს, იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ წლები არ უნდა ველოდო, რომ რამე შეიცვლება.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა, როგორც ვიცი, თქვენ ზრდით შვილებს, ერთხელ წერდით, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, მკითხეთ, პამპერს როგორ ვუცვლი, როგორ ვუვლი ჩემ შვილებსო.

- პამპერსის გამოცვლაც მარტივია, კვებაც და მათი დაბანაც. ერთი დიდი სიამოვნებაა დილის გათენება, როდესაც სახლში ჟრიამული იწყება. ბავშვების გაზრდაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის დედაჩემს. მას უპირობოდ ვენდობი და ბავშვებს იმდენად უყვართ ბებია, ბაბუტის ეძახიან და ახლა ყველა უფროსებიც ასე ვეძახით. არ ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანს, რომ ეს ბედნიერება არ გიხაროდეს და გეამაყებოდეს. ვფიქრობ, რომ თუ კი სადმე რამე არსებობს, ყველაზე საუკეთესო ადამიანებს მჩუქნის, დედა, მამა, და, მეუღლე, მეგორები და შვილები.

- მაგდა, მგონია, ყველა დიდი მიზანი რაც პირადში ჩაიფიქრეთ, აისრულეთ, კიდევ რა მიზნები გაქვთ მომავალში დასახული...

- რაც აქამდე დამისახავს, ყველაფერს მივაღწიე. ვერ გავიხსენებ ვერაფერს, რაც ვერ გავაკეთე ან არ გამომივიდა. იმაზე რაც ვისაუბრე, ჩემი ცხოვრების ნახევარიც არაა, ამის იქით იმდენი რამე არსებობს, რომ ერთი ასად მაქვს ყველა მიზანი შესრულებული. ერთ-ერთ მიზანს, რაც მაქვს, ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ და ახლა ჩემი მიზანია, რომ მქონდეს საკუთარი სახლი, თუმცა ეს არის ჩემი ოცნება. ჩემი ოცნებაა მქონდეს საკუთარი სახლი, რათა მეტად დამოუკიდებელი ვიყო, მეტი პასუხიმგებლობა ავიღო საკუთარ თავზე. ზუსტად ვიცი მომავალში ჩემი სახლი როგორი იქნება. ზუსტად წარმომიდგენია, როგორი იქნება იქ ჩემი ცხოვრება. ადამიანები ვიბადებით იმიტომ, რომ დავისახოთ მიზნები, ვიყოთ ბედნიერები და მუდამ ვიღიმებოდეთ. ვფიქრობდეთ მხოლოდ იმაზე, რაც ჩვენს კეთილდღებას არგებს და სამყარო უპასუხოდ არავის არ დატოვებს. ამისი ბევრი მაგალითი არსებობს ჩემს ცხოვრებაში.