კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ მეორე ტური დღეს, 15 იანვარს დაიწყო. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე ხმის მიცემა 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 9 თებერვალს ცნობილი გახდება მაქსიმუმ 3 გამარჯვებული. მათგან ერთი მკითხველის რჩეული იქნება, ორს კი ჟიური გამოავლენს.
მეორე ტურში პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდება და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა დაიწყება თავიდან, ხმის მიცემის პროცედურის დაცვით.
ხმის მიცემის პროცედურა მარტივია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ხმის მიცემა მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით ხორციელდება. ამისთვის საჭიროა მომხმარებელმა შესაბამის ველში შეიყვანოს თავისი ტელეფონის ნომერი და დააჭიროს ღილაკს - „SMS კოდის მიღება“. მაქსიმუმ 1 წუთის განმავლობაში მიიღებს SMS კოდს, რომელსაც ხმის მიცემისთვის ჩაწერს ველში SMS კოდი.
ხმის მიცემის პროცედურა უფასოა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ერთ ნაწარმოებს ხმა მისცეთ მხოლოდ ერთხელ კონკურსის თითოეულ ტურში. ამავდროულად, ტელეფონის ერთი ნომრიდან შესაძლებელია ხმა მისცეთ ნებისმიერი რაოდენობის ნაწარმოებს.
ხმები მიიღება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მობილური პროვაიდერების ნომრებიდან.
კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა „პალიტრა L” უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს და მისი მიზანი ახალგაზრდა ავტორების აღმოჩენაა. სხვადასხვა წელს კონკურსის გამარჯვებული წიგნები მართლაც გახდნენ ბესტსელერები და ისინი დღემდე მკითხველის ყურადღების ცენტრში არიან.
R