ავტორი:

"ჩემს მომავალ მეუღლეზე ხილვა მქონდა... როცა დავქორწინდით, 19 წლის იყო" - როგორ ცხოვრობს მამა აკაკი მელიქიძე და რა სირთულეებს გადააწყდა, როცა კვეთებულის ლოცვები დაიწყო?

"ჩემს მომავალ მეუღლეზე ხილვა მქონდა... როცა დავქორწინდით, 19 წლის იყო" - როგორ ცხოვრობს მამა აკაკი მელიქიძე და რა სირთულეებს გადააწყდა, როცა კვეთებულის ლოცვები დაიწყო?

მეტეხის ტაძრის წინამძღვარმა მამა აკაკი მელიქიძემ, რომელიც კვეთებულის ლოცვით მკურნალობით არის ცნობილი, სასულიერო მოღვაწეობა აფხაზეთში, სოხუმის ხარების ეკლესიაში დაიწყო. ამბობს, რომ ლოცვას ყველაზე დიდი ძალა აქვს და ამის უამრავი მაგალითია.

მამა აკაკის მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს. მისი ცოლი, ფოფოდია ლუდმილა მეტეხის ტაძრის მედავითნე და მგალობელია. ქალბატონი ლუდმილა ბერძენი ეროვნების არის - გვარად კალაიჩიდუ, წალკაში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ პაპაზე, რომელიც წმინდანივით ცხოვრობდა, წიგნს წერს.

მამა აკაკის მამაც სასულიერო პირი გახლდათ, მეუფე კონსტანტინე მელიქიძე. 70 წლის მამა აკაკი და მისი მეუღლე "სარკეს" საკუთარ ყოფაზე უყვებიან:

- მომავალ მეუღლეს სად შეხვდით?

ლუდმილა კალაიჩიდუ: სკოლა რომ დავამთავრე, ჩემმა მოძღვარმა მე და ჩემი და თბილისში წამოგვიყვანა, რომ მედავითნე გავმხდარიყავით. მე 17 წლის იყავი და ჩემი და - 21-ის. უწმინდესმა გვაკურთხა. მერე ჩემმა მამამთილმა, მეუფე კონსტანტინემ ჩვენზე თქვა, კარგი სარძლო გოგოები არიანო, ღვთის ნებით და უწმინდესის კურთხევით მოხდა ჩვენი ამბავი. მამაომაც ხილვა ნახა.

მამა აკაკი: სიზმარივით ხილვა მქონდა. სიონის ტაძარში ვიდექი და მეუბნება აწ განსვენებული მამა რევაზ ტომარაძე, რას დგახარ კაკოია, აგერ მშვენიერი გოგოა და შეირთეო. გავიხედე და ქალბატონი დავინახე. მე ერისკაცობაშიც აკაკი მერქვა და კაკოიას მეძახდნენ.

- ნანახი არ გყავდათ?

მამა აკაკი: კი მყავდა ნანახი და გარკვეული ურთიერთობაც მქონდა. მედავითნეობას სწავლობდნენ და კარგადაც აითვისეს. მაშინ საწყობის გამგე ვიყავი. ეკონომიკური განათლება მაქვს მიღებული და სანთლების საწყობი და ხატები მებარა. 28 წლის მე ვიყავი და 19 წლის ფოფოდია, როცა დავქორწინდით.

ლუდმილა: რომ დავქორწინდით, მამაო მალევე აკურთხეს დიაკვნად, მერე მღვდლად და 1982 წელს სოხუმში გაგვიშვეს. იქ იმსახურა 10 წელი. იქ შეგვეძინა 4 შვილი. სოხუმის ცენტრში და მთის ძირას პატარა სახლი ვიყიდეთ ნასესხები ფულით. რომ აყვავდებოდა იქაურობა, სახლი აღარ ჩანდა, სტუმრები გვეუბნებოდნენ, სამოთხეში ვართო. ბერები გვსტუმრობდნენ ხშირად, ქართველებიც, რუსებიც, აფხაზებიც. იქიდან ომის მერე დავბრუნდით.

- საიდან დაიწყეთ კვეთებულის ლოცვები?

- მამა აკაკი: ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. სოხუმის ტაძარში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც აშკარად სჭირდებოდათ კვეთებულის წაკითხვა და მეც მოვსინჯე. კვეთებულის კითხვის უფლება არ მქონდა. ეს უნდა წაიკითხოს ბერმა, ვისაც ცოლ-შვილი არ ჰყავს და სულ ლოცვაზეა გადასული. მე კი კურთხევა მიტროპოლიტისგან ავიღე. თავიდან უარი მითხრა, მაგრამ ხალხმა არ მომასვენა. მეუფეს ვთხოვე, წამეკითხა მათთვის კვეთებულის ლოცვა, ბოლოს მითხრა მეუფემ, არ მასვენებს ხალხი და გაკურთხებ, შეგიძლია წაიკითხო ლოცვებიო. ბევრი სირთულე ახლა ამ ამბავს. პირდაპირ ეშმაკის შემოტევას ჰგავდა. ღვთის მადლით თავი გავართვი და ბევრიც გამოკეთდა. ვინც დაიჯერებს, აღსარებას იტყვის და ეზიარება, მისგან ეშმაკი იდევნება.

- როგორი სახე აქვს სასულიერო პირის თვალით დანახულ ეშმაკს და თქვენამდე როგორ მოდის?

- ჩემამდე ადამიანების მეშვეობითა და დახმარებით მოდიან. ის უხილავია, ვერ ხედავ, მაგრამ რეაქციებზე გრძნობ. ამავე დროს აშკარაა, რომ ლოცვის დროს განიდევნება. ზუსტად ისეთი რეაქციები აქვთ, როგორც სახარებაში წერია. უფალმა შერისხა, განდევნა და ადამიანი მკვდარივით დაეცაო. ასეთი შემთხვევები სოხუმში უფრო ხშირი იყო. თბილისში სულ ორი შემთხვევა მახსენდება. კვეთებულის ლოცვა განსაკუთრებულია - ეს მიმართვაა უფლისადმი, რომ მან დაუშვას მადლი და ადამიანისგან ეშმაკი განდევნოს.

დეკანოზი აკაკი მელიქიძე 2018 წელს სამეფო კლუბის საპატიო წევრად აირჩიეს

- როგორ უნდა განვასხვაოთ "ეშმაკეულია" თუ არა დაავადება:

მამა აკაკი: ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის დროს შეიძლება კვეთებულის ლოცვის წაკითხვა.. თუ კვეთებულია, აუცილებლად ექნება რეაქცია. ჩემი ფოფოდია რომ საუბრობს თავის მოძღვარზე, რომელსაც მაშინ დიმიტრი ექვა მერე საბა დაერქვა, ჩემს თვალწინ წაიკითხა კვეთებულის ლოცვა, ჯვარს სახავდა და მის თვალწინ კანკალებდა ადამიანი. მაშინ პირველად ვნახე ეშმაკთან შეხება. მაშინ დავინტერესდი იქნებ მეც გავაკეთო მეთქი და დავიწყე კვეთებულის ლოცვის წაკითხვა

რწმენას დიდი ძალა აქვს. არის დაავადებები, რომლებსაც ექიმმა უნდა უმკურნალოს, თუმცა ზოგს პირდაპირ ვუქადაგებ და ვეუბნები, რომ რწმენით გან იკურნება. ერთ ბავშვს არანაირი იმედს არ აძლევდნენ აქ, გერმანიაში წაიყვანეს მშობლებმა. მაშინ მე მომმართეს. აქ პარაკლისი ჩავატარე, ამ პარაკლისმა მოარჩინა.

წყარო: ჟურნალი "სარკე"