კამალა ჰარისს არ აქვს გონებრივი შესაძლებლობები, რომ ჩემს წინააღმდეგ ნამდვილ დებატებში ჩაერთოს, რომელიც პენსილვანიაში 4 სექტემბერსაა დაგეგმილი, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ში წერს.
მისი თქმით, ის ჰარისს 4 სექტემბერს შეხვდება, ან დებატები საერთოდ არ შედგება.
"მე მას ვნახავ 4 სექტემბერს, ან საერთოდ არ ვნახავ. ის აღიარებულია, როგორც ყველაზე ცუდი ვიცე-პრეზიდენტი ისტორიაში, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ყველაზე ცუდი პრეზიდენტის, თაღლითი ჯო ბაიდენის წინააღმდეგ. ამ ორი დაბალი IQ-ს მქონე ინდივიდის კომბინაციამ გაანადგურა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, - აცხადებს ტრამპი.
შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები, დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი პირველი დებატების თარიღსა და მასპინძელ მაუწყებელთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევენ. ჰარისის საარჩევნო გუნდი დებატების ჩატარებას ABC News-ზე 10 სექტემბერს ითხოვს, ისე, როგორც ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის იყო დაგეგმილი, დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო რბოლის დატოვების შემდეგ ABC News-ზე დაგეგმილი დებატები შეწყდა და დათანხმდა Fox News-ის შეთავაზებას კამალა ჰარისთან დებატების 4 სექტემბერს გამართვასთან დაკავშირებით.