ავტორი:

"ბევრჯერ პირდაპირ უკითხავთ - თქვენ უნდა გამიკეთოთ ოპერაცია?! ამას გაგებით ვეკიდები" - 32 წლის მედიცინის დოქტორის გზა სენაკიდან მსოფლიოს წამყვან კლინიკებამდე

"ბევრჯერ პირდაპირ უკითხავთ - თქვენ უნდა გამიკეთოთ ოპერაცია?! ამას გაგებით ვეკიდები" - 32 წლის მედიცინის დოქტორის გზა სენაკიდან მსოფლიოს წამყვან კლინიკებამდე

"ოფთალმოლოგიაში საკმაოდ ბევრი პათოლოგია საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტი მათ მხოლოდ მაშინ ამჩნევს, როდესაც მხედველობა უკვე შეუქცევადადაა დაკარგული. მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის პათოლოგიები აუცილებლად საჭიროებს სისტემატურ ოფთალმოლოგიურ კონსულტაციას... 40 წლის ზევით კი წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი... მხედველობის პროგრესირებადი დაქვეითება, გაორება, თვალების ტკივილი და მოჭერის შეგრძნება, ნათებები და შავი წერტილები თვალების წინ, მხედველობის გარდამავალი დაბინდვა - ის სიმპტომებია, რომლის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია ოფთალმოლოგთან ვიზიტი,“ - აღნიშნავს 32 წლის ანა დვალიშვილი, ოფთლამო-ქირურგი, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ახალგაზრდა ხელმძღვანელი.

როგორც ანა დვალიშვილი გვეუბნება, თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება ჯანმრთელი თვალების მოვლა და მხედველობის შენარჩუნება. სტრესი, არასწორი კვება, სპეციფიკური სამუშაო პირობები, დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები, ხშირად თვალის სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზი ხდება. ინტერნეტი და კომპიუტერი 21-ე საუკუნის ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამასთან, იხვეწება მკურნალობის მეთოდები და თვალის სხვადასხვა პათოლოგიის დიაგნოსტიკის ტექნოლოგიები. თვალის დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე ახალგაზრდა სპეციალისტის ხელმძღვანელობით აქტიურად მუშაობენ მისი კლინიკის ექიმები.

ამჟამად ანა დვალიშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე მასაჩუსეტსის თვალის კლინიკაში იმყოფება, სადაც გლაუკომისა და ბადურას ქირურგიის მკურნალობის ახალ მეთოდებს ეცნობა. ატარებს ყველა სირთულის ქირურგიულ მკურნალობას თვალზე.

- სენაკში დავიბადე და სკოლა სენაკში დავამთავრე. ბებია და ბაბუა მასწავლებლები იყვნენ. დედა ექიმია, ამიტომ ბავშვობიდან მქონდა შეხება პაციენტებთან, მაგრამ ოფთალმოლოგობაზე თავიდან არ მიფიქრია. ეს სტუდენტობის ბოლო წლებში მოხდა... სამედიცინოს სტუდენტისთვის, შემდგომი პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული საკითხია და ხშირად ძნელია გადაწყვეტილების მიღება. გამიმართლა, ჩემი პროფესია ყოველდღიურად უფრო და უფრო მიყვარდება, რაც ნაწილობრივ ალბათ ჩემი მასწავლებლების დამსახურებაა.

- სწავლა თავიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყეთ?

- დიახ, 2009 წელს ჩავაბარე. 2015 წელს სწავლის დასრულების შემდეგ მინსკში, რეზიდენტურაში, კონკრეტულად, ოფთალმოლოგიის მიმართულებით დავიწყე სწავლა. მინსკის ოფთალმოლოგიის რესპუბლიკურ ცენტრში ორ წელიწადზე მეტი გავატარე. საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე. გავიცანი და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბელორუსის მთავარმა ოფთალმოლოგმა, ტატიანა იმშინეცკაიამ, რომელიც ჩემთვის მაგალითის მომცემა. ოფთალმოლოგიის სრულფასოვნად შესწავლაში დიდი დახმარება გამიწია. დღესაც ახლო ურთიერთობას ვინარჩუნებთ, სწორედ ის არის ჩემი სამეცნიერო სადისერტაციო ნაშრომის თანახელმძღვანელი.

- შემდეგ იყო თურქეთის თვალის აკადემია, ხომ?

- დიახ და პარიზის გლაუკომის უნივერსიტეტი, ასევე ვენის ჰანუშ კრაკენჰაუსის კლინიკა - ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებით. კარიერული ზრდისთვის და პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო კატმანდუში - ნეპალის თვალის ინსტიტუტში გატარებული 6 თვე, როდესაც თვალის უკანა მონაკვეთის ქირურგიას დავეუფლე. რთული იყო, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გამოცდილება მივიღე. რამდენიმე თვის წინ ჩემს უცხოელ კოლეგებთან ერთად კატმანდუში მონაწილეობა მივიღე პროექტში, რომლის მიზანია ნეპალში სიბრმავის დამარცხება.

- და რას ითვალისწინებს?

- პაციენტებისთვის უფასო ამბულატორიულ და ქირურგიულ მკურნალობას, რომელთაც ამის ფინანსური საშუალება არ აქვთ. 2 თვის განმავლობაში ცენტრალური დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ვუტარებდით. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც ესაჭიროებოდათ ქირურგიული ჩარევა, საშუალება ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ მკურნალობა. დიდი პატივი იყო მსოფლიოში ცნობილ ოფთალმო-ქირურგებთან ერთად ასეთ კეთილ საქმეში მონაწილეობა.

- ერთ-ერთ წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკაში ასეთ ახალგაზრდა ასაკში, ასეთი საპასუხისმგებლო მიმართულების ხელმძღვანელი ხართ. როგორ მოხვდით ამ თანამდებობაზე?

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე, საქმიანობა ჩემს ქვეყანაში გამეგრძელებინა. შემდეგ შეხვედრა მქონდა ბატონ გოჩა ინგოროყვასთან, რომელიც გამორჩეულად მახსოვს. მანამდე, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი. ბატონ გოჩა სამედიცინო სფეროში ყველა იცნობს, პატივს სცემს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა და შეაქვს ქართული თანამედროვე მედიცინის განვითარებაში. მასთან შეხვედრამდე, ვერ წარმოვიდგენდი თუ წინ ეს შემოთავაზება მელოდა. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ის იყო, რომ ოფთალმოლოგიაში ყველა ახალი დიაგნოსტიკურ და მკურნალობის მეთოდებში დეტალურად ერკვევა. განსაკუთრებით საამაყოა, რომ კლინიკაში ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ფორმირება სწორედ ჩემი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ამიტომაც ადმინისტრაციის სრული ჩართულობითა და თანადგომით, ვნერგავ იმ გამოცდილებასა და მიდგომებს, რაც ევროპის საუკეთესო კლინიკებში მივიღე.

- უცხოეთში მიღებული განათლების შემდეგ საქართველოში იშვიათად ბრუნდებიან... ისიც იშვიათობაა, რომ 32 წლის ასაკში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ხართ. ეს ალბათ დიდი შრომის შედეგია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?

- ალბათ აქ მიზნის ქონა და შრომისმოყვარეობაა მთავარი. ვიცოდი, რომ ქართულ განათლებასთან ერთად, აუცილებელი იყო, მენახა თუ როგორ ვითარდებოდა სხვა ქვეყნებში ოფთალმოლოგია. ამაში ძალიან დამეხმარა სასწავლო გრანტები. ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის სასწავლო გრანტი, ევროპის გლაუკომის ასოციაციის სასწავლო გრანტი, ევროპის კატარაქტალური და რეფრაქციული ქირურგიის სასწავლო გრანტი, ევროპის ბადურას ასოციაციის სასწავლო გრანტი, თურქეთის თვალის აკადემიის სასწავლო გრანტი. ამ ყველაფერმა საშუალება მომცა, რეზიდენტურის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გამეგრძელებინა მოღვაწეობა. შემდეგ იყო ნეპალის საოცარი გამოცდილება და ახლა ამერიკის შეერთებული შტატები. ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველოში უნდა გამეგრძელებინა საქმიანობა და ეს ცხოვრების ყველა ეტაპზე მეტ მოტივაციას მაძლევდა. არასდროს მიფიქრია სხვა ქვეყანაში დარჩენაზე, კარიერის გაგრძელების მიზნით, ვიცოდი, რომ ცოდნა, რაც მქონდა, საქართველოში უნდა გამომეყენებინა.

- თქვენი ასაკის გამო პაციენტის მხრიდან, თუ ყოფილა ოდესმე უნდობლობა?

- ძალიან საინტერესო რამ დავაფიქსირე, რაც ჩემი სტუდენტობის დროს არ შემიმჩნევია. მოსახლეობაში ძალიან არის გაზრდილი ნდობა ახალგაზრდა ექიმების მიმართ. პაციენტები ხშირად თვითონ აღნიშნავენ, რომ ურჩევნიათ ახალგაზრდა, ევროპული გამოცდილების ექიმთან მკურნალობა. თუმცა, როდესაც საქმე ქირურგიას ეხება, ბევრჯერ პირდაპირ უკითხავთ - თქვენ უნდა გამიკეთოთ ოპერაცია?! ამას ყოველთვის გაგებით ვეკიდები...

- რა პრობლემები აწუხებთ ხშირად თქვენს პაციენტებს?

- ყველაზე ხშირია მხედველობის ასაკობრივი დაქვეითება, რაც უმეტესად ბროლში ასაკობრივი ცვლილებებით არის გამოწვეული. ხშირად გვხვდება პაციენტები გლაუკომის დიაგნოზით, სამწუხაროდ, ხშირია პაციენტები გლაუკომის უკვე ბოლო სტადიით, რომელიც მკურნალობას აღარ ექვემდებარება. ამიტომ აუცილებელია, პაციენტებმა, განსაკუთრებით 40 წლის შემდეგ, წელიწადში ერთხელ მაინც გაიარონ ოფთალმოლოგის კონსულტაცია. ქრონიკული დაავადებებიდან აღსანიშნავია შაქრიანი დიაბეტის და თირკმლის პათოლოგიის მქონე პაციენტები, რომლებიც ხშირად კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებენ. ამიტომ ოფთალმოლოგიას მჭიდრო კონტაქტი აქვს ნეფროლოგიასთან, ნევროლოგიასთან, ენდოკრინოლოგიასთან. სექტემბრიდან განვაახლებთ სოციალურად დაუცველი და პენსიონერი მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს, ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია დაავადების ადრეული დიაგნოსტირება, რათა თავიდან ავაცილოთ სიბრმავის შემთხვევები.

- გლაუკომა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა...

- გლაუკომას ყველაზე გავრცელებულ ფორმას ახასიათებს უსიმპტომო მიმდინარეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს გლაუკომა, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს. გვყოლია პაციენტები მაღალი ცენტრალური მხედველობითა და შორსწასული გლაუკომის დიაგნოზით. სამწუხაროა, რომ დაზიანებული ნერვული ბოჭკოების აღდგენა არ ხდება, ამიტომ ის პერიფერიული მხედველობა, რომელიც დაიკარგა, თითქმის შეუძლებელია აღდგეს. თუმცა თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდებით ვახერხებთ გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკას და მკურნალობის ტაქტიკის ინდივიდუალურ შერჩევას თითოეულ პაციენტში. ჩართულები ვართ გლაუკომის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შექმნასა და საქართველოში დანერგვაში.

გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ბელარუსის ოფთალმოლოგიის რესპუბლიკურ ცენტრთან, ნეპალის თვალის ინსტიტუტთან და ჰარვარდის გლაუკომის ცენტრთან. გლაუკომის ბოლო სტადიისა და მტკივნეული გლაუკომის დროს საკმაოდ აქტიურად იყენებენ ენუკლეაციის ანუ თვალის ამოღების მეთოდს, რაც საკმაოდ რთულია პაციენტისათვის, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ვიზუალური კუთხით. ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ პაციენტს თვალი, როგორც ორგანო. ამისათვის აქტიურად ვიყენებთ ყველა სახის შუნტებს, ასევე გლაუკომის ტრადიციულ ქირურგიას. მაქსიმალურად ვცდილობთ შესაძლებლობების ფარგლებში მივმართოთ ნაკლებ ინვაზიურ მიდგომებს. საუბრის ბოლოს საქართველოს მოსახლეობას, თქვენს მკითხველს ჯანმრთელობას ვუსურვებ.