ავტორი:

"ორი წელი ციხეში იჯდა - სიდედრი დაჭრა, მერე ფსიქიატრიულში იყო" - რას ჰყვება მარტვილის სოფელ აბედათში მოკლული მამაკაცის და ბრალდებულზე?

"ორი წელი ციხეში იჯდა - სიდედრი დაჭრა, მერე ფსიქიატრიულში იყო" - რას ჰყვება მარტვილის სოფელ აბედათში მოკლული მამაკაცის და ბრალდებულზე?

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში კაცმა სანადირო თოფით მეზობელი მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მალხაზ კვიტატიანმა ჯამბულ კინტირაიას სანადირო თოფიდან, დაახლოებით, დილის 6 საათზე ესროლა.

გარდაცვლილის და, ტელეკომპანია "მთავართან “აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენამდე ჯერ ციხეში იჯდა, შემდეგ კი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

"ეს ბიჭი იყო ფსიქიკურად ავად. ორი წელი ციხეში იჯდა - სიდედრი დაჭრა, მერე ფსიქიატრიულში იყო. იქიდან გამოუშვეს სატანებმა, მერე მივიდა და თოფი იყიდა. ამ დილას შევიდა მეზობელთან, ჯერ იმას დაემუქრა...

მერე ჩემი ძმა ექვს საათზე მოვიდა, ხომ გააღვიძეს, გამოვიდა და საწყალს სიგარეტი ეკავა ხელში, აქვე დაჯდა, დაუმიზნა და პირდაპირ ესროლა", - ამბობს და.

ადგილობრივების თქმით, მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს შორის კონფლიქტზე არაფერი სმენიათ, მეტიც, მათი მტკიცებით ბრალდებული მარტო ცხოვრობდა, ჯამბულ კინტირაია კი ხშირად ეხმარებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები, 1964 წელს დაბადებული ჯ.კ. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ჯ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.