გერმანულენოვანი მწერალი და ნოველისტი პრაღიდან, რომელმაც მე-20 საუკუნის ლიტერატურაზე წარუშლელი კვალი დატოვა ეს ფრანც კაფკაა, ალბერ კამიუს, მილან კუნდერასა და გაბრიელ გარსია მარკესის რჩეული ავტორი.
მისი შემოქმედება გაჯერებულია ფანტასტიკისა და რეალიზმის ელემენტებით, მთავარი გმირები კი როგორც წესი, საზოგადოებისგან იზოლირებული პროტაგონისტები არიან. მათთვის გაუსაძლისია თავიანთი მდგომარეობა, თუმცა ვერაფერს ცვლიან და ეგუებიან.
კაფკას პერსონაჟებს ტანჯავთ ეგზისტენციალური კრიზისი, დამნაშავის ფსიქოლოგია, მარტოობა და აბსურდულობა, რაც კარგად არის ასახული მის „მეტამორფოზაში“. ინგლისურ ლიტერატურაში არსებობს ასეთი ტერმინიც - Kafkaesque, რაც აბსურდული სიტუაციების კაფკასეულ აღწერას გულისხმობს.
ვინ იყო ფრანც კაფკა?
თუ პრაღაში ერთხელ მაინც მოხვედრილხართ, ფრანც კაფკას მიმართ ჩეხების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას შეამჩნევდით. ავტორს აქ განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. შეუძლებელია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ვლტავას სანაპიროზე სეირნობისას არ წააწყდეთ კაფკას სახლ-მუზეუმს, რომელიც მწერლის ცხოვრების შესახებ გვიამბობს. თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, „კაფკას თავი“ კი, რომელიც ათასობით ნაწილად იშლება და შემდეგ ერთდება, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ავტორს ჩეხეთის და ზოგადად ევროპისთვის.
ფრანც კაფკა 1883 წელს გერმანულენოვან ებრაულ ოჯახში დაიბადა. იმ პერიოდში პრაღა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ბოჰემიის სამეფოს დედაქალაქი იყო. კაფკამ მიიღო იურისტის განათლება და დასაქმდა დასაზღვევო კომპანიაში, რის გამოც წერას სასურველ დროს ვეღარ უთმობდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში მწერალმა ათასობით წერილი მისწერა ოჯახსა და უახლოეს მეგობრებს, მათ შორის მამას, რომელთანაც ფორმალური ურთიერთობა ჰქონდა.
არასდროს დაქორწინებულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე იყო დანიშნული. მწერალი მთელს თავისუფალ დროს წერას უთმობდა, ნოველების შექმნაში ხანდახან ღამეებსაც ათენებდა ხოლმე. სამწუხაროდ, მწერალს არ სჯეროდა, რომ მის შემოქმედებას მაღალმხატვრული ღირებულება ჰქონდა, ამიტომ ნამუშევრების 90% თავად დაწვა, ხოლო ნაწილი დაკარგულად მიიჩნევა.
სიცოცხლის განმავლობაში მწერლის მხოლოდ რამდენიმე ნაწარმოები გამოქვეყნდა, მათ შორის იყო „მეტამორფოზა“, რომელიც ადგილობრივ ლიტერატურულ ჟურნალში დაიბეჭდა და იმ პერიოდისთვის მკითხველის დიდი ყურადღება ვერ დაიმსახურა.
1917 წელს კაფკას ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც რამდენიმე თვით საცხოვრებლად გადავიდა ბოჰემიის ერთ-ერთ სოფელში, სადაც მისი და ცხოვრობდა და მუშაობდა. მწერალი აქ თავს იმდენად კომფორტულად გრძნობდა, რომ ეს პერიოდი თავისი ცხოვრების საუკეთესო ეტაპად შეაფასა, შეიძლება იმიტომ, რომ პასუხისმგებლობებისგან თავისუფალი იყო.
მთელი ცხოვრების განმავლობაში მწერალი ფიქრობდა, რომ ის საზოგადოებისთვის მენტალურად და ფიზიკურად მიუღებელი იყო, თუმცაღა მისი თანამედროვეების გადმოცემით, კაფკა გამოირჩეოდა გონებამახვილობითა და იუმორის გრძნობით.
ფრანც კაფკას შეხედულებებს ყველაზე მეტად სოციალისტური იდეოლოგია ემთხვეოდა. პირველ მსოფლიო ომამდე მწერალი ჩეხი ანარქისტების შეკრებებს ესწრებოდა. მოგვიანებით თავის ჩანაწერებში ის სიმპათიას გამოხატავდა სოციალისტური სიონიზმის მიმართ. თუმცაღა საბოლოო ჯამში, მწერალი პოლიტიკურად პასიური იყო.
ფრანც კაფკა 1924 წელს ტუბერკულოზის გართულებით გარდაიცვალა. მისი ნაშრომების უმეტესობა საჯარო მხოლოდ ამის შემდეგ გახდა.
კაფკას ერთ-ერთი უმთავრესი ნაწარმოებია „პროცესი“, რომელიც პირველად 1925 წელს გამოქვეყნდა, თუმცა 1914-1915 წლებშია დაწერილი. რომანი მოგვითხრობს კაცზე, რომელიც დაუდგენელმა ორგანომ დააკავა და დასაჯა. მისი ბრალის დადგენა უჭირს მკითხველსაც. კაფკა სიურრეალისტურად მოგვითხრობს მთავარი გმირის ცხოვრებას, რომელიც ამავდროულად, ძალიან შეიძლება ჰგავდეს ჩვენსას.
„პროცესი“ ერთ-ერთი წიგნია მათ შორის, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეს სანამ ცოცხალი ხარ. „პალიტრა L-ის“ ამავე დასახელების ახალ პროექტშიც სწორედ ამიტომ შეიყვანა მკითხველმა. „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, წინამორბედი პროექტის გაგრძელებაა და აერთიანებს ისეთ წიგნებს, რომელმაც საზოგადოებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.
წიგნის ახალი გამოცემა უკვე ხელმისაწვდომია შეძენა შესაძლებელია როგორც „ბიბლუსში“, ასევე ონლაინ, ვებგვერდზე www.palitral.ge.
„პროცესი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია, რომელიც ადამიანის გაუცხოებისა და ავადმყოფობის, დანაშაულის განცდისა და შფოთვის, აუხდენელი ოცნებებისა და ტანჯვის შესახებ გვიამბობს.