საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი საქართველოს ეროვნული გმირი - ქაქუცა ჩოლოყაშვილი განსაკუთრებით 80-იანი წლებიდან ხდება პოპულარული, როცა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარდაჭერა ძლიერდება და ნაციონალისტური პოლიტიკური იდეოლოგია ძალებს იკრებს. ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტი დემონსტრანტებს ხშირად მიჰქონდათ მაშინდელ საპროტესტო აქციებზე.
შემდეგში ქართველთა სიმამაცის ერთ-ერთ სიმბოლოდ და ბოლშევიკების დაუძინებელ მტრად ქცეული - ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1921 წელს არ ტოვებს სამშობლოს, როცა საბჭოთა ჯარები ანადგურებენ ყველას და ყველაფერს, რაც მათ წინააღმდეგაა მიმართული.
ბოლშევიკური ძალების შემოსვლის გამო, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა იძულებულია, ბათუმიდან ემიგრაციაში გაიქცეს. ამ დროს ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამეგრელოშია, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იყო მივლენილი ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად. ის აგრძელებს მტრების წინააღმდეგ ბრძოლას.
„ქაქუცას ყველა თანამედროვე აღიარებდა მის პიროვნულ მიმზიდველობას: ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო ქართველი რაინდის განსახიერება. ლამაზი, დახვეწილი სწორი ნაკვთებით, არისტოკრატული მანერებითა და ამაყი მზერით. უშიშარი, მაგრამ იმავდროულად, ფრთხილი და გონიერი. გამოირჩეოდა თავდაჭერით, ქალებთან რაინდული დამოკიდებულებით, ცხენზე ჯდომითა და ჯირითით. კარგად ცეკვავდა, დაუვიწყარია მის მიერ შესრულებული "ლეკური", - წერს ჟურნალი „ისტორიანი“.
ვინ იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილი და რა როლი მიუძღვის მას ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში? - გთავაზობთ მისი ცხოვრების მოკლე დისკურსს:
ქაქუცა 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა ჩოლოყაშვილთა საგვარეულო სოფელ მატანში იოსებ ჩოლოყაშვილისა და დარია გოგნიაშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში. 21 წლისა ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, საიდანაც ოფიცრის ჩინით დაბრუნდა. დამოუკიდებლობის წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში და მონაწილეობდა იმ პერიოდში გადახდილ ყველა ბრძოლაში. მასზე წერდნენ თავიანთ მოგონებებში გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწეები გიორგი კვინიტაძე და გიორგი მაზნიაშვილი.
1921 წელს საქართველო ბოლშევიკებმა დაიპყრეს. მთავრობა ემიგრაციაში გაემგზავრა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი კი დარჩა, რადგანაც სამშობლოს განსაცდელში მიტოვება არ შეეძლო. ქართველი ხალხის აჯანყებისთვის მზადებას მეთაურობდა სამხედრო ცენტრი, რომელიც 1922 წლის მარტში ჩამოყალიბდა გენერალ კოტე აფხაზის ხელმძღვანელობით. ცენტრმა კახეთში პარტიზანული რაზმების მეთაურობა ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაავალა, ხოლო ქართლში – მიხეილ ლაშქარაშვილს.
1922 წლის 12 მარტს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი რაზმელები – მიხა ბალიაშვილი, ალექსანდრე სულხანიშვილი, ვასო თამაზაშვილი, ელიზბარ ვაჩნაძე, რაფიელ ერისთავი, ალექსანდრე ბადურაშვილი და სხვები ტყეში გავიდნენ, რაც ბოლშევიკებისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ამავე წელს იქმნება შეფიცულთა რაზმი, რომელიც მტერს პირველად სიღნაღში შეებრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ შეფიცულთა რაზმი ბოლშევიკებს მოსვენებას არ აძლევდა, საბოლოოდ, ქაქუცა იძულებული გახდა, თავი ჯერ ხევსურეთისთვის, შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიისთვის შეეფარებინა, სადაც კავკასიელი ხალხების აჯანყებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა. თუმცა ღალატმა, რომელსაც 1923 წელს შეფიცულთა დახვრეტა მოჰყვა, პროცესები სხვაგვარად წარმართა.
აჯანყებისთვის მზადება მაინც გრძელდება. 1923 წლის დეკემბერში ქაქუცა თავის ორ შეფიცულთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და აჯანყების ორგანიზატორ სამხედრო კომისიასთან ერთად გეგმა განიხილა. მთელი რვა დღე დარჩა ქაქუცა თბილისში, თუმცა ჩეკისტებმა მის კვალს ვერ მიაგნეს.
1923 წელსვე საგურამოს რაიონში ქაქუცას ხელში ჩაუვარდა დიდი ილიას მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი. რაზმელებს მისი მოკვლა უნდოდათ, მაგრამ ქაქუცამ ნება არ დართო და ცალკე დასაკითხად წაიყვანა. თურმე დაკითხვის დროს ბერბიჭაშვილი მთლად ცახცახებდა და სიკვდილის შიშით სრული სიმართლე უთქვამს. ქაქუცას გამოურკვევია, რომ ბერბიჭაშვილისთვის ილიას მკვლელობა ფილიპე მახარაძეს დაუვალებია, თანაც სამი თუმანი მიუცია სახარჯოდ, დანარჩენს კი სამომავლოდ შეჰპირებია; გარდა ამისა, აღუთქვამს, თუ ამ საქმეს გააკეთებდა, მთელი ცხოვრება პენსიით იქნებოდა უზრუნველყოფილი. ილიას წიწამურში გამოვლის დრო კი მისთვის მეეტლე თედო ლაბაურს შეუტყობინებია. ქაქუცას ბერბიჭაშვილი გაუშვია, როცა დრო მოვა, მისი ჩვენება გამოგვადგებაო.
დაინიშნა საყოველთაო აჯანყება, რომელიც ყველგან ერთდროულად, 1924 წლის 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო. საბედისწერო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჭიათურაში აჯანყებამ 24 საათით ადრე, 28 აგვისტოს იფეთქა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მაინც სცადა აჯანყების ბედის შეტრიალება. მან აიღო მანგლისი, დუშეთი, გაიმარჯვა სვიმონიანთხევსა და ხევგრძელაზე გამართულ სასტიკ ბრძოლებში, თუმცა შეიტყო დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ გამოცხადებული პროკლამაციის შესახებ, რომლის თანახმადაც აჯანყება დამარცხდა. ამასთან, აჯანყებულებს უკვე აღარ შეეძლოთ თბილისის აღება, რადგან ბოლშევიკები კარგად იყვნენ შეტევისთვის მომზადებულები. საბოლოოდ, ქაქუცა ჩოლოყაშვილს ქვეყნის დატოვება მოუწია.
1924 წელს საქართველოს ეროვნული გმირი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოსმალეთის გავლით საფრანგეთში ჩადის, თუმცა იცის, რომ ჩეკისტები მის ახლობლებს სასტიკად სდევნიან და ავიწროებენ, რაც მის ცხოვრებას მძიმე დაღს ასვამს. განუწყვეტელი დარდი, ოჯახის მონატრება და ძველი ჭრილობები მალევე აისახება მის ჯანმრთელობაზე. 1930 წლის 27 ივნისს სანატორიუმში ხდება ცუდად. სიკვდილის წინ კრემაცია ითხოვა, იქნებ ასე მაინც მოვხვდე საქართველოშიო, თუმცა თხოვნა არ შეუსრულეს, დაენანათ....
2005 წელს საქართველოს ეროვნული გმირის ბოლო ნატვრა ასრულდა. მისი ნეშტი საფრანგეთიდან გადმოასვენეს და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
წყარო: ჟურნალი „ისტორიანი“