სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. აქციის სამმა მონაწილემ კი პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
“სამართალს ვერ მივაღწიეთ, ვერც კომპანიასთან და ვერც მთავრობასთან. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შიმშილობა დავიწყოთ. რამდენიმე ადამიანი პირს იკერავს, რათა ჩვენი სოფელი გადარჩეს.
მილიარდობით მადანი ჩვენი კუთვნილი ნაკვეთებიდან გააქვთ. ჩვენი სახლი სადაც არის, იქ, თვითონ კომპანიამ ვახტები დახურა. იმიტომ გაიყვანა, რომ იქ მუშის შესვლა უკვე აკრძალული იყო და არ შეიძლებოდა. იქ ჩვენი სახლებია და იქ ვცხოვრობთ. რაიმე რომ მოხდეს და ვინმე დაიღუპოს, ვინმე პასუხისმგებელი არის?“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, თუ გამოხმაურება კომპანიის მხრიდან არ იქნება და სახელმწიფო მათ პრობლემებში არ ჩაერევა, ქალებიც შიმშილობას დაიწყებენ.
“კაციშვილი ყურადღებას არ გვაქცევს. ყველა ინსტანციას მივმართეთ, თუ სადმე ხელი მიგვიწვდებოდა, მაგრამ ჩვენი პრობლემა არავის აწუხებს. ამიტომ გადავწყვიტეთ მივმართოთ შიმშილობის უკიდურეს ზომას. არავის ეგონოს, რომ რომელიმე ამას დათმობს, უკვე განწირულები ვართ და სიკვდილზე ხელი გვაქვს მოწერილი“, - აღნიშნა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან“ ზიანის ანაზღაურებას უკვე 173-ე დღეა ითხოვენ.