“როდესაც [სალომე ზურაბიშვილი] საარჩევნო კამპანიას ატარებდა და “ქართული ოცნება” ამ კამპანიაში მხარს უჭერდა, მაშინ “ოცნება” იყო ოცნება. ახლა, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა აღარ სჭირდება, თურმე კოშმარი გახდა“, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება.
თალაკვაძის თქმით, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და ამიტომ არ ენდობა ისეთ ძალებს და ლიდერებს, რომლებიც რამდენიმე თვეში ერთხელ ცვლიან თავის პოზიციას.
“რა თქმა უნდა, ეს არათანმიმდევრული და უპასუხისმგებლო განცხადებაა. სინამდვილეში, სწორედ “ქართულმა ოცნებამ” შეძლო ამ ქვეყანაში საზოგადოების მხარდაჭერით მშვიდობის დაცვა, უსაფრთხოების განმტკიცება, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის პროცესში არსებითი წინსვლის მიღწევა. ამ ყველაფრის შეცვლა, გადაწერა და გადაკეთება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომე ამას რა შეფასებას მისცემს ეს ისტორიას სულაც ვერ შეცვლის. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიუხედავად ძალიან მძიმე ზეწოლის, საფრთხეების, გარე თუ შიდა მტრების მოქმედებისა 12 წლის განმავლობაში შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ეკონომიკის გაორმაგება და ევროინტეგრაციის პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევა.
პოლიტიკაში ნდობა ერთ-ერთი უმთავრესია, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ განცხადებების გაკეთებას”, - აღნიშნა თალაკვაძემ. მისი თქმით, “საქართველო დღეს არის ბევრად უფრო განვითარებული, თავისუფალი, ეკონომიკურად ძლიერი და ევროპული სახელმწიფო, ვიდრე 12 წლის წინ“.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა”.