ავტორი:

რატომ დაიწყო აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა ქართველებზე ნადირობა? - "ყველგან რუსები პატრულირებენ ძაღლებით, თუ დაგიჭირეს, გცემენ და გაჯარიმებენ"

რატომ დაიწყო აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა ქართველებზე ნადირობა? - "ყველგან რუსები პატრულირებენ ძაღლებით, თუ დაგიჭირეს, გცემენ და გაჯარიმებენ"

აფხაზეთში სეპარატისტულმა რეჟიმმა აგვისტოში ქართველებზე ნადირობა დაიწყო - გალის სოფელ ბღურაში (მეორე ოტობაიაში) სამი ქართველი დააკავეს ბრალდებით, რომ ისინი ადამიანებს არაოკუპირებული საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში გამშვები პუნქტის გვერდის ავლით მალულად გადასვლაში ეხმარებოდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ვიდეოფირი, სადაც ჩანს, როგორ შეიჭრნენ და გაჩხრიკეს ძმების, რემიკო და მურთაზ ჭითანავების სახლი. აჩვენეს ნაცემი ბიჭები, ასევე ხელყუმბარები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და რამდენიმე ათეული ერთდოლარიანი. კონკრეტულად ვის "უკანონო" გადაყვანას“ ედავებიან ძმებს, არ თქმულა.

იმავე ვიდეოფირში ჩანს სამი პირის დაკავებაც, მათ შორის ორი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო მესამე, არჩილ საქანია, საქართველოს მოქალაქეა. ვიდეოში ნათქვამია, რომ საქანია რუსეთის ორ მოქალაქეს ეხმარებოდა აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. ყველა დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შემდეგ აფხაზური მედიის ცნობით, გალის სოფლებში ე.წ. უშიშროების სამსახურებმა რეიდები მოაწყვეს. როგორც სეპარატისტული რეჟიმი აცხადებს, ბოლო დროს აფხაზეთში უკანონო მიგრაციის ფაქტები ძალიან გახშირდა. აფხაზი ოპოზიციონერი ჟურნალისტების აზრით, ეს არის ძალოვანი უწყებების მორიგი შოუ“ და "კლოუნადა". გამოხმაურებები იყო აფხაზურ ტელეგრამარხებზეც. ზოგი წერს, რომ ქართველები აფხაზურ კანონებს პატივს არ სცემენ და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობენ, მეორე ნაწილს კი უკვირს, როდის მერე გახდა დოლარების ქონა უკანონობა და ნაჩვენები ასაფეთქებელი ნივთიერებების პოვნა თეთრი ძაფით ნაკერ საქმეს ჰგავს.

  • ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, რომელიც 2022 წლის 20 ივლისს დააკავეს „ჯაშუშობის ბრალდებით“და აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა და ირაკლი ბებუა, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის, "სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისა" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აფხაზეთის საპატიმროში 2022 წლიდან სასჯელს გალელი ასმათ თავაძე იხდის.

მას სახლში საქართველოს პასპორტი და სახელმწიფო სიმბოლიკები - დროშა და შევრონი აღმოუჩინეს. თავაძეს ნარკოტიკული საშუალების შენახვას ედავებოდნენ. 2024 წლის ივნისში აფხაზმა ბლოგერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასმათ თავაძე გაათავისუფლეს და საქართველოს ხელისუფლებას გადასცეს. ინფორმაცია სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმაც დაადასტურა.

დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბოლო დროს ქართული და თურქული "დანაშაულებრივი სტრუქტურების" წევრების აფხაზეთში "შეღწევის" ცდები გაიზარდა და ჯამში დაკავებულია 13 პირი, რომლებზეც აღძრულია სს საქმე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკანონოდ დაკავებულ ქართველებზე განცხადება მეორე დღეს, 21 აგვისტოს გაავრცელა. პირველ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია მათთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით. მოგვიანებით გავრცელდა მეორე განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ დამატებით გაირკვა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ“ და მიმდინარეობს მუშაობა მათ დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად...

"გალში ცხოვრება ყოველდღიური ბრძოლა და შიშია"

მაია, მეორე ოტობაიას მცხოვრები:

- ძმები ჭითანავები მშრომელი ხალხია, ზედ საზღვართანაა“მათი სახლი, ამიტომ მარტივი იყო მათთვის დაბრალება, რომ თითქოს მალულად გადაჰყავდათ ხალხი. სოფელში ამბობენ, რომ აფხაზი უშიშროების სამსახურის თანამშრომლები შეცვივდნენ, ჯერ ძაღლს ესროლეს, შემდეგ კი ბიჭებს სცემეს, ასაფეთქებლები და იარაღიც ჩაუდეს, რომ ბრალი დაუმძიმონ.

არ ვიცი, ახლა ვინმე მართლაც თუ გადადის მალულად, იმდენად გამკაცრებულია კონტროლი. სანამ მდინარემდე მიხვალ, მავთულხლართებია, ყველგან რუსები პატრულირებენ ძაღლებით. თუ დაგიჭირეს, გცემენ და გაჯარიმებენ. ამ გზით გალელებისთვის სახლში მისვლა დახრჩობისა და დაკავების რისკზე გადის, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა არ არის... მილიციის რეიდებიც გახშირდა. ადრე სახლებში შემოდიოდნენ და ამოწმებდნენ ქართული პასპორტი, დროშა ან რამე ქართული სიმბოლო ხომ არ გქონდა, ახლა უფრო ქუჩებში დადიან, ახალგაზრდებს ამოწმებენ სიმთვრალეზე, ნარკოტიკებზე, საბუთი აქვთ თუ არა. გალში ჩვენი ცხოვრება ყოველდღიური ბრძოლა და შიშია..წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: