ცნობილი ქართველი მოდელი ნათია მაქაცარია ათ წელზე მეტია, რაც ოჯახთან და სამ შვილთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მაქაცარიამ სოციალურ ქსელში მოკლე ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყო, სადაც ძირითადად მიმდინარე მოვლენების ანალიზს აკეთებდა და არსებულ ხელისუფლებას აკრიტიკებდა.
ნათია მაქაცარია:
- ვიღაცები მეკითხებიან, ზოგმაც საერთო ნაცნობებით შემომითვალა - რა უნდა ნათიას, რატომ აკეთებს ამ ვიდეოებს, რატომ ჩაერთო ასე პოლიტიკაშიო. ჯერ ერთი, მე პოლიტიკურად აქტიური არ ვარ, სოციალურად აქტიური ვარ. მოქალაქეობრივი ვალი მაქვს და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ამიტომაც ჩავერთე ვიდეოებით და გამოგეჩხირეთ თვალში. ღამე ვერ დავიძინებ, თუ რაიმე სათქმელი მაქვს და არ ვთქვი. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ყველამ ხმამ უნდა ამოიღოს. ვიღაცებისთვის ალბათ ის უფრო მისაღებია, რომ მიწებებული წამწამები ვაფახულო, რაღაც მივითხაპნო და მსგავსი ვიდეოები დავდო, ასევე ბიკინების სურათები, ზაფხულში როგორ მაგრად დავისვენე.
ყველას თავისი ცხოვრება აქვს, რაც უნდა ის აკეთონ, მაგრამ მე გამკვირვებია, როცა გეუბნებიან, მოგმართავენ ოფიციალურად ქვეყნის პირველი პირები, რომ თურმე ბოდიში უნდა მოუხადო ოს ძმებსა და დებს იმისათვის, რომ ტერიტორია წაგვართვეს, ხალხი დაგვიხოცეს, ამის შემდეგ ეს ფრაზა მაინც როგორ არ გახდა ვიღაცებისთვის მდუმარე, ნეიტრალური ელექტორატისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მხოლოდ არჩევნებზე მისვლა არის მოქალაქეობრივი ვალის შესრულება.
როგორ არ მივიდა, იმათ ტვინთან და გულთან რაღაც წერტილამდე, რაც გაძლევს სიგნალს, რომ უნდა აფეთქდე. ეს უკვე ის დროა, როდესაც აღარ შეიძლება ჩუმად იყო, მაგრამ ახერხებენ ამას და მე მეკითხებიან, რატომ ვარ ასეთი აქტიური.
ოსებს ბოდიში? როგორ გგონიათ, რამდენი დრო სჭირდება "ქართულ ოცნებას" იქამდე, თუ მოიგო, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რუსებისთვის გვახდევინოს ბოდიში?! ბოლოს რუსული კანონი რომ გავაპროტესტეთ მაგაზე გვახდევინებს ბოდიშს.
საქართველოში სპორტსმენს წარმატებას რომ მიაღწიოს, ერთი წიგნის წაკითხვა არ სჭირდება. ამერიკაში სპორტსმენები განათლებას იღებენ, საქართველოში კი ეს არ სჭირდებათ. რას მეუბნებით, რადგან ვიღაცამ შტანგა აწია, მაგიტომ მე მაგას ქვეყნის ბედი უნდა ვანდო?! რა იცის, იმან რა არის კარგი და რა არის ცუდი. დადუმებულები სხედან და მე მეუბნებიან, რომ ვითომ ჩემი ადგილი არ ვიცი.
მე რომ ნაციონალებს ვაპროტესტებდი, იმაზე ხელი არ მომიწერია, რომ ქოცები უნდა ყოფილიყვნენ 12 წელი და მეოთხედ მოსასვლელად ამდენი ებრძოლათ, თან ასეთი საზიზღარი მეთოდებით", - ამბობს ნათია მაქაცარია.