ავტორი:

აღმოჩენილია მასობრივი სასაფლაო, სადაც 300-ზე მეტი ახალშობილია დაკრძალული - მშობლები, რომლებიც შვილებს მთელ ბრიტანეთში ეძებდნენ, სასტიკი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ

აღმოჩენილია მასობრივი სასაფლაო, სადაც 300-ზე მეტი ახალშობილია დაკრძალული - მშობლები, რომლებიც შვილებს მთელ ბრიტანეთში ეძებდნენ, სასტიკი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ

ლინდა და არნოლდ მარსდენები ბრიტანეთში როიტონის სასაფლაოზე, ბალახით დაფარულ ადგილზე ყვავილებს ალაგებენ. ქალი დარდიანია, საუბარი არ შეუძლია. აღმოჩნდა, რომ წყვილმა, რომელიც უკვე 70 წელს გადასცდა, ახლახან მიაგნო იმ ადგილს, სადაც მათი პატარა გოგონა განისვენებს, რომელსაც წელს 49 წლის იუბილე უნდა ეზეიმა.

  • ევა 1975 წლის ახალი წლის ღამეს, Royal Oldham-ის საავადმყოფოში დაიბადა. გოგონა მშობლების მეორე შვილი იყო, მაგრამ დაბადებიდან ორ საათში გარდაიცვალა. მშობლებს შვილის ჩახუტების ან დამშვიდობების შესაძლებლობა არ მისცემიათ.

ევას მშობლები ახლა იმ ადგილას დგანან, სადაც ბრიტანეთში 300-ზე მეტი ჩვილი მასობრივ საფლავშია დაკრძალული.

დღეს, ჩვილის გარდაცვალების შემთხვევაში მშობლებს საშუალება ეძლევათ მწუხარებაში გაერთიანდნენ და გარდაცვლილთან ძვირფასი წუთები გაატარონ. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. 1950-იანი წლებიდან 1990-იან წლებამდე, გარდაცვლილი ბავშვები სწრაფად გადაჰყავდათ და ოჯახებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას, თუ სად იყვნენ ისინი დაკრძალულნი. სინამდვილეში კი, ბავშვები მასობრივ საფლავებში გადაჰყავდათ, რადგან, სავარაუდოდ, ისინი არ იყვნენ მონათლულნი.

როიტონის უპატრონო სასაფლაო ადგილობრივმა ქალმა აღმოაჩინა. ის დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა თავის ტყუპი ძმების, ნიკოლასისა და ლორენსის სამუდამო განსასვენებელს, რომლებიც 1962 წელს გარდაიცვალნენ. ერთი მათგანი გარდაცვლილი დაიბადა, მეორემ კი ხუთი საათის განმავლობაში იცოცხლა.

ქალი, რომელიც ანონიმურობას ინარჩუნებს, ამბობს, რამდენად დიდი ფსიქოლოგიური გავლენა იქონია მშობლებზე იმის არცოდნამ, სად იყვნენ დაკრძალული მათი შვილები.

"წლების განმავლობაში ვერ პოულობდნენ მათ. არანაირი ჩანაწერი არ არსებობდა. მშობლები ისე გარდაიცვალნენ, არ იცოდნენ, სად იყვნენ მათი ბიჭები დაკრძალული. მათ შეეძლოთ შვილების დაკრძალვის ხარჯების გადახდა, მაგრამ ეს არჩევანი არ მისცეს".

როგორც აღმოჩნდა, ბავშვები 303 სხვა უპატრონო ადამიანთან ერთად იყვნენ დაკრძალულნი.

უპატრონო სასაფლაოს აღმოჩენა შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ბევრი ოჯახისთვის. ლინდა და არნოლდს უთხრეს, რომ მათი ბავშვი, ევა, როიტონში იყო დაკრძალული.

მას შემდეგ, რაც როიტონში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, კიდევ 159 საფლავი აღმოჩნდა სასაფლაოს სხვა ნაწილში, ხოლო 50 — სხვაგან. მთლიანობაში, ამ სასაფლაოზე 500-ზე მეტი სხეულია დაკრძალული. რამდენიმე დღის შემდეგ, სხვა მასობრივი საფლავები აღმოჩნდა რამდენიმე მილის დაშორებით, ჩადერთონისა და გრინაკრესის სასაფლაოებზე.

ჯერ კიდევ 2020 წელს, ბრიტანეთში დეპუტატებმა განაცხადეს, რომ იმ ოჯახებს, ვინც 40 წელზე მეტი ხნის წინ დაკარგეს ბავშვები, უნდა უთხრან, სად არის მათი ნეშტები დაკრძალული.

"ჩვენ ამ დედებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ" — თქვა დეპუტატმა კაროლინ ჰარისმა იმ დროს.

წლების განმავლობაში, რამდენიმე ოჯახი ეძებდა მათი დაკარგული ბავშვების ბოლო განსასვენებელ ადგილს. ნაადრევად დაბადებულების მასობრივი საფლავები აღმოჩენილია დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის დევონში, მიდლსბროში და ჰადერსფილდში.

55 წლის შემდეგ, ენ და პიტერ რაიანები პირველად ეწვივნენ გრინეიქრესის სასაფლაოს, სადაც მათი ქალიშვილია დაკრძალული. ისინი ემოციურად განადგურდნენ, მაგრამ იქ მალე ისევ დაბრუნდებიან, რათა ყვავილები მიიტანონ გარდაცვლილი შვილის საფლავზე.

კიდევ ერთი მასობრივი საფლავი ვირალში ამ წლის დასაწყისში აღმოაჩინეს ჯინა ჯეიკობსის დაუღალავი ძალისხმევით. მან თავისივე გარდაცვლილი ბიჭის ნეშტი იპოვა ლანდიკანის სასაფლაოზე, ბირკენჰედში.

ჯეიკობსმა 1969 წელს ნაადრევად დაბადებული ბიჭი გააჩინა.

"იმ დროს არც კი გაძლევდნენ უფლებას, რომ ბავშვი გენახა, ხელში აგეყვანა, სახელი დაგერქმია. ცდილობდნენ, რაც შეიძლება სწრაფად დაემარხათ. ჩვენი თაობა დიდად არ აპროტესტებდა ამას, თუმცა ნებისმიერი ადამიანი, ვისაც თანაგრძნობა გააჩნია, არ დაუშვებდა, რომ მშობლებს თავისი შვილის საფლავი არ სცოდნოდა.

შვილის საფლავის აღმოჩენის შემდეგ, ჯინამ გადაწყვიტა, რომ მას რობერტი დაერქმია. ბოლო წლებში სასაფლაოზე ყველა დაკარგული ბავშვის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა.

80 წლის ჯინა, რომელიც უკვე დიდი ბებიაა, სხვა დედებსაც ეხმარება დაკარგული ბავშვების ნეშტების პოვნაში და უკვე 60-ზე მეტი ბავშვის ნეშტი იპოვა.

"მინდა, რომ მთავრობამ ბოდიში მოიხადოს," — ამბობს ჯინა. „მინდა, ვინმემ თქვას, რომ ბოდიშს ვიხდით, რომ ჩვენი შვილები არ გვანახეს, არ დაგვაჭერინეს, ჩვენ მათ ვერ დავარქვით სახელები."

წყარო