Harrods-ის თანამშრომლები ყოფილ ბოსს, ლონდონის მოდური უნივერმაღის Harrods-ის ყოფილ მფლობელ მამუჰამედ ალ-ფაიედს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
ხუთი ქალი ამტკიცებს, რომ მან ისინი გააუპატიურა, როდესაც იქ მუშაობდნენ.
BBC-მ მოისმინა 20-ზე მეტი ყოფილი თანამშრომლის ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ მილიარდერი, რომელიც შარშან 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, მათზე სექსუალურად ძალადობდა, მათ შორის საუბრობენ გაუპატიურების შემთხვევებზეც.
Harrods-ის ამჟამინდელმა მფლობელებმა განაცხადეს, რომ ისინი "აბსოლუტურად შეძრწუნებულნი" არიან ბრალდებებით. მათ გულწრფელად მოიხადეს ბოდიში და აღნიშნეს, რომ ალ-ალ-ფაიედის საქციელი "ცნობილი იყო მთელ კომპანიაში".
დოკუმენტური ფილმის, Al-Fayed: The Predator at Harrods-ის მიხედვით, პოლიციამ გაუპატიურების ბრალდება 2015 წელსაც გამოიძია, თუმცა ალ-ფაიედისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ერთ-ერთმა ქალმა განაცხადა, რომ მან პოლიციას 2018 წელს მიმართა, მაგრამ განუცხადეს, რომ ალ-ფაიედი, რომელსაც დემენცია ჰქონდა, სისხლის სამართლებრივი დევნისთვის ძალიან მოხუცი იყო. ინციდენტები მოხდა ლონდონში, პარიზში, სენ-ტროპესა და აბუ დაბიში.
ერთ-ერთი დაზარალებული ამბობს, რომ ძალადობის დროს არასრულწლოვანი იყო.
"მოჰამედ ალ-ფაიედი იყო მონსტრი, სექსუალური მტაცებელი მორალური პრინციპების გარეშე“, - ამბობს ის და დასძენს, რომ Harrods-ის ყველა თანამშრომელი მისი "სათამაშო“ იყო.
როგორც ამბობენ, იგი დადიოდა თავის მაღაზიებში და ეძებდა ახალგაზრდა ქალ თანამშრომლებს - შემდეგ კი ისინი სამუშაოდ თავის ოფისში მიჰყავდა.
შევიწროება ხდებოდა Harrods-ის ოფისებში, ფაიედის ლონდონის ბინაში ან საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს - ხშირად პარიზში, სასტუმრო Ritz-ში.
"უკაცრავად, მაგრამ ვინც ამბობს, რომ არ იცოდა, იტყუება. ცნობილი ფაქტია, რომ ის ძალიან დაინტერესებული იყო ახალგაზრდა გოგოებით,” - ამბობს ფაიედის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი წევრი.
ცნობისთვის, მუჰამედ ალ-ფაიედი სასტუმრო Ritz Paris-ის, Harrods-ის და საფეხბურთო კლუბ Fulham-ის მფლობელი იყო. იგი 2023 წელს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ალ ფაიედის ვაჟი, დოდი ალ ფაიედი, უელსის პრინცესას დიანას პარტნიორი იყო. წყვილი 1997 წლის აგვისტოში პარიზში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მუჰამედ ალ ფაიედი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის დაკვეთით მოაწყვეს.