ავტორი:

შიდა ქართლში მამაკაცს გერი, რომელიც შშმ პირი იყო, ორი თვე ოთახში ჰყავდა ჩაკეტილი და აშიმშილებდა - უმძიმესი დანაშაულის დეტალები

შიდა ქართლში მამაკაცს გერი, რომელიც შშმ პირი იყო, ორი თვე ოთახში ჰყავდა ჩაკეტილი და აშიმშილებდა - უმძიმესი დანაშაულის დეტალები

6 წელი მიუსაჯეს პირს, რომელსაც, პროკურორის განცხადებით, გერი, შშმ პირი ორი თვის მანძილზე ოთახში ჰყავდა გამოკეტილი. უმძიმესი ფაქტის შესახებ ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფაქტი შიდა ქართლში მოხდა და სასამართლო განხილვები ახლა დასრულდა.

  • ირკვევა, რომ მსჯავრდებულმა გერს, რომელიც შშმ პირი იყო და დამოუკიდებლად გადაადგილება, თავის მოვლა და კვება არ შეეძლო, თავისუფლება აღუკვეთა და არაადამიანურად ეპყრობოდა.

პროკურორის ინფორმაციით, მსჯავრდებულს მიაჩნდა, რომ გერი თავისი ოჯახისათვის წარმოადგენდა ზედმეტ ტვირთს.

"2022 წლის მარტიდან 5 მაისამდე პერიოდში ჩაკეტილი ჰყავდა სახლის საცხოვრებლად უვარგის, მცირე ზომის ოთახში, რომელშიც დაზარალებულს არ ჰქონდა ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, არ ჰქონდა სათანადო მოვლა და კვება, რის გამოც იგი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას'' - აღნიშნა პროკურორმა.

გამოცემის ცნობითვე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს დამატებით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

პროკურორი ოთარ დოხნაძე ითხოვდა უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრებას, მან გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. კერძოდ ითხოვდა იმ მუხლით გასამართლებას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

სასამართლომ განმარტა, თუ რატომ არ ჩათვალა ქმედება ,,თავისუფლების აღკვეთად''. სასამართლომ განაცხადა, რომ გამამართლებელი განაჩენი უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო მიიღო, ხოლო ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.