ავტორი:

"კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის ომმა წარუმატებლობა განიცადა" - ბაიდენის გამოსვლა და ფოტოები გაეროდან, სადაც დებატების გახსნას ირაკლი კობახიძეც დაესწრო

"კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის ომმა წარუმატებლობა განიცადა" - ბაიდენის გამოსვლა და ფოტოები გაეროდან, სადაც დებატების გახსნას ირაკლი კობახიძეც დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალური დებატები გაეროს გენერალური მდივნის და გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის გამოსვლებით გაიხსნა. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა.

"გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების თემაა - „არავის მიტოვება: ერთობლივი მოქმედება მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და ადამიანური ღირსების წინსვლისთვის ახლანდელი და მომავალი თაობებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერას არ შევასუსტებთ, ვიდრე უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს.

"კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის ომმა წარუმატებლობა განიცადა თავის მთავარ მიზანში. ის უკრაინის განადგურებას გეგმავდა, მაგრამ უკრაინა ჯერაც თავისუფალია. მას ნატოს შესუსტება სურდა, მაგრამ ნატო უფრო დიდია, უფრო ძლიერია, უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე”, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს არ შეუძლია უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ძალისხმევის შესუსტება.

"ახლა ჩვენს წინაშე კიდევ ერთი არჩევანი დგას: შევინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას, რათა უკრაინას ომში გამარჯვებასა და თავისუფლების შენარჩუნებაში დავეხმაროთ? თუ უკან დავიხევთ და აგრესიის ახალ ტალღასა და მთელი ერის განადგურებას დავუშვებთ?

ჩემი პასუხი ვიცი. არ შეგვიძლია საკუთარ თავს “დაღლის” საშუალება მივცეთ. არ შეგვიძლია შევტრიალდეთ. და უკრაინის ჩვენს მხარდაჭერას არ შევასუსტებთ - სანამ უკრაინა სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას არ მიიღებს გაეროს ქარტიის შესაბამისად,” - განაცხადა ბაიდენმა.