ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განმარტავს, რატომ გაუუქმდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევა.
"ბაიდენის ადმინისტრაციამ გაეროს ასამბლეის ფარგლებში ყოველწლიურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმა და უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე, რისი მიზეზიც გახდა მზარდი შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ ნეგატიური რიტორიკის მიმართ“, - აცხადებენ საელჩოში.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.
"ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
წაიკითხეთ ასევე: