მარო წერეთლის დღიური, რომელიც 20-წლიანი გადასახლებისა და საბჭოთა რეპრესიებზე მოგვითხრობს

მარო წერეთლის დღიური, რომელიც 20-წლიანი გადასახლებისა და საბჭოთა რეპრესიებზე მოგვითხრობს

“ნამდვილი ამბების თარო“ - ეს “პალიტრა L-ის“ ახალი სერიაა, რომელიც რეალური გმირების მიერ დაწერილ ისტორიებს მოგითხრობს. მათი პერსონალური ამბები ჩვენი ქვეყნის ისტორიის შეულამაზებელი ანარეკლია, რომელმაც წარუშლელი კვალი დაამჩნია თაობებს.

სერიაში გაერთიანებული წიგნები რეალური ამბებია საბჭოთა ოკუპაციის მიერ გადასახლებული ადამიანების, განადგურებული ოჯახების შესახებ, რომლებმაც გააგრძელეს სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის ბრძოლა. მათ შორის იყვნენ ალექსანდრე და მარო წერეთლები, რომლებიც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ და უმძიმესი ცხოვრება გამოიარეს. ყველაფერი, რაც მათ თავს გადახდათ, მარო წერეთელმა თავისი ჩანაწერებით შემოგვინახა, მისმა შვილთაშვილმა მარიამ წერეთელმა კი ერთ წიგნად შეკრიბა და გამოსაცემად მოამზადა.

ალექსანდრე წერეთელი - სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი, გამოჩენილი ისტორიკოსი და პედაგოგი ბურჟუაზიულ-ნაციონალისტური და ფაშისტური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით დააპატიმრეს. “ქართული საზოგადოებრივი კლუბის“ წევრობა, სადაც “ვეფხისტყაოსნის“ საღამოებს აწყობდნენ, ქვეყნის მტრობად ჩაუთვალეს, გადაასახლეს და 20 წლით მოაშორეს სამშობლოს, ოჯახსა და მეუღლეს.

უმძიმესი დროება დადგა მარო წერეთლისთვის, რომელიც 20 წლის განმავლობაში მისდევდა მეუღლის კვალს ცენტრალური აზიის უდაბნოებში, დაეძებდა მას მიმობნეულ ბანაკებში, სადაც ასევე საბჭოთა რეპრესიებს შეწირული ადამიანები იმყოფებოდნენ. სახლდებოდა მეუღლის მეზობლად და შეძლებისდაგვარად აწვდენდა მას ხმას, ამხნევებდა შორიდან და პარალელურად აკეთებდა ჩანაწერებს, რომელშიც დეტალურად აღწერდა საბჭოთა რეპრესიული მანქანის ზღვარდაუდებელ ბოროტებას და იმ განსაცდელს, რისი გავლაც მას უწევდა.

ჩანაწერები მალე წიგნის სახით იქნება ხელმისაწვდომი და ფართო საზოგადოება გაეცნობა მასში მოთხრობილ ისტორიებს, რომელიც ერთგვარი შეხსენებაც არის რუსული ოკუპაციის ფონზე. მარო წერეთლის შვილთაშვილი მარიამ წერეთელი დეტალურად გვიამბობს დღიურის აღმოჩენისა ამბავსა და მის ისტორიას:

- მარიამ, ალბათ თქვენი დიდი ბაბუისა და ბებიის ამბებზე გაიზარდეთ, რა კვალი დატოვა ამან თქვენზე?

მე და ჩემი ძმა დავიბადეთ და გავიზარდეთ იმ სახლში, სადაც ჩვენამდე ცხოვრების გარკვეული პერიოდი გაატარეს ჩვენმა დიდმა ბებია ბაბუამ ალექსანდრე და მარო წერეთლებმა. შესაბამისად სახლი, სადაც ჩვენ გავიზარდეთ იყო არა მხოლოდ ფიზიკურისივრცე, არამედ ადგილი, სადაც ისტორია და მეხსიერება ცოცხლობდა. თუმცა, ადრეულ ბავშვობაში ცხადია, ამას სათანადოდ ვერ ვიაზრებდით, შემდეგ კი უკვე დროსთან ერთად ამან უზარმაზარი მნიშვნელობა შეიძინა და დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე.

- რამდენადაც ვიცი, მარო წერეთლის ჩანაწერები რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეთ, როგორ მოხდა ეს?

- ხშირად ასეთი მნიშვნელოვანი ამბები თითქმის შეუმჩნევლად იწყება, სრულიად შემთხვევით მამაჩემმა ჩემთან ერთ- ერთი საუბრისას ახსენა, რომ მარო ბებიას ჰქონდა ჩანაწერების დღიური, რომელსაც გადასახლებაში ქმნიდა და რომელიც უკვე სიცოცხლის ბოლოს ლოგინად ჩავარდნილმა მამას მისცა. მისი შემდგომი გამოცემის მიზნით კი მამამ ის ჩვენს ნათესავს, ასევე ალექსანდრე წერეთლის დის შვილს ისტორიკოსს პროფესორ ჯუმბერ ოდიშელს გადასცა, რომელიც იმ პერიოდისთვის ისტორიის ინსტიტუტის სწავლულიმდივანი იყო. თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი გამოცემა იმჟამად ვერმოხერხდა. ამ ამბის მოსმენისთანავე დავიწყე დღიურზე ფიქრი და მისი მოძიება ერთადერთ საფიქრალად მექცა. სამწუხაროდ, ბატონი ჯუმბერი უკვე გარდაცვლილი იყო და შესაბამისად ამ დღიურის პოვნის შანსი შემცირდა, რადგან მისი მიწოდებიდან 37 წელი იყო უკვე გასული.საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ მისი ოჯახი ამ ჩანაწერებს ბოლო დღემდე ინახავდა, რისთვისაც დიდი მადლობა ბატონი ჯუმბერის მეუღლეს და მათ შვილებს.ჩანაწერებს გარკვეული ნაწილები ალაგ-ალაგ აკლია და იმისათვის რომ ეს ისტორია აღმედგინა, დღიური ზეპირი გადმოცემებით შევავსე, რომელიც ჩემს მშობლებს პირადად მარო ბებიასგან არაერთხელ აქვთ მოსმენილი. დედაჩემი მარო ბებიას სიცოცხლის ბოლო პერიოდში ლოგინად ჩავარდნილს უვლიდა და მოყოლილი ამბების მთავარი მსმენელიც სწორედ ის იყო.

მსგავსი პირადი ისტორიები ცხადყოფს, როგორ შეეხო რუსეთის იმპერიული პოლიტიკა არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკურ სტრუქტურას, არამედ ოჯახებსა და ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, საკუთარი ცხოვრების წესი ტრაგიკულად შეეცვალათ.

- რამდენად მნიშვნელოვანია ამ დღიურის გამოცემა ერთი მხრივ, იმისათვის, რომარ დავივიწყოთ საბჭოთა რეპრესიები და გვახსოვდეს რუსული ოკუპაციისშედეგები და მეორე მხრივ, არ დავივიწყოთ გმირები, რომლებიც საკუთარისამშობლოს, ენისა და კულტურის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ?

- ამგვარი დღიურები და პირადი ჩანაწერები აჩვენებენ რუსული საბჭოთა რეპრესიების შედეგებს არა ციფრებითა და სტატისტიკით, არამედ ცოცხალი ადამიანების განცდებით, ტკივილითა და ბრძოლით. მის ასეთ სიღრმეებამდე ჩასვლა კი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კარგად გავიაზროთ ჩვენი წარსული გამოცდილება.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ “ეს არის გადარჩენის გზამკვლევი ყველაზე დიდიუიმედობის დროს“. ასეთი ისტორიები შთააგონებენ ადამიანებს... როგორფიქრობთ, რამდენად აქტუალურია ეს “გზამკვლევი“ დღეს?

- ასეთი ისტორიები გვარწმუნებს, რომ პიროვნული გამძლეობა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმ შემთხვევაშიც კი მნიშვნელოვანია, როცა ყველაფერი დაკარგულად ჩანს და ეს ცხადია ყოველთვის იძენს აქტუალობას, დროის ნებისმიერ ეტაპზე.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ემოციური მონაკვეთი დღიურში და რატომ?

- მთლიანად დღიურთან ჩემთვის, როგორც შვილთაშვილისთვის ემოციურიკავშირი ორმაგად ძლიერია, რადგან ის მხოლოდ ისტორიული ფაქტებისამსახველი ტექსტი არ არის, ეს ჩვენი დიდი ოჯახის წარსულია, ემოციებით და ადამიანური ტრაგედიებით სავსე.

ამგვარი ისტორიები იძლევიან შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ ისტორიულიმეხსიერება და გავაფრთხილოთ მომავალი თაობები, რომ მსგავსიტოტალიტარული რეჟიმების შედეგები ვერავის ცხოვრებაში ვერ ჩაივლისუკვალოდ.

აღსანიშნავია, რომ მარო წერეთლის დღიური წიგნის მაღაზიებსა და “პალიტრა L-ის ვებგვერდზე ოქტომბრის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი.