მე მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ [ომის] კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022 წელს, 2023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქალაქის ქუჩებში გამოჩენილ ბანერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლებზეც ომში მყოფი უკრაინის კადრების საპირწონედ, საქართველოში გადაღებული კადრებია აღებული.
"მიუღებელი არის ის, რაც ხდება უკრაინაში, რაც შეეხება ამ განცხადებას, ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული იმისთვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, იმიტომ, რომ რაც არის გამოსახული ამ სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. 2022-2023 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდება იმავე ბედის გაზიარება, ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა და იმავეს აპირებენ ვიღაც- ვიღაცები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, თუ, ღმერთმა არ ქნას და საზოგადოებამ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება. საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პოლიტიკური პარტიები, თქვენი NGO-ები იმას, რაც ხდება უკრაინაში, წარმოაჩენენ რომანტიკულად, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ამასაც აკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი შეაგუოთ ომის იდეას, მაგრამ საქართველოში ომს და უკრაინული სცენარის განხორციელებას ვერ ეღირსებით ვერც თქვენი მედიასაშუალებები, ვერც თქვენი პარტიები და ვერც თქვენი NGO-ები,“ - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.
კითხვაზე, რამდენად მორალურია უკრაინის ომის კადრების გამოყენება, კობახიძემ უპასუხა: „აბსოლუტურად“.
"აბსოლუტურად, საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რა არის ომის შედეგები და რა არის ომის ფასი იმისთვის, რომ არ იმუშაოს თქვენმა პროპაგანდამ“, - განაცხადა კობახიძემ.
წაიკითხეთ ასევე: