თანამედროვე მწერლის ნიკოლოზ ცისკარიშვილის რომანი „აჩრდილები“ ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტებს შორისაა ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“.
„აჩრდილები“ 2023 წელს გამოიცა და ავტორის რიგით მეორე რომანია. თავდაპირველად, მკითხველმა ნიკოლოზ ცისკარიშვილი გაიცნო მოთხრობებითა და რომანით „ცეცხლისწამკიდებელი“. მისი შემოქმედება ყურადღების მიღმა არ დარჩენია სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალსაც.
„საბას“ ფინალისტებს შორის მოხვედრა მწერლისთვის დამატებითი აღიარება და შესაძლებლობაა, მისი შემოქმედება მკითხველთა უფრო ფართო წრეებმა გაიცნოს. ნიკოლოზ ცისკარიშვილის რომანები შთაგონებულია ადამიანის მარადიული დილემებითა და კითხვებით, რომელთა პასუხების ძიებაში კვლავაც ვართ.
რას ნიშნავს ავტორისთვის „საბას“ 22-ე დაჯილდოების ფინალისტობა და როგორ იქმნება მისი რომანები, ამის შესახებ თავად ნიკოლოზ ცისკარიშვილი საუბრობს:
„აჩრდილები“ წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში დასახელდა. რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება?
პრემია „საბა“ ქართულ ლიტერატურულ პროცესებზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ამიტომ ფინალისტებს შორის მოხვედრა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ მკითხველთა ფართო წრეებისთვის ჩემი რომანები ნაკლებად ნაცნობია. „საბას“ მოკლე სიაში ჩემი პირველი რომანიც მოხვდა, ოღონდ „დებიუტის“ ნომინაციაში, რომანის კატეგორიაში ყოფნა კი უფრო სასიამოვნო და საპასუხისგებლოა - აქ ჩემზე ბევრად უფრო გამოცდილი და ცნობილი ლიტერატორები არიან.
რომან „აჩრდილებში“ შესამჩნევია ბიბლიური ალუზიები. საინტერესოა, სწორედ რელიგიით არის თუ არა სიუჟეტი შთაგონებული?
რა თქმა უნდა, ბიბლიური ალუზიები არის და ბატონ როსტომ ჩხეიძეს ეს წიგნის წინასიტყვაობაშიც აქვს აღნიშნული. ბიბლიას გვახსენებს თუნდაც მთავარი პერსონაჟის სახელი - აბელი. აგრეთვე, მთელ წიგნს ფონად გაჰყვება დაკარგული და ვეღარ ნაპოვნი სამოთხის ალუზია.
მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყოდი, რომ ბიბლია ამ რომანის მთავარი წყაროა. სიუჟეტი უფრო ჩემი პირადი გამოცდილებით არის შთაგონებული. რომანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა თავისუფლება. ვართ თუ არა თავისუფლები, რატომ არის ადამიანისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, იყოს თავისუფალი და ასე შემდეგ. ეს უფრო ფილოსოფიური კითხვაა, ვიდრე რელიგიური, ყოველ შემთხვევაში ჩემი მიდგომა საკითხისადმი ნამდვილად ფილოსოფიურია. საქმე ისაა, რომ რელიგიური ალუზიები რაღაცებს ამარტივებს, უფრო ნათლად გადმოცემის შესაძლებლობას გაძლევს. პრინციპში, თავისუფლებასთან დაკავშირებული კითხვები, რელიგიური კითხვებიცაა, მაგრამ ამ მხრივ მე შესაბამისი კომპეტენცია არ გამაჩნია.
გვიამბეთ „აჩრდილებზე“ მუშაობის ისტორია, როგორ იქმნებოდა მისი სიუჟეტი?
როგორც წესი, მხოლოდ ერთ წიგნზე ან მოთხრობაზე არ ვმუშაობ ხოლმე. თან დამაქვს წიგნაკი და სადაც მომიხერხდება იქ ვწერ: სამსახურის შესვებებებზე, გზაში, სახლში. შეიძლება ერთ დღეს დავწერო რომანის ნაწილი, ხოლო მეორე დღეს სულ სხვა რამ.
„აჩრდილებზე“ რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ყველაფერს ხელით ვწერდი, დასრულების შემდეგ კი გავაციფრულე. იმ დროს ცნობიერების პრობლემით ვიყავი შეპყრობილი. ადამიანი საკუთარ აზროვნებას თუ დააკვირდება, გარკვეულ შაბლონებს, წესებს, გადაულახავ და უცვლელ ფორმებს აღმოაჩენს. ისე გამოდის, თითქოს აზროვნებას თავისი მიმართულებები აქვს და ჩვენ მასში საერთოდ ვერ ვერევით. გონება წრეზე დადის, ერთსა და იმავე თემებს ამუშავებს, სიახლეებს გაურბის, საკუთარ წესებს გვახვევს თავს. ამას რომ იაზრებ, ბუნებრივად გიჩნდება კითხვა, თუ სად არის მთელ ამ პროცესში შენი პიროვნება, შენი თავისუფლება. თითქოს ისევე ვერ აკონტროლებ საკუთარ ცნობიერებას, როგორც ვთქვათ ამინდს.
რომელმა ავტორებმა მოახდინეს თქვენზე გავლენა წიგნის წერის დროს?
„აჩრდილებთან“ დაკავშირებით პირველ რიგში სახსენებელია მერაბ მამარდაშვილის ლექციათა ციკლი „ცნობიერების ტოპოლოგია“, რომელშიც ძალიან კარგად არის გაშლილი ცნობიერების თემა. ჩემი წიგნის ერთ მონაკვეთში აბელი სოფლის გარშემო სეირნობს, ისევ და ისევ უვლის მას წრეს, როგორც ღამის პეპელა - ნათურას, და ჩვენი ცნობიერებაც ზუსტად ასეა, გამუდმებით რაღაცის გარშემო მოძრაობს, ერთი და იმავე გზით. ეს პროცესი ზოგჯერ ძალიან მკივნეულია.
ხანდახან, როდესაც საკუთარ თავს ვკარგავთ, როდესაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ვივიწყებთ, აჩრდილებად ვიქცევით, და უკან დასაბრუნებელი გზის პოვნა გვიჭირს. ეს წიგნი არის დიდ უიმედობაზე, სიბნელესა და მდუმარებაზე. ზოგიერთი ღამე შეიძლება საერთოდ არ გათენდეს, ან გათენდეს ძალიან გვიან. იქ, წყვდიადში, აჩრდილები დაეხეტებიან და დასახმარებლად გვიხმობენ.
მკითხველი „აჩრდილებამდეც“ გიცნობდათ „ცეცხლისწამკიდებლითა“ და მოთხრობებით. საინტერესოა, რომ „ცეცხლისწამკიდებელშიც“ იგრძნობა ბიბლიური გავლენები...
ამ რომანის შემთხვევაშიც დაახლოებით ასეა. რა თქმა უნდა, არის ბიბლიური და რელიგიური ალუზიები, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს მთავარია. ჩვენ პრობლემებს რელიგიური ტექსტებიდან კი არ ვიღებთ, არამედ პირიქით, რაც დასაბამიდან გვაწუხებს, იმის გადაწყვეტას ვცდილობთ რწმენის გზით.
შინაარსობრივი თვალსაზრისით ეს ორი წიგნი თითქმის არაფრით ჰგავს ერთმანეთს. „ცეცხლისწამკიდებელი“ ერთი დიდი, შეიძლება ითქვას უსასრულო დევნის ამბავია: მთავარი მოქმედი გმირი გარბის, არსად ჩერდება, გამუდმებულ შიშში ცხოვრობს, აღარ აქვს თავშესაფარი, ერთი წუთითაც არ შეუძლია მშვიდად ყოფნა, რადგან მდევარი მუდამ ახლოსაა. „აჩრდილებში“ პირიქით, სადღაც ქრება ეს გამუდმებული მოძრაობა და ცვალებადობა, მთავარი გმირი ერთ პატარა სოფელში ჩადის და იქვე რჩება. იქ ყველაფერი ნელა და მდორედ მიმდინარეობს, დღეები ერთმანეთს ჰგავს, არაფერი ხდება და ეს უცვლელობა აბელის გონებას აჯადოებს.
ის, რაც ამ ორივე რომანს აერთიანებს, არის ადამიანის სიმარტოვე და უიმედობა. ადამიანი გადასროლილია სამყაროში, მას არ გააჩნია საყრდენი, მაგრამ გამუდმებით ცდილობს ხელჩასაჭიდის პოვნას, რადგან ამ სიცარიელესა და სიბნელეში ყოფნა არ შეუძლია.
რამდენად აქტუალურია თანამედროვე რეალობაში ის საკითხები, რომლებიც თქვენს რომანებში გაქვთ ხაზგასმული?
გააჩნია, რა იგულისხმება აქტუალურობაში. ზოგიერთი პრობლემა არის ეპოქალური, ზოგი კი მარადიული. დღეს უმეტესად იმ პრობლემებზე ვწერთ, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ხოლო სხვა, უფრო არსობრივ საკითხებს ვივიწყებთ. ამის გამო ზოგჯერ ზედაპირზე ვრჩებით. არსებობს გარეგანი და შინაგანი. გარეგანი ეპოქების მიხედვით იცვლება, ხოლო შინაგანი თითქმის უცვლელი რჩება. სანამ ადამიანი იარსებებს, მას მუდამ შეაწუხებს თავისუფლების, სიკვდილის, რწმენის, აზროვნების საკითხები. მეც, რატომღაც, უმეტესად ამ თემებზე ვფიქრობ და ვწერ. ადამიანი დაუსრულებელი არსებაა, სრულყოფისთვის მას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სჭირდება.
საინტერესოა, ახალ წიგნზე ხომ არ მუშაობთ?
გამოსაცემად თითქმის მზადაა მოთხრობების კრებული. ეს მოთხრობები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ გამოცემებში, ბევრი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია, ამიტომ მათი ერთად შეკრება და ერთი შინაარსის ქვეშ გაერთიანება განსაკუთრებით საინტერესო იქნება. ისინი წლების განმავლობაში იწერებოდა სხვადასხვა ადგილას, განსხვავებული განწყობით, მაგრამ რაღაც საერთო მაინც აქვთ: ძიების, კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობა.
R