აშშ-ში ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით დარტყმას პროგნოზირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg და NBC News თეთრი სახლის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
"აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ თავდასხმისგან ისრაელის დაცვისთვის მზადებებს. ირანის მხრიდან ისრაელზე პირდაპირ სამხედრო თავდასხმას სერიოზული შედეგები იქნება ირანისთვის“, - განაცხადა წყარომ.
რა ხდება ახლა ახლო აღმოსავლეთში?
ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ისრაელის თქმით, ეს ომის "შემდგომი ფაზაა". ჰეზბოლას სპიკერმა მოჰამედ აფიფმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ლიბანის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.
ისრაელმა ბოლო დღეებში გააძლიერა საჰაერო თავდასხმები, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაიღუპა. პარასკევს საჰაერო თავდასხმისას მოკლა "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა.
"პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილებით, რამდენიმე საათის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო შეზღუდული, ლოკალიზებული და წერტილოვანი სახმელეთო იერიშები სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას" ტერორისტული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზუსტი დაზვერვის საფუძველზე", - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ჯერჯერობით გაურკვეველია შეჭრის მასშტაბი, ისრაელის ოფიციალურ პირები არ ამბობენ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია. ისრაელის უშიშროების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპერაცია არ წარმოადგენს თავდასხმას და მას "ლოკალიზებული დარბევა" უწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლიბანის შიგნით ისრაელის სამხედრო გეგმები გაურკვეველია, პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგება საერთაშორისო მოწოდებებს თავშეკავებისა და დეესკალაციის შესახებ
რა მოხდა შეტევის წინ?
ისრაელის მედიის ცნობით, შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტმა "ჰეზბოლასთან" ომის "შემდეგი ეტაპი" დაამტკიცა.
მომზადების მიზნით, ისრაელის არმიამ წამოიწყო მცირე რეიდები და საარტილერიო ცეცხლი ლიბანის საზღვრის გასწვრივ, დაკეტა რამდენიმე თემი ჩრდილოეთ ისრაელში და შეზღუდა მშვიდობიანი მოსახლეობის გადაადგილება. იმავდროულად, ისრაელის საჰაერო ძალებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნები, ძირითადად შიიტური უბნები.