სამხრეთ აფრიკაში საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია ორი ქალის სასტიკი მკვლელობის საქმემ. არსებული ინფორმაციით, მათ ფერმერმა და მისმა ორმა თანამშრომელმა ესროლა, რის შემდეგაც ცხედრები ღორებს აჭამეს.
შემთხვევა მიმდინარე წლის აგვისტოში მოხდა. 45 წლის მარია მაკგატო და 34 წლის ლუსია ნდლოვუ აფრიკის ჩრდილოეთით, ლიმპოპოს პროვინციაში მდებარე ფერმაში სავარაუდოდ, საკვებისთვის შევიდნენ, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და მოკლეს. შემდეგ კი მათი ცხედრები ღორებს აჭამეს, რათა მკვლელობის კვალი დაეფარათ.
სასამართლო პროცესი აქციების ფონზე მიმდინარეობს. დემონსტანტები მოითხოვენ, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე ბრალდებულებს უარი ეთქვათ და სასჯელის უმაღლესი ზომით დაისაჯონ.
პოლიციას ერთ-ერთი მოკლული ქალის ქმარმა შეატყობინა. ის ამბობს, რომ როცა ქალებს ესროლეს, ისიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ფერმერმა მასაც ესროლა, თუმცა მას ტყვია ასცდა. პოლიციის ოფიცრებმა რამდენიმე დღის შემდეგ ღორების ფერმაში ქალების ცხედრები იპოვეს.
მოკლული ქალის ქმრის თქმით, ცხედრების პოვნის მომენტში ოფიცრებთან ერთად იმყოფებოდა და საღორეში საშინელი სანახაობა დახვდათ. ცხედრები სანახევროდ შეჭმული იყო ღორების მიერ.