ჩარლზ დიკენსი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ინგლისელი მწერალი, გამოირჩევა თავისი სოციალური კრიტიკითა და სიღრმისეული პერსონაჟებით, რომლებიც მისი დროის ინგლისის საზოგადოებრივ რეალობას ასახავს. დიკენსის რომანი "მძიმე დროება" (1854) აღწერს ინდუსტრიალიზაციის ეპოქის გამოწვევებსა და სოციალური უთანასწორობის პრობლემებს. ეს ნაწარმოები პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე და ქართველი მკითხველისთვის ახალი ფანჯარა გახსნა დიკენსის სამყაროში, სადაც ჰუმანიზმი და ემპათია მნიშვნელოვანი თემებია.
წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L”-მა პოპულარული სერიის - „15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ფარგლებში გამოსცა. რომანი ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ. - რატომ უნდა წავიკითხოთ? რითაა გამორჩეული ეს წიგნი მწერლის შემოქმედებაში? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე წიგნის რედაქტორი, თეა ბარამაშვილი გვიპასუხებს:
ჩარლზ დიკენსის „მძიმე დროება“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე. რითაა გამორჩეული და საინტერესო ეს რომანი?
- ეს რომანი იმდენადვეა გამორჩეული, რამდენადაც მისი ავტორი - ჩარლ დიკენსია მუდმივად აქტუალური და საინტერესო მწერალი. ის, რომ „მძიმე დროება“ ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის სიახლეა, ერთი ორად ზრდის ინტერესს ნაწარმოებისადმი და აქვე ამ ინტერესს კიდევ უფრო გავამძაფრებ და გეტყვით, რომ წიგნი გამორჩეულად საინტერესო კიდევ იმიტომაცაა, რომ ის არაჩვეულებრივმა მთარგმნელმა ზაზა ჭილაძემ თარგმნა. თარგმანი გარდა ავტორისეული სტილის შეგრძნებისა და პერსონაჟთა ხასიათის შტრიხების სწორად „დაჭერისა“, გამოირჩევა თვითმყოფადი ხელწერითა და ნაწარმოების ფაბულის სიღრმისეული ხედვით, რაც თარგმანს ერთგვარ ავტონომიურობასაც კი სძენს და რითაც ნაწარმოები ქართული მთარგმნელობითი შემოქმედებისთვის ღირებული შენაძენია.
რამდენად მნიშვნელოვანია ეს რომანი დიკენსის შემოქმედებაში და თუ იცით, რატომ არ ითარგმნა აქამდე ქართულ ენაზე?
კონკრეტულ მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, როგორც უმეტესად ხდებოდა, ახლაც ალბათ ასე მოხდა - უფრო პოპულარულ ნაწარმოებთა მასშტაბურობით „მძიმე დროება“ გადაიფარა. არადა, ნაწარმოებმა ინგლისში გამოქვეყნებისთანავე (1854 წ.) უდიდესი აღიარება მოიპოვა. ის მწერლის შემოქმედებაში ერთ-ერთ გამორჩეულ და მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა, რადგან ავტორს არცერთ სხვა ნაწარმოებში ისე მძაფრად და იმდენად სარკაზმულად არ გაუკიცხავს ინდუსტრიული რევოლუციის შედეგები, როგორადაც ეს „მძიმე დროებაში“ გააკეთა.
რამდენად აქტუალურია ამ რომანში გადმოცემული თემები დღეს და როგორ ფიქრობთ, როგორი მკითხველისთვისაა ის საინტერესო?
საერთოდ მიმაჩნია, რომ ნაწარმოების გენიალურობა მისი ეპოქალურობით განისაზღვრება. კი, მისი თემატიკა ორი-სამი საუკუნის წინ აქტუალური იყო, მაგრამ პარალელებს თანამედროვეობასთანაც გვავლებინებს. კონკრეტულად: ტექნოლოგიური სიახლეების გავლენა საზოგადოდ ცხოვრებაზე და კონკრეტულად ადამიანზე. პროგრესი, ეკონომიკური განვითარება უდავოდ პოზიტიური მოვლენაა როგორც ქვეყნის, ისე ამ ქვეყნის მკვიდრთათვის, თუმცა პოზიტიურის გვერდით მავნე გავლენებიც იჩენს ხოლმე თავს. დიკენსის ეპოქაში პროგრესი დაუპირისპირდა ადამიანის გრძნობებს, ინდუსტრიულმა რევოლუციამ მოიცვა ყველა და ყველაფერი და ცხოვრების საკუთარი წესები, ერთგვარი ჩარჩოები დააწესა. დიკენსმა ინდივიდის, მისი გრძნობების, სურვილების, მისწრაფებების უგულებელყოფის საფრთხე დაინახა და ადამიანზე მისი ზემოქმედების მძაფრი სურათიც დახატა. რამდენად არის დღეს ეს თემატიკა აქტუალური? იმდენად, რამდენადაც განვუსაზღვრავთ ტექნოლოგიებს როლსა და მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში.
როგორი შთაბეჭდილებები ელის მკითხველს ამ წიგნის წაკითხვისას? რა არის მთავარი ამბავი, ფაბულა? რატომ უნდა წავიკითხოთ?
ასე ვიტყოდი: რას დაკარგავს მკითხველი ამ წიგნის არწაკითხვით? უფრო რომ დავაკონკრეტო: ვისთვის არის დროება მძიმე? ჩემთვის მთავარი ამბავი ამ კითხვაზე პასუხით იწყება, ანუ ე.წ. მოპასუხეები პერსონაჟები არიან - ადამიანები, რომელთაც მძიმე დროებამ ცხოვრების წესები და პირობები განუსაზღვრა, დაიმორჩილა კიდეც, მაგრამ... ჰო, ამ „მაგრამის“ მერე იწყება მთავარი ამბავი, ხოლო როცა იცი, ამ ამბავს ვინ გიყვება, კითხვის ნიშნებს აღარ დაეძებ.
და მაინც, თუ უფრო მეტად უნდა გავშალო სათქმელი და ერთგვარად ნაწარმოებში მკითხველის მომპატიჟებლის მისია ვიკისრო, ვიტყვი: დაგაინტერესებთ საბოლოოდ რანაირ ქსოვილს მოქსოვს ბებერი დრო, ეს უბადლო და გამოჯეკილი ფეიქარი იმ ძაფებისგან, რომელთაც მთავარ პერსონაჟს - ყმაწვილ ქალს უკვე მეტ-ნაკლებად მისცეს სახე. აუცილებლად უნდა შეიტყოთ, როგორი სახე აქვს ლუიზას.
ეგებ იმ ქალაქის ცხოვრებამ დაგაინტერესოთ, სადაც ფაქტს ისე ეთაყვანებოდნენ, როგორც სიწმინდეს, სადაც ფაქტი განუკითხავად ზეიმობდა და ბატონობდა... მხოლოდ ფაქტის, ფაქტისა და კიდევ ფაქტის უპირველესობა განსაზღვრავდა როგორც ქალაქის მატერიალურ სინამდვილეს, ისე არამატერიალურ ასპექტებსაც. იტყვით, წესით, ასეთი ქალაქი კეთილდღეობის განსახიერება უნდა ყოფილიყოო, არა? რა გითხრათ... წაიკითხეთ!
ანდა ნეტავ, როგორია ამ ქალაქის მკვიდრთა ცხოვრებისეული გზა სამშობიაროდან სასაფლაომდე? მხოლოდ წესები, ციფრები, ზუსტი განმარტებები... და რას იტყვით, თუ გაგიმხელთ, რომ იქაც, იმ ეპოქაშიც საერთოდ არაფერი იყო ისეთი, რაც ციფრებში არ ჯდებოდა, რისი უიაფესად ყიდვა და რისი უძვირესად გაყიდვაც არ შეიძლებოდა - მსგავსი რამ „არათუ უბრალოდ არ არსებობდა, არც უნდა ეარსება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ მაგრამ ადამიანი რისი ადამიანია, თუ თავს მოხვეულ ფაქტებს, წესებსა და ციფრებს ფიქრს, განცდას, წარმოსახვას, შეგრძნებებს არ დაუპირისპირებს? ჰოდა, მთავარი ამბავიც ეგ არის!
როგორ ფიქრობთ, რატომაა დიკენსის შემოქმედება დღემდე ასეთი პოპულარული?
არათუ პოპულარული, დღემდე ყველა დროის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია. ეს ფაქტია, მაგრამ მიზეზი ერთმნიშვნელოვან პასუხს ვერ დაიტევს და ალბათ ვერც მტკიცებით ფორმას იგუებს. აქ მხოლოდ ვარაუდები და პირადი დამოკიდებულებები იქნება განმსაზღვრელი. მგონია, რომ მკითხველს მწერლის შემოქმედებაში გულწრფელობა მოსწონს. დიკენსი კი კრიტიკული რეალიზმის უბადლო შემოქმედია. ზოგჯერ მეჩვენება, რომ მისი დაუნდობელი დამოკიდებულება მოვლენისა თუ პერსონაჟისადმი ერთგვარი მანევრია მკითხველში ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების გასაღვივებლად, რასაც თავისთავად ფიქრისა და განსჯისკენ მივყავართ. მე, მკითხველი ავტორს თუ ვეკამათები, თუ პერსონაჟს ვექომაგები ან პირიქით, ვკიცხავ, ე.ი. პროვოკაციაზე წამოვეგე, ლამის ამბის თანამონაწილედ ვიგრძენი თავი და ალბათ მთავარიც ეს არის. დიკენსის მონათხრობი შორეული ამბავია, მაგრამ რატომ მაქვს განცდა, რომ ზღვარი წაიშალა ჩემსა და მის ეპოქას, ქვეყანას, ქალაქს შორის? ალბათ ეს განცდაც აქვთ დიკენსის მკითხველებს და ეს აახლოებთ მასთან.
არის თუ არა ჩარლზ დიკენსი ის ავტორი, რომელიც ყველა ოჯახის ბიბლიოთეკაში უნდა იყოს? და რატომ?
ეჭვი არ მეპარება, რომ დიკენსის ნაწარმოებები ლიტერატურის მოყვარულთა ბიბლიოთეკებში გამორჩეულ ადგილს იკავებს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ქართულად თარგმნილი „მძიმე დროება“ ამ ბიბლიოთეკებს ჯერ არ ამშვენებს. „გამომცემლობა პალიტრა L-ის“ სიახლე ჩარლზ დიკენსის „მძიმე დროება“ მკითხველისთვის ნამდვილად ფასეული შეთავაზება იქნება, რადგან ეს ის ნაწარმოებია, რომელიც სწორედ რომ აუცილებლად წასაკითხთა შორისაა.