2024 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე თურქი ავტორის, ელიფ შაფაქის მთავარი სათქმელი შეეხებოდა თანამედროვე მსოფლიოს მთავარ გამოწვევებსა და ლიტერატურის როლს მათ დაძლევაში.
მწერალი ლიტერატურას უემოციობისა და გულგრილობის ანტიდოტად მიიჩნევს. შაფაქი თავის გამოსვლაში შეეხო მსოფლიოში მიმდინარე ომებს, ქალებზე ძალადობას, ეკოლოგიურ პრობლემებსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას.
გთავაზობთ მისი გამოსვლის თარგმანს:
„უცნაური დროა არსებობისთვის, მწერლობისთვის.
მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზებულ მსოფლიოში, რომელიც უთანასწორობითა და ომებით არის გაწამებული, იმ სისასტიკეში, რომლის მიყენებაც ერთმანეთისთვის და ჩვენი ერთადერთი სახლისთვის - დედამიწისთვის შეგვიძლია, რისი მიღწევის იმედი უნდა ჰქონდეთ პოეტებსა და მწერლებს? როგორ უნდა გქონდეს წარმოსახვის უნარი ან როგორ უნდა შექმნან ისტორიები, როცა დაყოფა, დესტრუქცია და მსგავსი ქმედებები შენზე ხმამაღლა საუბრობს?
შედარებით ასაკიან ხალხს ემახსოვრება ისტორიის სხვადასხვა მომენტი, როცა მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ ოპტიმიზმი იგრძნობოდა. ბერლინის კედელი დაეცა, საბჭოთა კავშირი დაიშალა. ხალხი საუბრობდა „ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფზე“. ვარაუდებს გამოთქვამდნენ, რომ ამიერიდან მხოლოდ სწორხაზოვნად სიარული და წინსვლა შეგვეძლო (ჩვენთვის, მწერლებისთვის დრო სწორხაზოვანი არ არის. როცა ამბავს წერ, გრძნობ, რომ დროის მსვლელობა შენზეა დამოკიდებული). 1990-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ყველაზე დიდი ოპტიმიზმით ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებისგან მოდიოდა. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ციფრული ტექნოლოგიების გავრცელება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდიდა, ინფორმირებული მოქალაქეები ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ, ასე რომ დემოკრატია ყველგან გაიმარჯვებდა.
მაგრამ ინფორმაცია პირდაპირ ცოდნას არ უდრის, თავის მხრივ კი ცოდნა არ უდრის სიბრძნეს.
დღეს ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ჭარბი რაოდენობით ინფორმაცია, ცოტა ცოდნა და კიდევ უფრო ცოტა სიბრძნეა.
დამშვიდება და პროცესების შენელება გვჭირდება
ინფორმაციის ფრაგმენტები წვიმასავით მოდის. „სქროლვა“ უკვე ჩვევად გვექცა და ეს იმდენად სწრაფი პროცესია, რომ ნანახის გაანალიზების დრო არ გვრჩება. არ რჩება დრო აღქმის, ასახვისა და შეგრძნებისთვის. ინფორმაციის უდიდესი ნაკადი კი ცოდნის ილუზიას გვიქმნის. სიმართლე ისაა, რომ დიდი ხანია დაგვავიწყდა როგორ ვთქვათ, „არ ვიცი“. ამ სიტყვებს აღარ წარმოვთქვამთ. როცა რამეზე პასუხი არ ვიცით, უბრალოდ შეგვიძლია „დავგუგლოთ“ და ცოტა რამ ვთქვათ ამ საკითხის შესახებ, თუმცა ეს ცოდნა არ არის.
ნამდვილი ცოდნის მისაღებად უბრალოდ უნდა შევანელოთ პროცესი. ამისთვის გვჭირდება კულტურული ადგილები, ლიტერატურული ფესტივალები, ღია და გულწრფელი ინტელექტუალური აზრთა გაცვლა-გამოცვლა. გვჭირდება ჟურნალისტური საქმიანობის შენელებაც, გვჭირდება წიგნები.
რაც შეეხება სიბრძნეს, ამისათვის მთელი გული უნდა ჩავდოთ საქმესა და საუბრებში. უნდა ავაშენოთ ემოციური ინტელექტი. გვჭირდება ემპათია, ლიტერატურა.
მე იმას არ ვამტკიცებ, რომ მწერლები ბრძენი ხალხია. რა თქმა უნდა, ასე არ არის. იმის თქმა მინდა, რომ როდესაც მხატვრულ ტექსტს ვქმნით, ჩვენზე დიდ, ძველ ან თუნდაც ბრძნულ რაღაცებთან გვაქვს ერთგვარი კავშირები. ისეთ რაღაცებთან, როგორიცაა უძველესი ხელოვნება, თხრობის ტექნიკა. ეს უნივერსალურია, არ ეკუთვნის არცერთ ტომს, რეგიონსა თუ რელიგიას, ვერ მოაქცევ საზღვრებში.
როგორც ნოველისტს სიღრმისეულად მაინტერესებს ეკოფემინიზმი, რომელიც წერტილოვნად აკავშირებს ერთი შეხედვით განცალკევებულ საკითხებს. მაგალითად, დღეს მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც წყალზე ხელმისაწვდომობა ყველაზე შეზღუდული აქვთ, 7 ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარეობს. ჩვენი მდინარეები დაშრობის პირასაა. ქალები კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან წყლის შემგროვებლები და გადამტანები. როდესაც სიახლოვეს წყალი არ არის, ახალგაზრდა ქალი უნდა წავიდეს და მოიტანოს ის. ეს მანძილი კი ზრდის გენდერული ნიშნით ძალადობის საფრთხეს. შესაბამისად, თუ წყლის რესურსის ამოწურვასთან დაკავშირებულ საფრთხეზე ვსაუბრობთ, ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ გენდერულ უთანასწორობაზეც. ხოლო თუ ვსაუბრობთ გენდერულ უთანასწორობაზე, აქვე უნდა ვიზრუნოთ რასობრივი უთანასწორობის დაძლევაზეც.
მწერლის გონება ვერ იქნება იზოლაციონისტური. თხრობის ხელოვნება კავშირების შექმნაა.
მთხრობელები და მეხსიერების შემნახავები
მწერლებს გვიყვარს ისტორიები, მაგრამ უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც სიჩუმით დაინტერესებულები. ჩვენი გულები და კალმები ავტომატურად მათკენ მიიწევს, ვისი ისტორიებიც წაშალეს, დაივიწყეს, ვინც საზოგადოებიდან გარიყეს.
ლიტერატურას პერიფერია ცენტრისკენ მიჰყავს და აადამიანურებს. სწორედ ამიტომ არიან მთხრობელები მეხსიერების შემნახავები.
რომანისტი ტონი მორისონისთვის დამახსოვრებასა და დავიწყებას შორი ბრძოლა იყო ის, რამაც თხრობისკენ უბიძგა.
ისტორიის დიდი ნაწილი, რასაც თურქეთში ასწავლიან, რამდენიმე ძლევამოსილი ავტორიტეტის - სულთნების ამბებია. როგორ ცხოვრობდნენ ქალები ოსმალეთის იმპერიაში? სად არის ქალების ისტორიები? - სრული სიჩუმეა. რას ნიშნავდა მაშინ უმცირესობად: ქურთ გლეხად, სომეხ ვერცხლისმჭედლად, ებრაელ მეწისქვილედ, არაბ ფერმერად, ბერძენ მეზღვაურად ყოფნა? - სიჩუმე. შესაბამისად ჩვენ, მწერლებს გვიწევს, ისტორიის სიღრმეებში, აღუწერელ ისტორიებში ვეძებოთ პასუხები.
ჩვენ ასევე უნდა დავაკავშიროთ დაწერილი და ზეპირსიტყვიერი კულტურები. ჰიპერინფორმაციის, სწრაფი მოხმარებისა და კლიმატის განადგურების ეპოქაში ლიტერატურა იმედისა და გამძლეობის აქტი უნდა იყოს.
შფოთვის ეპოქაში
ავტორმა დორის ლესინგმა ლიტერატურას ერთხელ „მომხდარის ანალიზი“ უწოდა, რაც მესმის. მოვლენები ხდება და ავტორებს გაანალიზებისთვის დრო სჭირდებათ, შემდეგ კი დაგვიანებით, რეტროსპექტიულად აღვწერთ მათ.
თუმცაღა ჩვენ დღეს ახალ სამყაროში შევაბიჯეთ. ვცხოვრობთ კოლაფსისა და ომების დროში, იზრდება პოლარიზაცია, უთანასწორობა, კრძალავენ წიგნებს და იმის გამო, რომ ისტორიიდან აღარაფრის სწავლა აღარ შეგვიძლია, ლიტერატურა უნდა იქცეს არამხოლოდ მომხდარის შემდეგ ანალიზის შესაძლებლობად, არამედ მოვლენის მიმდინარეობისას მისი გადმოცემის ინსტრუმენტად.
მაგრამ როგორ უნდა შევინარჩუნოთ წერის სურვილი შფოთვის ეპოქაში? როგორ უნდა შევინარჩუნოთ რწმენა ერთი მხრივ წიგნების და მეორე მხრივ მათი ძალის მიმართ, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლიათ? საითაც არ უნდა გაიხედო, აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით თუ სამხრეთით, ყველგან შფოთვას ებრძვიან, იქნება ეს ახალგაზრდა თუ მოხუცი. ეგზისტენციალური შფოთვა ყველაზე მოქმედებს, უბრალოდ ზოგიერთს უკეთ შეუძლია ამის დამალვა.
ასე რომ არის შფოთვა, ბრაზი, იმედგაცრუება, წყენა... ეს არის ეპოქა, რომელშიც ემოციები წარმართავს ან შლის პოლიტიკურ პროცესებს. ეს ყველაფერი ქმნის გამოწვევებს, მაგრამ არის ერთი ემოცია, რომელიც მაშინებს. მას შეუძლია, ყველა ემოცია დაგაკარგვინოს. ეს უგრძნობლობაა.
ვფიქრობ, ცხოვრება უფრო სახიფათო გახდება, თუ აპათიის ეპოქაში შევალთ, თუ აღარ აგვაღელვებს იმაზე წერა და საუბარი, თუ რა ხდება ღაზაში, უკრაინაში, სუდანში... ეს იქნება მომენტი, როდესაც აღარ გვექნება გრძნობები, გავხდებით გულგრილები, უემოციოები. სწორედ ამის შესახებ გვაფრთხილებდა ფილოსოფოსი ჰანა არენდტი.
ლიტერატურა სწორედ ამისი ანტიდოტია. მწერლები ვერ შეაჩერებენ ომსა და სიძულვილს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ მშვიდობის ჩირაღდანი, თანაარსებობის შესაძლებლობა და ემპათია. ლიტერატურას აქვს ძალა, შეგვახსენოს ჩვენი შესაძლებლობები, რომელიც არის არა მხოლოდ დესტრუქციულობა და დაყოფა, არამედ სილამაზე, სოლიდარობა, დობა და სიყვარული.