ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება 20 წლის მათე დევიძის საქმეს, რომელსაც პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებიან.
ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში 2007 წლის აქციის კადრებს აქვეყნებს და წერს:
"ეს კადრები 2007 წლის ნოემბრის აქციებიდანაა. თუ ვინმეს აინტერესებს როგორ ხდება ხელკეტებით პოლიციელის ცემა, უფრო ვიტყოდი ჩაქოლვა ნახეთ.ეს ვიდეო არ გამახსენდებოდა, რომ არა ქოცების მხარდამჭერების კომენტარები რომ 21 წლის შეშინებული ბიჭი, ჯოხის ქნევისთვის უნდა “დახვრიტონ”.
დიახ მეგობრებო, გიტარით რომ ჩამოხვალ თელავიდან აქციაზე და პრიმა მუხლით გასამართლებენ დახვრეტაა!გახსოვდეთ საიდან მოდიხართ, თორემ ჩემთვის, მაშინაც და ახლაც პოლიციელზე თავდასხმა მიუღებელია, მაგრამ არსებობს შიში, როცა მეგობრებს გიჭერენ, გოგოებს და 14 წლის მოზარდებს მანქანებში მიათრევენ და უბრალოდ არ იცი სხვის გადასარჩენად როგორ იმოქმედო!თავისუფლება მათეს და ყველა პოლიტიკურ პატიმარს! ყოველ დღე, დილის ლოცვასავით უნდა დავიწყოთ დღე ამ მოთხოვნით!" - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მათე დევიძე იმ 16 პირს შორისაა, რომელიც სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა, 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.