შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება.
აღნიშნულის შესახებ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
გომელაურმა დეპუტატებს სხვა საკითხებთან ერთად, დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.
“როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი დანაშაულის კლების სტატისტიკაა.
შესაბამისად, პირველ რიგში სწორედ ამ კუთხით მიმდინარე ტენდენციებს მინდა გავუსვა ხაზი. სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება. მინდა გამოვყო 6 კატეგორიის დანაშაული (განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, ქურდობა ბინაში შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა). სტატისტიკა ადასტურებს, რომ წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი ბოლო ოცი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალია და 64,87%-ს შეადგენს, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზეც საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.