პოლიციის კაპიტანი თამთა რეხვიაშვილი, რომელიც წლები შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე წერს.
"მე პოლიციის კაპიტანი ვარ.
აქამდე უფროსი გამომძიებელიც ვიყავი და ჩემი საქმე ძალიან მიყვარდა. მიუხედავად ამისა, მაისის აქციების დროს, პატაკი დავწერე და სამსახურიდან წამოვედი იმიტომ, რომ არ მინდოდა ხელისუფლების მიერ მხარედქცეული პოლიციის ნაწილი ვყოფილიყავი, არ მინდოდა, მომავალში იმ სიჩუმის გამო დამერცხვინა, რომელსაც პოლიციის “ნეიტრალურობა” ვეღარ ამართლებდა, იმიტომ, რომ არ მინდოდა, სისტემის ერთგულება საკუთარი სინდისის ღალატად დამჯდომოდა.
მეშინოდა თუ არა? ძალიან მეშინოდა, მაცახცახებდა კიდეც და ამისი სრულიად არ მრცხვენია. მეშინოდა ძმების, დედის, ოჯახის წევრების გამო, საბანკო ვალდებულებების გამო, ამდენი ნაწვალების გამო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მხოლოდ საკუთარი სინდისის ხმა მესმოდა. მივხვდი, რომ ის შიში რომელიც მზაფრავდა, მაშინ კი არ აღმოცენდა, წლების მანძილზე დაგროვდა ჩემში, ოღონდ დრო არ მქონდა შესამჩნევად, სახელი არ ერქვა, მანამდე ამის საჭიროება არ დამდგარა და იმიტომ.
ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. ექვსი წელი სწავლას მოვანდომე, არავის მივუყვანივარ და დავუსვივარ იმ სკამზე, ჩემი შრომით და კარგი ადამიანებისგან დაფასებით მივაღწიე ყველაფერს და შემდეგი შვიდი წელი, დღე და ღამე ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას, სადაც ვჭირდებოდი და როცა ვჭირდებოდი.
ამ უპატრონობის მადლიერიც ვარ, ჩემი თავი მე მეკუთვნოდა. რომ მოვდიოდი, მიზეზებიც ღიად ვთქვი, თუმცა, იქვე, კეთილმა თანამშრომლებმა მირჩიეს, რომ იქნებ, რაიმე გამოგონილი, არაპოლიტიკური მიზეზი მეთქვა, - “ჩემთვის ასე ჯობდა.” მე კი მინდოდა, სამინისტროს სცოდნოდა, რატომ ტოვებდა მას თავის საქმეზე ძალიან შეყვარებული კადრი. ვთქვი, რომ საკუთარ თავს, ხალხის სამსახურში მყოფად, ვეღარ ვგრძნობდი, რომ ის ხალხი ქუჩაში იდგა და გვხლეჩდნენ, რომ იმ კადრების ყურება და გამართლება აღარ შემეძლო და რომ პოლიცია პარლამენტარების პარლამენტში შესასვლელ-გამოსასვლელი უსაფრთხოების დერეფანი არ არის!
პატაკი დავწერე და წამოვედი.
ყველაზე მეტად იმაზე ვდარდობდი, რომ “გამაშავებდნენ”, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს პირად საქმეში არც ერთი საყვედური დევს, მადლობის სიგელები - კი. იმიტომ რომ ამის მაგალითები მრავლად ვნახეთ და ისეთების “გაშავება” ვნახეთ, მათთან შედარებით არავინ რომ ვარ. ჰოდა, ერთი რიგითი გამომძიებლის მიფუჩეჩებას რა უნდა, ამიტომ მეშინოდა და ახლაც მეშინია. ამასთან, ბოლო წლები რასაც ვემსახურე, ბავშვთა მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების გამოძიება იყო, შესაბამისად იმასაც ვიაზრებდი, რომ მადლიერი საჯაროდ დამცველები ნაკლებად გამომიჩნდებოდნენ, - ვინ და რატომ უნდა თქვას, აი, ჩემს შვილზე რომ იძალადეს, თამთამ კარგად გამოიძიაო. ეს მეც არ მინდა, ბავშვების გამო. თანამშრომლებისგან კი, არც მაშინ მომითხოვია და მითუმეტეს არც ახლა მოვითხოვ მხარდაჭერას, ვიცი, ძნელია მკაფიოდ რაიმეს თქმა, მაგრამ თქვენც იცოდეთ, რომ ადვილი ფაფის ჭამაა.
ვისაც გეგონათ, რომ დიდი კარიერული მიზნები გავთვალე წამოსვლით და რომელიმე პოლიტ-პარტიას ვუერთდებოდი, კი ხედავთ, რომ სახლში ვზივარ, ფერად-ფერად აბაჟურებს ვკერავ, კარგად გამომდის, არ მშია და რომც მშიოდეს, მე სამშობლოს ასეთი სიყვარული მიმაჩნია სწორად და სავალდებულოდ, სანამ ჯერ კიდევ მაქვს სამშობლო.
გუშინ კი, როდესაც აქციაზე ვიყავი და ხალხი პოლიციას “მონებოს” ეძახდა, მე მეტირებოდა, იმიტომ, რომ ამ ოკუპანტი რუსეთის მლოკავმა ხელისუფალმა, მოქალაქეები ჯერ წყობილებიდან გამოიყვანა, კარგი და ცუდი ერთ ქვაბში მოახარშინა, სალანძღავად პოლიცია გამოუფინა წინ, თვითონ კიდევ საქეიფოდ გაეშურა. თუმცა, ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც არსებობს და ვისაც ძირს დაგდებული, გონდაკარგული ადამიანისთვის წიხლების უმოწყალოდ რტყმა შეუძლია, ცხოველი და არარაობაა და ვისაც ამ საქციელის რაიმე ფორმით გამართლება შეუძლია, ვისაც ამ კადრების ყურება სიამოვნებას ანიჭებს, ან თვლის რომ პროპორციული ქმედებები იყო, საზოგადოების მტერია.
ადრე, მე რომ ახალი გამომძიებელი ვიყავი, ერთმა კარგმა პროკურორმა გოგომ დატოვა საქართველო და იქიდან ვრცელი პოსტი მიუძღვნა სამსახურში არსებულ დამახინჯებულ მიდგომებს. სულ არ ვიცნობდი იმ გოგოს, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის სამაგალითოდ დარჩა, იმიტომ რომ მასზე ფიქრი მაძლიერებდა. ჰოდა, იქნებ ვინმეს ჩემი ამბავიც მიეშველოს.
ვიცი, რომ საშიშია ხელისგულზე გადაშლილი აქციებიდან გულახდილად წერა, მაგრამ გიორგი ანწუხელიძის და მარო მაყაშვილის სამშობლოს გარუსებაზე საშიში, ჩემთვის არაფერია. ასე მასწავლა ისტორიკოს-ფილოლოგმა დედამ, როცა “ბედნიერი ერი” ჯერ კიდევ ისწავლებოდა.
წუხანდელი დარბევის შემდეგ, ერთ-ერთმა ძველმა თანამშრომელმა მომიკითხა, - ხომ მშვიდობით ხარ, კადრები ვნახე და ვნერვიულობდი შენზეო. მე მართლა გულწრფელად ვუპასუხე, რაც მაშინვე მომადგა ენაზე, - არ იდარდო, ჩემს ადგილზე ყოფნა ადვილია, იმიტომ რომ სწორ მხარეს ვდგავარ, შიგნიდან არაფერი მღრღნის, - შენ კი, შენი კარგი ადამიანობით, მანდ მყოფი, ნამდვილად მედარდები-მეთქი. დამეთანხმა, ისიც ასე ფიქრობს" - წერს რეხვიაშვილი.
წაიკითხეთ ასევე: