ავტორი:

"გამოსავალს ვეძებთ, როგორ დავძლიოთ პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი" - გვარამია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

"გამოსავალს ვეძებთ, როგორ დავძლიოთ პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი" - გვარამია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

ეს არჩევნები ყველასთვის არშემდგარია, ჩვენ გამოსავალს ვეძებთ, თუ როგორ დავძლიოთ პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი - ეს არის გორდიას კვანძი და უნდა გადაიჭრას. ამის წონა, საზოგადოებრივი ნდობა და ლეგიტიმაცია მხოლოდ ზურაბიშვილს აქვს- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გვარამიამ განმარტა, ამ არჩევნებს აღიარების შანსი არ აქვს.

“რაკი პრეზიდენტი აპირებს განცხადების გაკეთებას, მას ვერ დავასწრებ, თავად იტყვის, ასევე სხვა პარტიებიც. ჩემი კოალიციის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ შეხვედრა იყო ძალიან კარგი და ნაყოფიერი. ძალიან კმაყოფილი ვართ ამ შეხვედრით.

ამ არჩევნებს აღიარების შანსი არ აქვს. ეს არჩევნები ყველასთვის არშემდგარია, ჩვენ გამოსავალს ვეძებთ, თუ როგორ დავძლიოთ პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი, რაც ნელ-ნელა იქცევა გეოპოლიტიკურ კრიზისადაც. მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ჩართულობა, მას შეუძლია გორდიას კვანძი გადაჭრას. აბურდული ძაფი გამოვიღოთ და გავასწოროთ შეუძლებელია. ეს არის გორდიას კვანძი და უნდა გადაიჭრას. ამის წონა, საზოგადოებრივი ნდობა და ლეგიტიმაცია მხოლოდ ზურაბიშვილს აქვს“, - აღნიშნა გვარამიამ.

შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამაც. მისი თქმით, ახლა ნამდვილად არის ერთიანი ფრონტის დრო.

"პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მჯერა, რომ მას შეუძლია საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსოლიდაცია, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ახლა. მათ შორის ძალიან აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან ამ კრიტიკულ ფაზაში იმისთვის, რომ მუდმივად გვქონდეს ჩვენს თანამოქალაქეებთან, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად დგას რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ გადაარჩინოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ახლა ნამდვილად არის ერთიანი ფრონტის დრო და იმის დრო, რომ ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა თუ ერთეული პოლიტიკოსი და ბუნებრივია, პრეზიდენტი (რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში, რომელიც მართლა მთავარი მედროშეა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის), მაქსიმალურად ვმუშაობდეთ ერთად ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საკითხი.ეს არის ეგზისტენციალური მომენტი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის და ჩვენი ქვეყნის მთავარსარდლის როლი, რომელმაც აიღო ევროპის დროშა ხელში, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ერთ დროს მეც დიპლომატი ვიყავი, ვმსახურობდი დიპლომატიურ სამსახურში ჩვენი ქვეყნის სახელით და ეს ნამდვილად და ეს ნამდვილად საამაყო იყო ჩემთვის და ვარ წარმომიდგენია მემსახურა ისეთ მთავრობაში, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ამ ქვეყანას ევროპული მომავალი არ აქვს, ამიტომ მივესალმები ამ ადამიანების გადაწყვეტილებას და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც შეუძლია, რომ ადამიანმა მიიღოს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.