იმისთვის, რომ გემსახუროთ, ხვალ საზოგადოება და ასევე, პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან და ერთად ვმართავთ პროცესის პოლიტიკურ ნაწილს - ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მოვიწვიე და რომლებთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვისას აღნიშნა.
"იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, ხვალ საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან და ერთად ვმართავთ პროცესის იმ პოლიტიკურ ნაწილს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, მართავთ ქუჩაში და მართავთ ყველგან, ამ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს! ჩვენ ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით. ახალი საქართველო დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, თავის განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის დავუთმობთ.
ხვალ ჩვენ კიდევ შევხვდებით. ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომლებთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები. მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს; მაშასადამე ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს მას, ვინც მე უნდა შემცვალოს. მაგრამ მე თქვენთან ვარ და ვიქნები!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, ეროვნული თანხმობა შედგა მთავარზე, რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა და ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში.
„ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო. შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე - რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, რომ არ შეიძლება ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში, რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ნება და ევროპული მომავალი. შედგა ეს ეროვნული თანხმობა ყველგან, სადაც შეიძლებოდა, ყოველ წუთს ჩანს, რომ ეს ეროვნული თანხმობა უფრო და უფრო ძლიერდება. საკმარისი ვახსენოთ, რომ თუნდაც დღეს დიპლომატიურ კორპუსში, ბიზნესში, ფოთის პორტში და კიდევ სად და სად, ძლიერდება ეროვნული თანხმობა. ეს არის ჩვენი ძალა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა - აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში დარჩა, შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ და იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.