ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველო კრიზისშია, რომელიც გამოწვეულია ქვეყნის ლიდერების, ირაკლი კობახიძისა და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან "ევროპული გზის მიმართ ღალატით".
ევროპარლამენტარი კრიზისიდან გამოსვლის საკუთარ გეგმას წარადგენს.
მისი აზრით, ყველა პასუხისმგებლობიანმა ქართველმა, მათ შორის მმართველი „ქართული ოცნების“ წევრებმა, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, პრეზიდენტმა და საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისის პოლიტიკური გზით გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
"პირველი ნაბიჯი უნდა იყოს: საქართველოს მთავრობის დაუყოვნებელი გადაწყვეტილება, შეწყდეს პოლიციისა და სპეცრაზმის ძალადობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის დაუყოვნებლივ გადადგომა, დროებითი ტექნიკური ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, პროცესს უნდა უხელმძღვანელოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჟურნალისტების, ოპოზიციის წევრებისა და მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისა და სისასტიკის საერთაშორისო გამოძიების ჩატარება ევროკავშირის ხელმძღვანელობით, დაუყოვნებელი და ინდივიდუალური სანქციები ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორებისგან ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურის და ყველა იმ პირის წინააღმდეგ რომლებიც პასუხისმგებლები არიან დანაშაულებსა და სისასტიკეზე, ქართული პოლიტიკური პარტიების შეთანხმება ახალი საპარლამენტო არჩევნების სამი თვის ვადაში ჩატარებაზე, რომლის ორგანიზება განხორციელდება საერთაშორისო საზოგადოებიდან დემოკრატიული პარტნიორების დახმარებით“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარის განცხადებაში.
რასა იუკნევიჩიენეს თქმით, ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისთვის მზადება. ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკურ ძალებს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა საერთაშორისო პარტნიორებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების დახმარებით უნდა განხორციელდეს.