„ჩვენი ცხოვრება საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია. დაბადების შემდეგ ჩვენ გვეძლევა მხოლოდ იმდენი საკვები, რომ სული არ გავაფრთხოთ, ხოლო ჩვენ შორის შრომისუნარიანთ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებენ,“ - ამ სიტყვებს ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმაში“ მოხუცი, მრავლისმნახველი ღორი ამბობს, მაგრამ ეს იგავური რომანი, ცხადია, ღორებზე სულაც არაა და ხანდაზმული მეიჯორის პირით ის ადამიანები მეტყველებენ, დასაბამიდან რომ შრომობენ, მაგრამ საკუთარი შრომის ნაყოფით ტკბობის საშუალება არა აქვთ.
ორუელის რომანის სიუჟეტი, ერთი შეხედვით, სასაცილოა: ფერმის ცხოველები, რომლებიც ადამიანების ტირანიით დაიღალნენ, ფერმის პატრონს აუჯანყდებიან, გაიმარჯვებენ და ფერმის მართვას თავად შეუდგებიან. ხანგრძლივი უსამართლობისა და ფერმერი მისტერ ჯოუნზის ტირანიის შემდეგ, ცხოველების მიზანი უტოპიური ფერმა-სახელმწიფოს შენებაა, სადაც ყველა მათგანი თანასწორი იქნება. მაგრამ როგორც კი ადამიანებს წარმოვიდგენთ ცხოველების ადგილას, კომიკურობა ქრება და ვიღებთ მძიმე სურათს, რომელშიც თითოეული პერსონაჟი საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფს განასახიერებს და ააშკარავებს ტოტალიტარულ სისტემაში მომწყვდეული უუნარო ადამიანების ტრაგედიას.
მაგალითად, ყორანი მოსე პროპაგანდისტული მედიის სიმბოლოა; დაუნდობელი ძაღლები, რომლებიც მმართველებს ემსახურებიან, ამ ფერმა-სახელმწიფოს საპოლიციო ძალებად გვევლინებიან; ცხენები მუშათა კლასს წარმოადგენენ, მთელი სიცოცხლე თავაუღებლად შრომობენ და ისე ამდიდრებენ ფერმას, რომ თავად ვერანაირ სარგებელს ვერ იღებენ; იქვე არიან ცხვრები, ქათმები და ბატები - ფერმის სისტემის უანგარო მსახურები, რომელთა მოტყუებაც ყველაზე იოლია; და, რაც მთავარია, ღორები - მმართველები, რომლებიც ჯერ ერთად იწყებენ იდეალური ფერმის შენებას, ბოლოს კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდებიან ერთმანეთს და საშიშად ემსგავსებიან მტრის იმ ხატს, რომელიც ფერმის დანარჩენი ცხოველების სამართავად თავად შექმნეს.
ორუელის რომანში ფერმას, ისევე როგორც სახელმწიფოს, თავისი „კონსტიტუცია“ აქვს, რომელსაც შვიდი მცნება ჰქვია და თავდაპირველად ასე გამოიყურება:
ეს მცნებები, წესით, ის საფუძველია, რომელზეც ფერმის ბინადრების ბედნიერი მომავალი უნდა დაშენდეს, მაგრამ გაივლის დრო და შვიდი მცნება უჩინარდება, მათ ადგილს კი ახალი მცნება იკავებს:
„უფრო თანასწორი“ ცხოველები, ცხადია, ღორები არიან - მმართველი კლასი, რომელიც ამბოხის, ბრძოლისა და ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ზუსტად იმის კეთებას შეუდგა, რის წინააღმდეგაც ადრე თავად აჯანყდა. გარდა ღორების ცბიერებისა, ორუელი ტოტალიტარული რეჟიმების წარმატების სხვა საიდუმლოსაც გვიმხელს.
მაგალითად, როცა ღორები ჰიმნს „მხეცნო ინგლისის“ (რომელიც მათი აჯანყებისა და გამარჯვების მთავარი სიმბოლო იყო) აკრძალავენ, ცხოველები წინააღმდეგობას არ უწევენ:
„შიშისა და ზაფრის მიუხედავად, ზოგიერთი ცხოველი, ალბათ, მაინც გააპროტესტებდა, მაგრამ სწორედ ამ დროს ცხვრები, ჩვეულებისამებრ, აბღავლდნენ: „ოთხი ფეხი კარგია, ორი ფეხი - ცუდი“, რაც რამდენიმე წუთს გაგრძელდა და წერტილი დაუსვა ყოველგვარ დისკუსიას“.
ამ ეპიზოდში ცხვრებს შორის საკუთარი თავი ტოტალიტარული რეჟიმების იმ გულმხურვალე მხარდამჭერებმა უნდა ამოიცნონ, რომლებიც მმართველი კლასების კრიტიკას კრძალავენ და უსიტყვოდ ეთანხმებიან მათ ყველა გადაწყვეტილებას. შემთხვევითი არაა, რომ „ცხოველების ფერმაში“ სწორედ ცხვრები არიან ის ცხოველები, რომლებმაც არათუ კითხვა ვერ ისწავლეს საერთოდ, არამედ შვიდი მცნების ზეპირად დამახსოვრებაც კი ვერ შეძლეს. აქედან გამომდინარე, ღორების დიქტატურა დანარჩენი ცხოველების სისუსტით, უცოდინარობითა და გაუბედაობით იკვებება და სიცოცხლეს დაქვემდებარებული ჯგუფების განადგურებისა და ჩაგვრის წყალობით იხანგრძლივებს.
ღორების დიქტატურა მალე არა მხოლოდ ცხოველების ქცევაში იჩენს თავს, არამედ ენაშიც: „ზოგიერთმა ცხოველმა გაიხსენა, ან ეგონა, რომ გაიხსენა“ – ტოტალური უნდობლობა საკუთარი მეხსიერებისადმი, რადგან სისტემა შლის სამხილებს, ანადგურებს მოწმეებს და იძულებული ხარ, ტირაჟირებულ სიცრუეს შენი ერთადერთი მართალი მოგონება დაუპირისპირო; „თუ ამას ამხანაგი ნაპოლეონი ამბობს, ესე იგი, სიმართლეა“ - ლიდერის კულტი, მისი შეუცდომლობის მითი; „არაფერი გააჩნდათ ხელჩასაჭიდი, გარდა სქვილერის ციფრებიანი სიებისა, რომლებიც საერთო ვითარების მუდმივ გაუმჯობესებაზე ღაღადებდნენ“ - ცრუ სტატისტიკები, რომელთა მიხედვითაც, ეკონომიკა დუღს, ფერმა ვითარდება, ყველაფერი კარგადაა... სტატისტიკები, რომლებიც იმის საპირისპიროს ამტკიცებს, რასაც საკუთარ ტყავზე გრძნობენ ცხოველები; „ჩვეულებრივ ამბად იქცა ყოველი მნიშვნელოვანი წარმატების ნაპოლეონისთვის მიწერა. ხშირად გაიგონებდით, როგორ ეუბნებოდა ერთი ქათამი მეორეს: „ჩვენი ნაპოლეონის ხელმძღვანელობით ექვს დღეში ხუთი კვერცხი დავდე“.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ღორები, შეიძლება ითქვას, რომ „სანიმუშო“ ტირანები არიან: ყველა წარმატება მათი დამსახურებაა, ნებისმიერი წარუმატებლობა - აბსტრაქტული მტრის ბრალი. აქვთ სიმბოლოები, სიმღერები, მცნებები, რომლებსაც საჭიროებისამებრ ცვლიან და არგებენ თავიანთ სურვილებს. რაც მთავარია, მართავენ ყველას და ყველაფერს და არაფერი აკლიათ მაშინ, როცა სხვა ცხოველები შიმშილისგან სულს ღაფავენ. სწორედ ასე იქმნება ორუელის რომანში საზოგადოების კარიკატურული სურათი, რომელიც შემაშფოთებლად ემსგავსება იმ რეალობას, რომელშიც ხანდახან, სხვადასხვა პოლიტიკური რეჟიმის გამოისობით, მკითხველებს უწევთ ცხოვრება.
„ცხოველების ფერმა“ ტრაგიკულად სრულდება. ბოლო კადრი რევოლუციის ამაოებას ამტკიცებს. მაგრამ ანიმაცია, რომელიც ამ რომანის მიხედვით გადაიღეს, მაყურებელს იმედს აძლევს; იმედს, რომელიც ზოგჯერ ასე ძალიან გვჭირდება:
ანიმაციის დასასრულს ღია ფანჯარასთან ცხენი დგას და ჩუმად ადევნებს თვალს ადამიანების სახლში ღორების მიერ გამართულ ზეიმს. უყურებს და მის თვალწინ ღორის სახე ნელ-ნელა კაცის სახედ გარდაიქმნება. ცხენი თვალებს ვერ უჯერებს - ღორების ადამიანებისგან გარჩევა უკვე შეუძლებელი გამხდარა. შემდეგ ფანჯარას შორდება, დანარჩენ ცხოველებს უამბობს ყველაფერს და უკანასკნელ კადრში ვხედავთ კვლავ ამბოხებულ ცხოველებს...
ღორების ზეიმი ჩაიშლება. ცხოველები თავისუფლებას იბრუნებენ. ფონად ნგრევის ხმაა, კადრში კი ღორის პორტრეტი ჩანს, კედელზე მოქანავე.
პორტრეტი სადაცაა დაენარცხება იატაკზე, რომელსაც აჯანყებული ცხოველების სამართლიანი ბრაზი აზანზარებს.
ავტორი: თაკო წულაია