ერთადერთი ქართველი ავტორი „პალიტრა L-ის“ საეტაპო სერიაში - მკითხველის რჩეული ნაირა გელაშვილი გახდა

ერთადერთი ქართველი ავტორი „პალიტრა L-ის“ საეტაპო სერიაში - მკითხველის რჩეული ნაირა გელაშვილი გახდა

„კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის ახალი პროექტია, რომელიც ერთგვარი გაგრძელებაა სერიისა „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. აღნიშნული სერია 15 წლის წინ გამოიცა, თითქმის მთელი საქართველო მოიცვა და დღემდე პოპულარობით სარგებლობს.

გამოწვეული რეზონანსისა და მკითხველთა მოთხოვნიდან გამომდინარე, „პალიტრა L-მა“ იმუშავა 15 წიგნის პროექტზე, რომელიც მოიცავს თანამედროვე და კლასიკურ ნაწარმოებებს, რომელთა შორის ახალი თარგმანებიც გვხვდება. მაგალითად, სერიის პირველი ტომი - „ანე ფრანკის დღიური“ სრული სახით ნიდერლანდურიდან ქართულად პირველად ითარგმნა და ახალი სერიის ფარგლებში გამოიცა. ასევე პირველად ითარგმნა და გამოიცა ჰენრიკ სენკევიჩის „ვიდრე ჰხვალ?!“.

პროექტის ფარგლებში ასევე გამოცემულია მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, ალექსანდრე დიუმას ქალი ხავერდის ყელსაბამით“, კაზუო იშიგუროს „არასოდეს გამიშვა“, პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“, კურტ ვონეგუტის „სასაკლაო“, ფრანც კაფკას „პროცესი“, ჰომეროსის „ილიადა“, ჩარლზ დიკენსის „მძიმე დროება“, ჯეინ ოსტინის „ემა“ და მე-12 ტომის სახით მალე ხელმისაწვდომი გახდება ნაირა გელაშვილის „დედის ოთახი“.

თითოეული ტომი თავად მკითხველმა შეარჩია ხმის მიცემის გზით, რომელიც ახლაც გრძელდება. ერთადერთი ქართველი ავტორი, რომელიც „პალიტრა L-ის“ საეტაპო პროექტში მოხვდა, ჯერჯერობით ნაირა გელაშვილია რომანით „დედის ოთახი“.

ნაირა გელაშვილი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაც ღრმა ანალიზით, ფილოსოფიური თემატიკით, ცხოვრებისეული სიუჟეტებითა და საინტერესო მიგნებებით ხასიათდება.

მწერალი წლებია, სხვადასხვა თაობის მკითხველში დიდი ინტერესით სარგებლობს. თვალსაჩინოა მისი საქმიანობაც: ის გახლავთ როგორც მწერალი, ისე გერმანისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და გარემოსდამცველი. ნაირა გელაშვილი არის ქალების ხმა ქართულ ლიტერატურაში.

„დედის ოთახი“ ნაირა გელაშვილის მეორე ფსიქოლოგიური რომანია, რომელიც 1986-87 წლებში ჟურნალში იბეჭდებოდა. 1978 წელს კი ერთ წიგნად გამოიცა.

რომანი ერთი ოდნავ უჩვეულო ოჯახის ისტორიის რეტროსპექტივაა. ოჯახის წევრების რამდენიმე ცხოვრებისეული მომენტების ანალიზი, რასაც ავტორი არასტანდარტული თხრობის სტილით ახორციელებს. რომანის სქემატური აღნაგობა ამგვარია: მათე იწყებს დედის ოთახის ჩხრეკა-თვალიერებას და თითოეული ნივთი წარსულს ახსენებს მას. კედლის საათი პერიოდულად რეკავს და წარსულის სურათები ერთმანეთს კინოკადრებივით ცვლიან. შემდეგ დედის დღიურის კითხვას იწყებს და თხრობა პირველ პირში გადადის – ელენე ჰყვება თავის თავგადასავალს. თხრობაში ჩართულია ასევე ელენეს მამის ნაამბობი, მისი ოჯახის თავგადასავალი. საათის რეკვა კი როგორც ჟამის მდინარების მაუწყებელი, კვლავ გაურკვეველი ინტერვალებით ისმის იქამდე, ვიდრე მათე “მთლიანად“ არ გამოიკვლევს დედის საიდუმლოს.

ნაირა გელაშვილის ნაწარმოებები იკვლევს ქალის პოზიციას პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ სივრცეებში. ამავდროულად, ის ერთ-ერთი პირველია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, ვინც ემიგრაციის თემატიკას შეეხო. მწერლისთვის საინტერესოა, როგორ გადალახავს ადამიანი კულტურათაშორის ბარიერებს და როგორ ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას საზღვარგარეთ.

„დედის ოთახი“ სერიის ფარგლებში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, მალე გახდება ხელმისაწვდომი როგორც „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე, ისე წიგნის მაღაზიათა ქსელში.

R