ავტორი:

"ახლა საზოგადოების ნახევარი "ნარკომანს" მიწოდებს, ნახევარი - "გმირს"... ვნანობ, რომ აქციაზე  ნასვამი ვიყავი, თუმცა ფხიზელიც იმავეს გავაკეთებდი" - ბეა გაზდელიანი

"ახლა საზოგადოების ნახევარი "ნარკომანს" მიწოდებს, ნახევარი - "გმირს"... ვნანობ, რომ აქციაზე  ნასვამი ვიყავი, თუმცა ფხიზელიც იმავეს გავაკეთებდი" - ბეა გაზდელიანი

საქართველოში გამართული საპროტესტო აქციები, რაც მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას მოჰყვა, სავსეა ემოციური ეპიზოდებით. ახლახან თითქმის ყველა სოციალური ქსელი მოიცვა ვიდეომ, რომელშიც ასახულია გოგონა - ბეატრის გაზდელიანი, ვინც სპეცრაზმელებს წინ დაუდგა, - მოდით, არ მეშინიაო!.. მისი მეგობრის დაკავების შემდეგ, თავად ბეაც დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ბეამ აღიარა, რომ იმ დროს ცოტათი ნასვამი იყო, აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მისთვის ეს პროტესტის მნიშვნელობას არ აკნინებს...

- ბეა, მოგვიყევი, როგორი განწყობით მიხვედი აქციაზე და როგორ განვითარდა მოვლენები, რამაც შემდეგ შენი დაკავება გამოიწვია?

- რა თქმა უნდა, აქციაზე სხვა დღეებშიც დავდიოდი - ხალხის გვერდით, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძოდი. ჩემი მეგობარი - გიორგი ჩემზე 2 წლით უმცროსია. უმცროს ძმად მიმაჩნია. დედამისსაც შევპირდი, რომ მივხედავდი და ცუდი არაფერი მოხდებოდა. როცა მე და გიორგი აქციაზე მივედით, მაქსიმუმ, 5 წუთში დააკავეს - გაათრიეს... ამის შემხედვარე პანიკაში ჩავვარდი. უნდა ვაღიარო, ნასვამი ვიყავი. ისედაც, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ - არ ვიცი, ემოციებს როგორ გავუმკლავდე. ჩემ თვალწინ ასეთი რაღაც რომ მოხდა, მართლა არ ვიცოდი, რა მექნა, მაგრამ ის უეჭველად ვიცოდი, რომ სახლში არ უნდა წავსულიყავი, რადგან ამ საქმეს ასე ვერ დავტოვებდი - არ ვიცოდი, ჩემი მეგობარი სად წაიყვანეს. თან, სრული უსამართლობა იყო, რადგან მას მართლა არაფერი დაუშავებია. უბრალოდ, იდგა, როცა დაიჭირეს. ასეთი უსამართლობა უნდა დასრულდეს...

მოკლედ, აქციაზე დავრჩი. თან, აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი. საერთოდ არ მაინტერესებდა, რომ ცოტათი ნასვამი გახლდით - ფხიზელიც იმავეს გავაკეთებდი: როცა "რობოკოპები" ჩემკენ "დუბინკებით" მოდიოდნენ, არ მეშინოდა. ამას იქაც ვიძახდი, - არ მეშინია, მოდით-მეთქი. არც ფხიზელს შემეშინდებოდა. უბრალოდ, ბოლომდე იქ ვიდექი, რადგან არ ვიცოდი, გიორგი სად იყო და რა სჭირდა. მეგობრის თავისუფლებისთვის ვიბრძოდი. შემდეგ უკვე მეც დამიჭირეს, განყოფილებაში გადამიყვანეს. თავდაპირველად, მათაც ეგონათ, რომ ნარკოტიკული საშუალება მქონდა მიღებული. ნარკოტესტი ჩავაბარე. რა თქმა უნდა, ტესტმა არაფერი აჩვენა.უბრალოდ, ნასვამი ვიყავი. იმის გამო, რომ ნარკოტიკი არ მქონდა მიღებული, განყოფილებიდან დილითვე გამომიშვეს. გიორგი ისევ დაკავებულია (ინტერვიუ ჩაწერილია 8 დეკემბერს. - ავტ.). თან, "რობოკოპებმა" ტელეფონი წაართვეს... ახლა საზოგადოების ნახევარი "ნარკომანს" მიწოდებს, ნახევარი - "გმირს". თავს გმირად არ მივიჩნევ. მგონია, რომ ჩემს ადგილას ყველა იმავეს გააკეთებდა მეგობრისთვის...

- დაკავებულს სამართალდამცველები როგორ გეპყრობოდნენ?

- უნდოდათ, ბორკილები დაედოთ, მაგრამ ვუთხარი, - არ მინდა, მორჩილად ჩავჯდები მანქანაში და წამოვალ-მეთქი. შემდეგ ადვოკატი მოვითხოვე. მიპასუხეს, - ადვოკატი არ გვყავსო. მერე ყველაფერი წამართვეს, რაც კი მქონდა: მომახსნევინეს საყურე, ჩემი ტელეფონი მაშინვე გათიშეს... ზოგი ძალიან აგრესიულად მექცეოდა. თან, რაღაც ამბებს "მტენიდნენ" - აგრესიული იყავი, შეურაცხყოფა მოგვაყენე, ჩაგვარტყიო თუ რაღაც... ეს ყველაფერი მე არ ჩამიდენია და არ ვიცი, ამას რატომ მეუბნებოდნენ. თან, ვიდეოს მიღებდნენ... მეც იზოლატორში მივყავდით, მაგრამ როცა გაირკვა, რომ მხოლოდ ნასვამი ვიყავი, გამომიშვეს.

- შენი მეგობრის შესახებ რა ინფორმაცია გაქვს, როგორ არის? დედამისმა შვილის დაკავების შესახებ როგორ შეიტყო?

- ალბათ, დედამისმა ტელევიზორიდან გაიგო. მთელი ღამე ძალიან ნერვიულობდა, ყველგან რეკავდა, მაგრამ არც მე და არც გიორგის ტელეფონი არ გვქონია. ადვოკატებთან დარეკვა მოუხდა, რადგან გვეძებდნენ. როცა განყოფილებიდან გამომიშვეს, დავუკავშირდი. მომიყვა, რომ გიორგიც იპოვა და იზოლატორში იყო გადაყვანილი. ისიც მითხრა, რომ კარგად არის. უბრალოდ, ტელეფონი თან აღარ ჰქონდა. ვკითხე, მას თუ ელაპარაკა. - არა, არ მილაპარაკიაო... მაწყნარებდა კიდეც, რადგან ძალიან ვნერვიულობდი. გიორგი დღეს ღამით უნდა გამოვიდეს. იმედია, მართლა კარგად არის...

- როგორ ფიქრობ, საზოგადოებრივ აზრზე რა გავლენა მოახდინა შენ მიერ იმის აღიარებამ, რომ ნასვამი იყავი?

- სხვათა შორის, ძალიან ბევრი ადამიანი გვერდით დამიდგა. მიხარია, რომ ხალხის უმეტესობას ჩემი სჯერა. მეუბნებიან, - ყოჩაღ, მამაცი და ძლიერი ხარო. ზოგი წერს - ჩვენი გმირიო, მაგრამ პირადად მე, თავს გმირად მართლა არ მივიჩნევ, რადგან იმას ვაკეთებდი, რასაც ყველა კარგი მეგობარი მეგობრისთვის გააკეთებდა. გიორგი უმცროსი ძმასავით მიყვარს. ამ საქმეს ასე ვერ დავტოვებდი. მინდა, ასეთი უსამართლობა და ძალადობაც დამთავრდეს, რადგან უკვე ჟურნალისტებზეც ძალადობენ, მშვიდ მომიტინგეებზეც... ეს ყველაფერი ძალიან არასწორია. ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის უკეთესი მომავალი მინდოდა და ამ მომავალს ევროპასთან ერთად ვხედავ, რა თქმა უნდა.

- შენი მთავარი მოტივი რა იყო, როცა აქციებზე სიარული დაიწყე?

- ქვეყანაში საშინელება ხდება. "ქართული ოცნება" რას აკეთებს, საერთოდ? ქვეყანა მართლა თავზე გვენგრევა. ვფიქრობ, ყველანი გარეთ უნდა გავიდეთ და გავაპროტესტოთ. თან, "ქართულ ოცნებას" რა სლოგანი ჰქონდა, ხომ გახსოვთ? - "არა რუსეთს, კი ევროპას!" რეალურად, რა ხდება? კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესი 2028 წლამდე შეჩერებულია. იმავდროულად, პუტინი "ქართული ოცნების" ამ ნაბიჯს აქებს... ეს ყველაფერი ჩვეულებრივი აბსურდია, ხალხს ატყუებენ...განაგრძეთ კითხვა