ნაირა გელაშვილის „დედის ოთახი“ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია, რომელიც ფსიქოლოგიური სიღრმითა და არასტანდარტული თხრობის სტილით გამოირჩევა. ეს რომანი უჩვეულო ოჯახის ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს მოგვითხრობს, სადაც გმირები წარსულისა და აწმყოს ძიებით ცდილობენ საიდუმლოებების ამოხსნას. თხრობის პროცესში ავტორი ოსტატურად იყენებს რეტროსპექციას და ოჯახის წევრების მოგონებებს, რაც სიუჟეტს განსაკუთრებულად ემოციურსა და შთამბეჭდავს ხდის.
წიგნი მკითხველს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ფართო კულტურული და სოციალური თემების გააზრებას სთავაზობს. „დედის ოთახი“ კვლევას უტარებს ქალის როლს პირად, ოჯახურ და საზოგადოებრივ სივრცეებში, რაც გელაშვილის შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ ხაზს წარმოადგენს. წიგნის თხრობის უნიკალური სტილი, სიუჟეტის სიღრმე და ფილოსოფიური თემატიკა მას თანამედროვე ლიტერატურის კლასიკად აქცევს, რაც განსაკუთრებით საინტერესოა როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო მკითხველისთვის.
“დედის ოთახი” გამომცემლობა “პალიტრა L“-ის სერიის - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“ ფარგლებში მე-12 ტომად გამოიცემა. შეგახსენებთ, რომ სერიის წიგნებს თავად მკითხველი, ხმის მიცემის საშუალებით ირჩევს, ხოლო ნაირა გელაშვილი ჯერ-ჯერობით პირველი ქართველი მწერალია, რომელიც ამ სერიაში მოხვდა.
გთავაზობთ ინტერვიუს წიგნის რედაქტორთან, ნინო ბექიშვილთან:
როგორ შეაფასებდით ნაირა გელაშვილის რომანს „დედის ოთახი“, როგორც მკითხველი? რა მოგეწონათ, რამ დატოვა თქვენზე შთაბეჭდილება?
-„დედის ოთახი“ მაშინვე წავიკითხე, როცა გამოქვეყნდა, 1987 წელს. 18 წლისა ვიყავი და უკვე წაკითხული მქონდა ნაირა გელაშვილის შესანიშნავი მოთხრობები. მახსოვს, რომანმა თან გამაოგნა და თან ძალიან გამახარა, რადგან სრულიად ახალი სიტყვა იყო მაშინდელ ქართულ მწერლობაში. ქალი ავტორი, მთავარი გმირიც - ქალი და რომანის უჩვეულოდ ფაქიზი და ნატიფი ენობრივი ქსოვილი რაღაცნაირად ეხმიანებოდა ჩემს მაშინდელ განცდებსა და მოლოდინებს, ზუსტად ის წიგნი იყო, რომელსაც შინაგანად ველოდი.
რაც შეეხება რედაქტირების პროცესს, ცხადია, როგორც რედაქტორს ამ წიგნზე არ მიმუშავია, ეს ხომ პირველი გამოცემა არ არის. მხოლოდ ტექნიკური შესწორებები შევიტანე და დიახ, მუშაობის პროცესი უაღრესად სასიამოვნო იყო. ახლა თავიდან აღმოვაჩინე ეს მართლაც დიდი ქართული რომანი.
როგორც ვიცი, რომანს თხრობის საინტერესო სტილი აქვს. რა გამოარჩევს ამ წიგნს ავტორის სხვა ნამუშევრებისგან?
- „დედის ოთახი“ იმიტომაცაა 20-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ქართული რომანი, რომ აქ ყველაფერი ჰარმონიაშია - საინტერესო და მოულოდნელი ამბავიც, პერსონაჟების ხასიათებიც და ბუნებრივია, თხრობის მდინარებაც. წიგნში რამდენიმე მთხრობელია, რაც საინტერესოს და მრავალწახნაგოვანს ხდის თხრობას. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, ვფიქრობ, რომ „დედის ოთახი“ მწერლის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. რახან ნაირა გელაშვილი სიტყვის დიდი ოსტატია, ის ყოველთვის ახერხებს, რომ მისი ახალი ტექსტი წინას არ ჰგავდეს. ცხადია, მწერლის სტილი და ოსტატობა მაინც იგრძნობა ტექსტში, მაგრამ ვფიქრობ, მისი მოთხრობებისა და რომანების ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისიცაა, რომ როგორც წესი, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება.
როგორ ფიქრობთ, რატომ არის ნაირა გელაშვილის ნაწარმოებები დღემდე აქტუალური თანამედროვე მკითხველისთვის?
- ნამდვილი, დიდი ლიტერატურა ყოველთვის აქტუალურია, რადგან ისეთ თემებს ეხება, რომლებიც არ ძველდება. არ ძველდება არც ნამდვილი მწერლის ოსტატობა.
ვის ურჩევდით ამ წიგნის წაკითხვას?
- ყველას, ვისაც ლიტერატურა უყვარს და მხატვრული ტექსტები სიამოვნებას ანიჭებს. „დედის ოთახი“ მომხიბვლელი წიგნია, რომლის კითხვის პროცესში დიდ სიამოვნებას იღებ. თუმცა, ძალიან მინდა, რომ ის ახალგაზრდებმა წაიკითხონ.
R