ავტორი:

"რის გაკეთებას აპირებთ კვირას, როცა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი?" - როგორ უპასუხა პრეზიდენტმა Rest Is Politics-ის კითხვას

"რის გაკეთებას აპირებთ კვირას, როცა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი?" - როგორ უპასუხა პრეზიდენტმა Rest Is Politics-ის კითხვას

პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი.

"ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კვირასთან დაკავშირებით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება.

დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათი მოვალეობაა გააფრთხილონ სალომე ზურაბიშვილი, არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა.

"ეს არის არამარტო ჩვენი უფლება, არამედ ეს არის ჩვენი მოვალეობა. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული არა რეპრესიისკენ, არამედ დანაშაულის პრევენციისკენ. ჩვენი ამოცანა, ამ შემთხვევაში, არის დანაშაულის პრევენცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი. დამეთანხმებით, ძალიან ცუდი სურათი იქნება ჩვენ, რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი. ეს შეიძლება აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს და შეიძლება მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი, ასე ვიტყოდი. ესეც ქვეყანას, რა თქმა უნდა, არ დააქცევს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უბრალოდ არ იქნება ლამაზი სურათი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა“, - განაცხადა კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: