2024 წლის 21 დეკემბერს, წნორში, „სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირში“ გაიმართა ,,ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციისა” და „პირველი ქართული საერთაშორისო საგანმანათლებლო დიასპორული აკადემიის - „საზღვრებს მიღმა” ფილიალის დაფუძნების ცერემონია.
ღონისძიებაზე "ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციას”, ,,პირველ ქართულ საერთაშორისო დიასპორულ აკადემიასა” და „სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიება განხორციელდა ფონდის - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ - პრეზიდენტისა და ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებლის, ბიზნესმენისა და კულტურის მოღვაწის, თინათინ სვანიძე-ვენკოსა და ,,სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, თამთა კუსრაშვილის ერთობლივი ინიციატივით.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი თინათინი ამსტერდამში იმყოფებოდა და პირადად ვერ დაესწრო აღნიშნულ ღონისძიებას, მან ვიდეოზარის მეშვეობით მიმართა საგანმანათლებლო ცენტრში შეკრებილ მონაწილეებს,მიულოცა ესოდენ მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ქართულ-ეროვნული საქმიანობის დასაწყისი. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ სიღნაღის მერი, ბატონი მალხაზ ბეგიაშვილი, რომლის აქტიური თანადგომითა და ურთიერთთანამშრომლობით არაერთხელ განხორციელებულა მსგავსი პროექტები,მან სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გამოხატა უდიდესი სურვილი მსგავს პროექტებში მონაწილეობისათვის. შემდეგი გამომსვლელი გახლდათ სიღნაღის მერის მოადგილე,ბატონი გოჩა ვარდიაშვილი,რომლის მიმართვაც ძალიან ემოციური იყო,მან დიდი სითბოთი გაიხსენა გასულ ზაფხულს,სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე პირველი საერთაშორისო დიასპორული თეატრ ,,დაბრუნების” მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი ,,Hellados”,რომელმაც ღრმა ემოციებით აღავსო თითოეული მაყურებელი და დაუვიწყარ მოგონებად დარჩათ,ამასთან დაკავშირებით,თეატრ ,,დაბრუნების” ტექნიკური რეჟისორი,მაკა მიდოდაშვილი,სიტყვით გამოსვლისას ბავშვებს დაჰპირდა,რომ მორიგ სპექტაკლში,რომელიც იგეგმება და უმოკლეს ხანში გახდება ცნობილი,ისინი აქტიურად ჩაერთვებიან რეპეტიციებში და სპექტაკლში მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდ,,დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გალის რაიონში-ლანა ლაცუზბაია, რომელმაც ისაუბრა ცოტა ხნის წინ იქ გახსნილ ფილიალზე და მის საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე,შემდეგი გამომსვლელი გახლდათ კალიგრაფი-დავით მოისწრაფიშვილი,რომელმაც ისაუბრა ქართული კალიგრაფიის მნიშვნელობაზე და დასასრულ ქალბატონ თინათინის სახელითა და მისი ხელმოწერით ასოციაციაში გაწევრიანებულ ახალ წევრებს საპატიო სიგელები გადასცა.ამის შემდეგ კალიგრაფებმა ერთად გამართეს მასტერკლასის საინტერესო გაკვეთილი,რომელშიც აქტიურად ჩაერთო ღონისძიების ყველა მონაწილე. ღონისძიება გაგრძელდა და მან წნორში ახლად დაფუძნებულ გალერეა ,,არტთაიმში“ გადაინაცვლა,სადაც გამოფენილი იყო ახალგაზრდა შემოქმედთა ხელნაკეთი ნივთები, კერამიკისა და ხის ეპოქსიდის ნამუშევრები; სტუმრებს გაუმასპინძლდნენ Tika Svanidze Vancko (TSV) Estate-ის ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ღვინოებითა და კომპანია ,,TEANATEAS” ჩაის არომატებით. ასევე მოწყობილი იყო სივრცე, სადაც წარადგინეს თინათინ სვანიძე-ვენკოს გახმაურებული ბიოგრაფიული რომანი - „ქალი სხვა სამყაროდან“. ,,ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციისა” და ,,პირველი საერთაშორისო საგანმანათლებლო დიასპორული აკადემიის”მიერ წნორში მომავალში მოეწყობა უნიკალური სივრცე,სადაც დამთვალიერებლებსა და ტურისტებს შეეძლებათ, შეიძინონ ხელნაკეთი კერამიკული და კალიგრაფიული პროდუქცია, მათთვის ასევე გაიმართება მასტერკლასები.
საზოგადოებისათვის ასევე უმნიშვნელოვანესია იმისი ცოდნა,რომ 2024 წლის 21 დეკემბერი მრავალი წლის წინ დაწყებული კეთილშობილური პროექტის გაგრძელებაა,პროექტისა, რომლის შემოქმედიც გახლავთ 18 წლის თემური ვენკო, რომელმაც ჯერ კიდევ წლების წინ ითავა მზრუნველობა წნორის შშმ ბავშვთა სახლის ბინადრებზე და საქველმოქმედო საქმიანობის შედეგად შეაგროვა ფინანსები მათი ცხოვრების ხარისხისა და სახლის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.სწორედ მისი მნიშვნელოვანი ხელშეწყობით და დონაციით არსებობს დღემდე „სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი“.სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ თემურ ვენკო ღონისძიების ავტორისა და აკადემიის დამფუძნებლის, თინათინ სვანიძე-ვენკოს უმცროსი ვაჟია.
აღნიშნული ღონისძიება გაგრძელება იყო იმ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტებისა, რომლებიც თინათინ სვანიძე-ვენკოს თაოსნობით გამუდმებით ხორციელდება საერთაშორისო დიასპორული პროექტის-„საზღვრებს მიღმა”ფარგლებში.ამის დასტურია ცოტა ხნის წინ, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტ ისაიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი,იქ არსებულ ხელოვნების სკოლაში დაფუძნდა აკადემიისა და ,,ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის” ფილიალი,სადაც უკვე მეხუთე კვირაა, მიმდინარეობს კალიგრაფიისა და ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო გაკვეთილები, რომლებიც ეპარქიის მოსახლეობისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ახალგაზრდობისთვისაა განკუთვნილი.
აღსანიშნავია,რომ,,ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაცია”და აკადემია წნორის შემდეგ გეგმავს ფილიალების დაფუძნებას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში,რათა საქართველოს მომავალ თაობებს განათლების ფართო ასპარეზზე გასვლისა და ეროვნული სულისკვეთებით გამსჭვალული ცოდნის დაუფლების საშუალება მისცეს.
R