სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის თვითმფრინავის შავი ყუთების მიერ ინფორმაციის ჩაწერა ავიაკატასტროფამდე 4 წუთით ადრე შეწყდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი სამსახურები გამოიძიებენ იმას, თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავის შავი ყუთების მუშაობის შეჩერება.
შეგახსენებთ, 29 დეკემბერს Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა. კატასტროფის დროს თვითმფრინავის ბორტზე 175 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის ორი წევრი გადარჩა.
ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, კატასტროფა თვითმფრინავის შასში ჩიტის მოხვედრამ გამოიწვია, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.