თიკა სვანიძე-ვენკო ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი და კულტურის მოღვაწეა. ის წლებია ხელმძღვანელობს საერთაშორისო ორგანიზაციას - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ - რომლის სახელსაც ბოლო პერიოდში არაერთი გახმაურებული და მნიშვნელოვანი ეროვნული პროექტი და ინიციატივა უკავშირდება. მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ქართული ემიგრაციის ლიდერს და საქართველოს არაოფიციალურ ელჩს მთელს პლანეტაზე. ტურიზმი, ღვინის და ჩაის ბიზნესი, ქართული კალიგრაფია, განათლების სექტორი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სფეროების, რომლებშიც წარმატებას მიაღწია. მისი ბიზნესიდან მიღებული მოგების 50%-ს კი დაუნანებლად ხარჯავს ეროვნულ, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებსა და ქველმოქმედებაში. 2022 წელს ფართო საზოგადოებამ თიკა სვანიძე-ვენკო ახალი, განსხვავებული პერსპექტივიდან აღმოაჩინა, როცა გამოიცა მისი ავტობიოგრაფიული რომანი - „ქალი სხვა სამყაროდან“ (გამომცემლობა Palitra L). წიგნმა მას დიდი პოპულარობა და აღიარება მოუტანა და ის მალევე ითარგმნა ინგლისურ ენაზე.
ამ ინტერვიუში თიკა-სვანიძე ვენკოსთან 2024 წელს განხორციელებულ დიასპორულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ.
- თქვენი საქმიანობის სფეროები და, ზოგადად, ბიოგრაფია იმდენად მრავალფეროვანია, იმდენად ბევრ მიმართულებას მოიცავს, სიმართლე გითხრათ, რთულია დაიჯერო, რომ ერთი ადამიანი ხართ...
- დიახ, თავადაც მიჭირს ამის დაჯერება. არაერთხელ დამუფლებია განცდა, რომ არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ვიცხოვრე. სხვანაირად ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. ადამიანს უნდა ეყოს გამბედაობა, სიმამაცე, რომ რამდენჯერმე ხელახლა, ცარიელი ფურცლიდან დაიწყოს ყველაფერი; გამოცადოს თავი სხვადასხვა როლში... ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მიჭირს, არ მიყვარს დიდ ხანს ერთ ადგილას გაჩერება, სიახლეებისკენ სწრაფვა ჩემი ხასიათის მთავარი ელემენტია. ახლაც ერთდროულად რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ტვინი მაინც ვერ ისვენებს, პარალელურად განაგრძობს ფიქრს და ახალ-ახალი ინსპირაციებისა და იდეების ძიებაშია.
- გარდა საკმაოდ წარმატებული ტურისტული კომპანია TIKA TOURS-ისა, თქვენ ფლობთ ქართული ღვინის ბრენდს - TIKA SVANIDZE VANCKO ESTATE WINERY. ასევე გაქვთ ქართული ჩაის (TEANATEA) და პრემიუმ კლასის ჭაჭის ხაზი „მეფის რჩეული“, სამკაულებისა და ტანსაცმლის ბრენდი - TINATIN. დარწმუნებული ვარ, ეს თქვენი ბიზნეს საქმიანობების სრული ჩამონათვალი არ იქნება... რა არის თქვენი ბიზნესის უმთავრესი პრინციპი, კონცეფცია? რა აერთიანებთ მათ?
- თუ გინდათ, პათეტიკაში ჩამომართვით, მაგრამ ჩემ მიერ დაარსებულ ყველა კომპანიას, წამოწყებულ ბიზნესს, აერთიანებს ერთადერთი სიტყვა - საქართველო. მე ეროვნული ბიზნესი ვარ - ამ სიტყვების სრულიად პირდაპირი მნიშვნელობით. თუ დააკვირდებით, მარტივად აღმოაჩენთ, რომ ჩემ მიერ შექმნილი ყველა პროდუქტი თავისებურად ჰყვება ჩვენი სამშობლოს ისტორიას. ბიზნესმენიც ამიტომ გავხდი - მინდოდა, რაც შეიძლება ბევრი ხალხისთვის გამეცნო და შემეყვარებინა საქართველო. TIKA TOURS დავაარსე, რადგან მინდოდა ადამიანებს საქართველო აღმოეჩინათ და ემოგზაურათ. TIKA SVANIDZE VANCKO ESTATE WINERY-ის მიზანი ჩვენი იდენტობის უმთავრესი ნაწილის, ღვინის პოპულარიზაციაა - ღვინის ენაზე მოთხრობილი საქართველო. TINATIN-ი კი უძველესი ქართული კულტურის უნიკალურ არტეფაქტებს ულამაზეს სამკაულებად გარდაქმნის...
ჩემი ბიზნესი ის ენაა, რომლითაც მსოფლიოს საქართველოს შესახებ ვუყვები და არა უბრალოდ გამდიდრების საშუალება... თქვენ კონცეფციაზე მკითხეთ... თუ ადამიანს უბრალოდ გამდიდრება უნდა და მისი მთავარი და ერთადერთი მოტივაცია მხოლოდ ეს არის, ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება. მაგრამ თუ ბიზნესის დაწყება იმიტომ გსურს, რომ შენი ოცნებები აიხდინო, ამას აუცილებლად შეძლებ! მე საკუთარი სურვილები, ოცნებები, ფიქრები და გამოცდილებები ვაქციე ბიზნესად და, სწორედ ამიტომ გახდა ის წარმატებული. ასეთია ჩემი ხედვა.
- ბიზნეს საქმიანობის პარალელურად თქვენ აქტიურად აგრძელებთ საქართველოს პოპულარიზაციას მსოფლიოში. გვახსენდება ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე, 2023 წელს გამართული ქართული კულტურის დღეები, ერთი წლით ადრე კი 1945 წლის ქართველთა აჯანყებისადმი მიძღვნილი მემორიალის საზეიმო გახსნა, რაც, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა გახლდათ. როგორი იყო ამ თვალსაზრისით 2024 წელი თქვენთვის?
- ტექსელის აჯანყებაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის უკვდავყოფა მართლაც შევძელით... ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ამით ვალი მოვიხადეთ მათი სულების და ხსოვნის წინაშე... ტექსელი ჩემთვის პატარა საქართველოა... მახსოვს, ერთხელ, სრულიად შემთხვევით, როცა ავტომობილით ტექსელის ქუჩებს მივუყვებოდი, თვალი მოვკარი წარწერას ნავიგაციაში - „Georgiëweg“ („საქართველოს ქუჩა“). მეგონა მეჩვენებოდა. გავაჩერე მანქანა და როგორც კი დავრწმუნდი, რომ რეალობასთან მქონდა საქმე, ცრემლები თავისით გადმომცვივდა თვალებიდან.
დაუვიწყარი გამოდგა ქართული კულტურის დღეებიც... მახსოვს, ტექსელის მერიაში სიტყვით გამოსვლისას ვთქვი, რომ 1945 წელს სამუდამოდ დაუკავშირდა ერთმანეთს ნიდერლანდელებისა და ქართველი ერის ისტორია. მაშინ, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, ჩვენ, ქართველები და ნიდერლანდელები, ერთად, მხარდამხარ ვიბრძოდით - ეს კი ცოტას არ ნიშნავს. პირიქით, ეს ის გამოცდილებაა, რომელმაც არ შეიძლება უკვალოდ ჩაიაროს. ამიტომ, როდესაც ტექსელის აჯანყებაში დაღუპული გმირების მემორიალურ მონუმენტს ვხსნიდით, ვფიქრობდი არა მხოლოდ წარსულზე და იმაზე, რომ ისტორიის წინაშე ვალი უნდა მოგვეხადა, არამედ მომავალზეც. წარსული გამოცდილება უნდა იქცეს მიზეზად და ბიძგად ჩვენი კიდევ უფრო დაახლოების.
ნახევარ ცხოვრებაზე მეტი ევროპაში გავატარე და თამამად ვიტყვი - მე, ერთ ადამიანს, რაც შემეძლო, ყველაფერი გავიღე იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი ჰქონოდა. არც ახლა ვაკლებ ცდას, რომ ეს სწრაფვა ჩვენი ისტორიულ-კულტურული, ქრისტიანული სივრცისკენ, ევროპისკენ, გაგრძელდეს. მთელი ჩემი საზოგადოებრივი თუ კულტურული მოღვაწეობა ამ იდეის მხარდაჭერისკენ იყო, არის და იქნება მიმართული. ჩვენ ვართ თვითმყოფადი, უძველესი, უმდიდრესი კულტურის ქვეყანა და ასევე ღირებულებებით, ცნობიერებით ევროპული ცივილიზაციის სრულყოფილი ნაწილი.
სწორედ ამ დიდი მიზნისკენ სავალი გზის ფრაგმენტები იყო ჩემთვის გასული, 2024 წელიც.
- როგორც ვიცით, ქართული კულტურის დღეები არა მხოლოდ ნიდერლანდებში, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გაიმართა. როგორი გამოცდილება იყო?
- მართალი ბრძანდებით. 2024 წელს ქართული კულტურის დღეები პოლონეთშიც გავმართეთ, თანაც ორჯერ. ღონისძიებას ევროპის კოლეჯის ნატოლინის კამპუსმა უმასპინძლა. ორგანიზატორნი იყვნენ ევროპის კოლეჯის ქართველი სტუდენტები, რომელთა შორის არიან პოლონეთში „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. პირველი ვიზიტით თავადვე ვიყავი პოლონეთში, მაგრამ მეორე შემთხვევაში, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვახერხე პირადად ჩასვლა და მიხარია, რომ ჩემმა ვაჟიშვილმა, გიორგი ვენკომ თავი ყველაფერს შესანიშნავად გაართვა. სტუმრებს ქართული კულტურა კიდევ ერთხელ გავაცანით: ჩვენი მრავალსაუკუნოვანი დამწერლობისა და კალიგრაფიული ხელოვნების ტრადიცია, გვქონდა ქართული სამზარეულოს კერძებისა და ღვინის დეგუსტაციაც. ქართული ცეკვა შეასრულეს ფრანგმა, ესპანელმა, იტალიელმა და სომეხმა სტუდენტებმაც. მართლაც დაუვიწყარი დღეები გამოვიდა. ზოგადად, უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, განუზომელი სიხარულიც არის, წარმოადგენდე საქართველოს, იყო მისი ერთ-ერთი ხმა დანარჩენი მსოფლიოსთვის. ხმა, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა გაიგონოს. და როცა ამ პატივს გარგუნებს ცხოვრება, მადლიერიც ხარ და ამაყიც.
შემდეგ იყო მნიშვნელოვანი ვიზიტი პორტუგალიაში, სადაც მსოფლიოს მეღვინე ქალთა მასშტაბურ ფორუმზე (Women in wine) საქართველო წარვადგინე. პორტუგალია მსოფლიო ღვინის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და ღვინის დაყენების უდიდესი ტრადიციის მატარებელი ქვეყანაა და განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ იქ ქართულმა ღვინომ დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით აღფრთოვანდნენ ჩემს საფერავსა და ქისზე.
გამოვარჩევდი უმნიშვნელოვანეს ვიზიტებს გერმანიაში. ბერლინსა და ფრანკფურტს ვეწვიე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ბორდის წევრისა და ბენელუქსის ქვეყნებში წარმომადგენლის სტატუსით. მქონდა დასამახსოვრებელი პრეზენტაციები ქართული კულტურის, ღვინის, ტურიზმის პერსპექტივების შესახებ.
ასევე, ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ინდონეზიურ მხარესთან კოლაბორაცია. ჩემი მოწვევით საქართველოს ესტუმრნენ ინდონეზიური მედიის ვარსკვლავები. გვქონდა მასშტაბური კულტურული ტური და გადაღებები - მომზადდა საქართველოს შესახებ შესანიშნავი სიუჟეტები, რომლებიც ინდონეზიის ტელესივრცეში ყველაზე პოპულარულ არხებზე გაშუქდა. მათ ვიზიტს ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური დატვირთვაც - ერთად ვესტუმრეთ ცხინვალის რეგიონს, საოკუპაციო ხაზსა და საოკუპაციო მუზეუმს. კიდევ ერთხელ გაესვა საერთაშორისო პლატფორმებზე ხაზი ოკუპაციის პრობლემას... თამამად ვიტყვი, ამ დღეებმა ინდონეზიელ სტუმრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა...
დიდი გამოხმაურება მოჰყვა ნოემბრის ბოლოს ჩემს ვიზიტს ბილბაოში. Impact Europe Week Bilbao 2024 - ეს მართლაც მნიშვნელოვანი და გავლენიანი საერთაშორისო კონფერენციაა და მიხარია, რომ იქ ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენდი. ამ ვიზიტს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა ჩემს სოციალურ გვერდზე და მინდა კიდევ ერთხელ თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო კეთილი სიტყვებისთვის.
- არ შეიძლება არ აღინიშნოს მოვლენა, რომელმაც, შეიძლება ითქვას, სრულიად საქართველო გააერთიანა - პროექტი „საზღვრებს მიღმა“. თქვენ მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან ჩამოიყვანეთ სამშობლოში ემიგრანტი ქართველი ბავშვები კულტურულ-საგანმანათლებლო მისიით. ეს ალბათ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დიასპორული პროექტი იყო. ამ გადმოსახედიდან როგორ აფასებთ პროექტის მნიშვნელობას?
- მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაო დრო გავიდა, ახლაც გამიჭირდება პროექტის ემოციების გარეშე, ცივი გონებით შეფასება. ჩვენ შევძელით და მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან, ევროპიდან და ამერიკიდან, საქართველოში 70-ზე მეტი ემიგრანტი ქართველი უნიჭიერესი ახალგაზრდა ჩამოვიყვანეთ და ერთმანეთს და სრულიად საქართველოს მართლაც დაუვიწყარი მომენტები ვაჩუქეთ. მაგრამ ამ დღეებს წინ უძღოდა დიდი და ხანგრძლივი შრომა - ადვილი არ არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულ ქართველ ბავშვებს ონლაინ შეასწავლო ქართული ენა, თეატრალური ხელოვნება ისე, რომ მათ საქართველოს დიდ სცენებზე ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსის“ თამაში შეძლონ. მთავარი კი ის იყო, რომ მათ ასევე შეუერთდნენ ბავშვები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და ასევე თანატოლები ისტორიული ჰერეთიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან. ისინი ამ დღეების მანძილზე ერთად ეცნობოდნენ სიღრმისეულად საქართველოს ისტორიას, უძველესი ქართული კალიგრაფიის ხელოვნებას, ქართულ კულტურასა და ერთად მოგზაურობდნენ ჩვენს სამშობლოში. მჯერა, ეს გამოცდილება იქნება ბევრი თვალსაზრისით გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნისთვის და თავის შედეგს მომავალშიც აუცილებლად გამოიღებს. ეს ბავშვები დამეგობრდნენ და აუცილებლად ერთად შექმნიან ძლიერ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოს.
- ალბათ ამ პროექტის ლოგიკურ გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ თქვენ მიერ „პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემიის“ და ,,ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის" დაფუძნება... რა პროექტები განხორციელდა და დაიგეგმა უკვე?
- რა თქმა უნდა. მერწმუნეთ, წინ დიდი ამბები გველის. უმცირეს დროში, სულ რამდენიმე კვირაში ჩვენ უკვე საკმაოდ ბევრი შევძელით. აკადემია აუცილებლად შეასრულებს სრულიად განსაკუთრებულ როლს ქართველ ემიგრანტთა შორის ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების, გავრცელების და გაძლიერების მიმართულებით. გარდა ამისა, ის შეუქმნის თვითრეალიზაციისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს საქართველოში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათაც, ვისაც ჩვენი მზრუნველობა განსაკუთრებულად სჭირდებათ.
ჩვენ უკვე გავხსენით აკადემიის ფილიალი სიღნაღში, სადაც შშმ ბავშვებისთვის უნიკალური ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე იქმნება. ასევე გალში, და ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პროცესში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობის გასააზრებლად. გავაფორმეთ მემორანდუმი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტ ისაიასთან და იქ თითქმის ორი თვეა, ვატარებთ ინგლისური ენისა და ქართული კალიგრაფიის ხელოვნების შემსწავლელ გაკვეთილებს, რომლებიც არა მარტო ეპარქიის მოსახლეობის, არამედ ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ახალგაზრდობისთვისაცაა განკუთვნილი და, ცხადია, არის სრულიად უფასო.
უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ფილიალის გახსნას ზუგდიდშიც და, ზოგადად, საქართველოს ყველა ეპარქიაში.
აუცილებლად უნდა ვახსენო ჩვენი ისტორიული ჰერეთი, საინგილო, სადაც პირადად ვიყავი ჩასული. ჩვენი უკვე ვითანამშრომლეთ პროექტის - „საზღვრებს მიღმა“ - ფარგლებში და ჩვენი მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა იქ მცხოვრებ ქართველებთან აუცილებლად გაგრძელდება...
გარდა ამისა, წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც 10 წლის წინ დავაარსე. სიახლეები მუდმივად გვაქვს - შარშან ცენტრის ბაზაზე დავაფუძნეთ ქართული ცეკვის შემსწავლელი სტუდია და ანსამბლი „საქართველო“ და ჩვენს ემიგრანტ ბავშვებს აქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა დაეუფლონ ნაციონალური ცეკვის ხელოვნებას.
გადავარჩინოთ საქართველოს იდეა ჩვენს ემიგრანტებში და ჩავრთოთ ისინი ქვეყნის მშენებლობისა და განვითარების პროცესში აქტიურად - სწორედ ეს არის მიზანი, რომლისკენაც ვისწრაფვით.
R