ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს გულის სიღრმეში მართლა სჯერა, რომ აშშ რუსეთს დაუთმობს სამხრეთ კავკასიას" - ექსპერტი მირიან მირიანაშვილი

"დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს გულის სიღრმეში მართლა სჯერა, რომ აშშ რუსეთს დაუთმობს სამხრეთ კავკასიას" - ექსპერტი მირიან მირიანაშვილი

ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა სულ უფრო და უფრო კონფრონტაციული ხდება. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კონგრესის განახლებულ წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული "მეგობარი აქტის" ხელახლა დაინიცირების შემდეგ, რაც სანქციებს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისთვისაც ითვალისწინებს, ასევე დარეგისტრირდა "ქართული კოშმარის არაღიარების" აქტი. პროექტის თანახმად, აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკრძალება ბიძინა ივანიშვილის ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელისუფლების აღიარება. ამასთანავე, "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სახელზე გაიგზავნა კონგრესიდან წერილი, რომლითაც მას "ქართული ოცნების" "ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა" და "ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის" შესახებ ატყობინებენ. ამის პარალელურად ქვეყანაში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს "ქართულ ოცნებაში" მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ქვეყანაში აშკარად პოლიტიკური კრიზისია, თუმცა ხელისუფლებას ამის აღიარება არ სურს. შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება ექსპერტი მირიან მირიანაშვილი:

- თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ უნდა ვილაპარაკოთ ბიძინა ივანიშვილსა და მის ნებაზე, რადგან სხვა აქტორები "ქართული ოცნების" ე.წ. ლიდერები თუ ხელისუფლების უმაღლეს პოსტებზე მყოფი პირები არაფერს წყვეტენ. ამიტომ მათ პოზიციაზე საუბარში დროის დაკარგვა არ ღირს.

- დაახლოებით ბოლო სამი წლის განმავლობაში ივანიშვილი ატარებს ანტიდასავლურ პოლიტიკურ კურსს, რომელიც ყველაზე მკაფიოდ ამ ეტაპზე გამოჩნდა. თუმცა მას პოლიტიკური კურსიც არ ჰქვია, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ანტიდასავლური ნარატივების ერთობლიობა, რომელიც თანდათან უფრო მასშტაბური ხდებოდა და ასე მოვედით დღემდე. ამის ამოცანა კი, ვფიქრობ, არის ის, რომ ივანიშვილი ცდილობს ამერიკულ-რუსული მოლაპარაკების ნაწილში გარკვეული რეალობის ბენეფიციარი გახდეს. ის, როგორც რუსეთის პრივილეგირებული ქვეშევრდომი, ცდილობს დასავლეთის წინაშე საქართველოში არსებული რეალობა ისე წარმოადგინოს, თითქოს პოლიტიკური თუ ბიზნესელიტა მის მხარეს არის, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ეპაექრება. ჩემი აზრით, ივანიშვილი ელოდება რუსულ-ამერიკული ურთიერთობის გადალაგებას და სამხრეთ კავკასიაში იმგვარი ვითარების ჩამოყალიბებას, რომელშიც ამერიკა საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარებს და ამის სჯერა. მას სურს მისი გრძელვადიანი პოლიტიკური უფლებები, როგორც რუსეთის პარტნიორისა, დასავლეთმა აღიაროს და ელის, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ეს მოხდება. ვიდრე ეს სჯერა, კურსის ცვლილების იმედი არც ქვეყანაში და არც მის გარეთ არავის არ უნდა ჰქონდეს.

- ბოლო დროს "ქართული ოცნების" ლიდერების რიტორიკას თუ შევხედავთ, ვფიქრობ, ივანიშვილს უკვე ცოტა ეჭვი შეეპარა, რომ ტრამპი მის იმედს გაამართლებს...

- ამ განცხადებებით თავის დაზღვევას ცდილობენ. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს გულის სიღრმეში მართლა სჯერა, რომ აშშ რუსეთს დაუთმობს სამხრეთ კავკასიას თუ ახლო მომავალში არა, შორეულში მაინც. ვიდრე საბოლოოდ არ გაცამტვერდება ამის იმედი, ის იმავე პოლიტიკას გააგრძელებს. რას გააკეთებს, როდესაც დარწმუნდება, რომ აშშ საქართველოზე რუსეთის უფლებებს არ აღიარებს, ეს არის ყველაზე საინტერესო.

- თუ გავითვალისწინებთ იმ ნაბიჯებს, რასაც აშშ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით დგამს და ეს არ არის მხოლოდ დემოკრატების პოზიცია, ჩვენ ვისმენთ უმკაცრეს შეფასებებს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებისგანაც, რა აძლევს იმედს ივანიშვილს, რომ აშშ საქართველოს და საზოგადოდ, სამხრეთ კავკასიას რუსეთს დაუთმობს?

- აბსურდული აზრი, რომ თითქოს აშშ ტოვებს კავკასიას და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეს, ფეხმოკიდებული ილუზიაა რუსულ სამხედრო, პოლიტიკურ და უშიშროების წრეებში. ამ საინფორმაციო ნარატივის მოსმენა სურთ მათ ქვეყანაში და აფინანსებენ ამის გავრცელებას ქვეყნის გარეთაც, მათ შორის საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი რომ იყოს ამ ნარატივების გავლენაში, მისი წარსულიდან, ბიზნესურთიერთობებიდან და კავშირებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ არის გასაკვირი. გადახედეთ "ქართული ოცნების" პროპაგანდისტებს, ისინი გამუდმებით ლაპარაკობენ რუსეთის გამარჯვებაზე და ავითარებენ მოსაზრებებს, რისი მოსმენაც ბიძინა ივანიშვილს სიამოვნებს და სურს. არადა, რეალობა სრულიად სხვაა და პროპაგანდა კიდევ 180 გრადუსით განსხვავებული. ამიტომ ამ სიტუაციაში ნებისმიერი რუსეთუმე არის აპრიორი ფუნდამენტური ილუზიების ტყვეობაში. შესაბამისად, ამ ნარატივების ზეგავლენაში რომ იყოს ბიძინა ივანიშვილიც, გასაკვირი არ არის. ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები რეალობასთან ფუნდამენტურ დისონანსში გვაქვს, ანუ საქართველოს ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად აღიქვამს რეალობას.

- 8 იანვარს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა... ძალიან საინტერესოა წერილის ბოლო ნაწილი, რომელშიც გამოთქმულია იმედი, რომ ტრამპი დიფ-სთეითსა და "გლობალური ომის პარტიას" ამერიკაშიც და ევროპაშიც დაამარცხებს და საქართველო ევროპისკენ გზას გააგრძელებს. როგორ შეაფასებთ "ქართული ოცნების" ამ განცხადებას?

- ეს არის რუსული იმპერიების პროპაგანდის ქართული ვერსია. ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე ტრამპმა უნდა გაანადგუროს აშშ-ის მმართველი ელიტა, რომლის პროდუქტიც თვითონ არის, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. როგორც ჩანს, ივანიშვილი დროდადრო რუსეთის წინაშე თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები გააკეთოს და ამით კრემლი დაამშვიდოს, ამ გადამწყვეტ ვითარებაში ჩვენ არსად წავალთ, არ გიღალატებთო. ამ ტიპის განცხადებების ერთადერთი არსი რუსეთისთვის ლოიალურობის დამტკიცებაა, მას სხვა ადრესატი არა ჰყავს. დღეს რუსეთის ელიტას ფუნდამენტური აუცილებლობა უდგას, რომ დასავლეთთან დაპირისპირება წარმოაჩინოს როგორც რუსეთის გამარჯვება. რუსეთი დაპყრობილი ერების ციხეა და ნებისმიერი საგარეო მარცხი დაპყრობილი და დაჩაგრული ერების აჯანყებით მთავრდება ხოლმე. შესაბამისად, რუსეთის ელიტას პროპაგანდაში დამარცხების აღიარების უფლება არა აქვს.

ბიძინა ივანიშვილის რიტორიკის მოტივაცია კი ასეთია: შეაერთოს პროპაგანდისტულ ნარატივში ორი ფუნდამენტურად განსხვავებული რამ - ქართველი ერის ევროინტეგრაციის სურვილი და "ქართული ოცნების" ცდა, რუსულ ელიტას გაუგოროს კოჭი. ეს წერილიც ამის ნიმუშია. არადა, ეს ორი თეზა ერთმანეთის გამომრიცხავია, მხოლოდ ქაღალდზე შეიძლება თანაარსებობდნენ, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ასე სჭირდება, მაგრამ რეალურად პოლიტიკაში პროდასავლური კურსის რეალიზებაც და რუსეთის ხელისუფლების ქვეშევრდომობაც ვერ მოხერხდება. ამიტომაც "ქართულ ოცნებას"ძალიან მალე დაუდგება პერიოდი, როდესაც მოუწევს არჩევანის გაკეთება - მან ან უნდა გააგრძელოს კრემლის პოლიტიკური მაამებლობა, ან მიუბრუნდეს ქართველი ერის პროდასავლური მისწრაფებების რეალიზების პოლიტიკას. ამ მხრივ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაიმართება, ბიძინა ივანიშვილისთვის ლაკმუსის ქაღალდი იქნება. გააგრძელეთ კითხვა