ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელ გულშემატკივარს და "ნაპოლის" დაემშვიდობა. როგორც ცნობილია, ხვიჩამ "პარი სენ-ჟერმენთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მომდევნო წლებში პარიზული გრანდისთვის შეუტევს.
ხვიჩამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომლითაც "ნაპოლის" დაემშვიდობა. ვიდეო გულშემატკივრისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა.
დი ლორენცო: "მშვიდობით, მეგობარო. სამუდამოდ დარჩება ამ ქალაქის ისტორიაში ის, რაც გააკეთე, თავს იღბლიან ადამიანად ვთვლი, რადგან შენ გვერდით თამაში მომიწია. ყველა ოცნების ახდენას გისურვებ. მიყვარხარ".
ჯაკომო რასპადორი: "მადლობა ხვიჩა. შენ საუკეთესოს იმსახურებ".
ჩირო სარპა (ნაპოლის ფოტოგრაფი): შენ განსაკუთრებული და მორცხვი ბიჭი ხარ, მაგრამ გოლის გატანის დროს ყოველთვის იღიმი. ასე გააგრძელე"
დეჩი ბელინი, ცნობილი ხმა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ალბათ არასდროს დაავიწყდება კომენტარს ქართულად წერს: მომენატრები. ყველაფერი საუკეთესო შენ და შენს ოჯახს.
"ძვირფასო ხვიჩა, 45 წლის კაცი ვარ, ჟურნალისტი, ამიტომ მიჩვეული ვარ ისტორიების მოყოლას ემოციებზე, ტკივილზე, დიდ წარმატებასა თუ ტანჯვაზე, მიჩვეული ვარ ფეხბურთელებზე და ფეხბურთზე საუბარს, გოლეადორებზე, ნამდვილ მონსტრებზე ლაპარაკს, მაგრამ ამ ვიდეოს ყურების დროს ვტიროდი და ჩემს ასაკში ტირილი, როცა ცხოვრებაში არაფერი გაკვირვებს, იშვიათია. მე არ ვარ ნეაპოლელი, არც "ნაპოლის" გულშემატკივარი, მაგრამ გავიზარდე 90-იან წლებში, როცა დიეგო არმანდო მარადონამ ფეხბურთის გულშემატკივრების გული გაანათა, შენ მისი პერანგი გეცვა, იმ მიუწვდომელი სილამაზის ღირსი იყავი. შენ ხარ ყველაზე ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელიც ოდესმე მინახავს მოედანზე დიეგოს შემდეგ. არავინ დამიკავშირებია ფეხბურთთან ისე, როგორც შენ, შენ ეს გააკეთე იმ დროში, როცა შენხელა ბიჭებში ფეხბურთის ნიჭს თრგუნავს სტატისტიკა, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ. შენ ხარ იდეალური ისტორია ნეაპოლისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რომელიც ამ ქალაქს აქვს. ვინც გულწრფელია, მან იცის, რომ არ წასულხარ შენი ნებით. ჯეიმს ჯოისმა თქვა: "სიყვარულს უყვარს სიყვარულის სიყვარული". და კი, ის სიყვარული, რომელიც შენ გამოიმუშავე ბურთთან პირველი შეხებით, "ნაპოლის" მაისურით" ყოველთვის შეძლებს რომ შენამდე მოვიდეს, ყოველთვის შეძლებს, რომ სიყვარულით გიპასუხოს. ახლა კი, იფრინე, ბიჭო, წადი და მოიგე ოქროს ბურთი. ყოველთვის შენ გვერდით ვარ, ჩემპიონო და მადლობა"
იტალიელი ფანების კომენტარები ქართულ ენაზე:
"ჩვენ შენ ყოველთვის გვეყვარები, ვიდრე იტალია და ეს ჩემპიონატი იარსებებს"
"მადლობა ყველაფრისთვის, რასაც მინდორზე ჩვენთვის აკეთებდი"
"მადლობა, ჩვენ გვიყვარხარ"
"შენი წასვლით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ უპირობოდ მიყვარხარ. სიტყვები ვერ აღწერს, თუ რამდენად მადლიერები ვართ ნეაპოლელები იმით, რომ შენ ამ გუნდის ნაწილი იყავი. მადლობა კვარა ამ საოცარი მოგზაურობისთვის. "ნაპოლი" არასოდეს დაგივიწყებს და იმედი მაქვს, რომ შენც არასოდეს დაივიწყებ მას. ოქროს ბურთი უნდა მოიგო, შენ ამას იმსახურებ".
"მადლობა ჩემპიონო რომ ნეაპოლელების ოცნება რეალობად აქციე", - წერენ გულშემატკივრები.