"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნების შემდეგ მათთან კონტაქტის მცდელობა ჰქონდა.
ამის შესახებ ხაზარაძემ "ტვ პირველის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს კონტაქტის მცდელობა ორჯერ ჰქონდა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ "გარიგება არ იქნება".
"ორჯერ ჰქონდა [ბიძინა] ივანიშვილს ჩვენთან კონტაქტის მცდელობა. პასუხად მიიღო ის, რომ არანაირი გარიგება მასთან და იმ ადამიანებთან, ვინც ქვეყანას მიათრევს ჭაობში, არ იქნება. ჩვენ ვართ გზის გასაყარზე. აქეთ არის რუსეთი და წარსული, იქეთ არის მომავალი. მას ხომ ღირებულებები აღრეული აქვს და ჰგონია, რომ ყველგან დაალაგებს. ამიტომ აქვს ყველგან გაფუჭებული საქმე და იგი ამ ქვეყანას უყურებს, როგორც რაღაც კომპანიას. მას ჰგონია, რომ ყველა ადამიანს აქვს ინტერესი. როგორ შეიძლება შენ გქონდეს ინტერესი ქვეყნის მიმართ და სხვა ინტერესი არ გქონდეს. ეს კაცი არის საშიში თავისი მენტალობით", - განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, როდის შედგა მასა და ივანიშვილს შორის კონტაქტი და რას ითხოვდა მისგან "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ხაზარაძემ უპასუხა:
"არჩევნების მერე მანდ გამომიგზავნა კაცი, რადგან ის არ მოელოდა, რომ ჩვენ, ოპოზიცია და განსაკუთრებით პრეზიდენტი ამ არჩევნებს გამოაცხადებდა არალეგიტიმურად. ეს იყო პირველი შოკი. მას ეგონა, რომ ამ არჩევნებსაც გადააბალახებდა, ისე როგორც გადააბალახა შარლ მიშელის დოკუმენტი. გახსოვს რამდენი ვიბრძოლეთ მაშინ და რით დამთავრდა ეს ყველაფერი" - თქვა ხაზარაძემ.
ჟურნალისტმა სთხოვა დაეკონკრეტებინა, სთხოვდა თუ არა ივანიშვილი მას პარლამენტში შესვლას, რაზეც მამუკა ხაზარაძემ, ასე უპასუხა:
"არა ეს არ იყო, ეს იყო მოსინჯვა. იგი ცდილობს რომ ვიღაცას რაღაც შესთავაზოს ვიღაც იყიდოს. ეს მისი მეთოდია.მე იმ ადამიანის ჯგუფს მივეკუთვნები ვისთისაც სინდისი და გამჭვირვალობა მთავარია" - განაცხადა ხაზარაძემ.