ავტორი:

"ანწუხელიძე, მოგყვა კვალში კიდევ ერთი არწივი!" - უკრაინაში დაღუპული თუში ბიჭი, რომელიც თავის ბრძოლას აგვისტოს ომში დაღუპულ ბიჭებს უძღვნიდა

"ანწუხელიძე, მოგყვა კვალში კიდევ ერთი არწივი!" - უკრაინაში დაღუპული თუში ბიჭი, რომელიც თავის ბრძოლას აგვისტოს ომში დაღუპულ ბიჭებს უძღვნიდა

დღეს საქართველოში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები დახვდნენ. ქართველი მებრძოლი უკრაინაში, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსებთან ბრძოლის დროს დაიღუპა. მას სამშაბათს დაკრძალავენ. დარჩა მეუღლე და ორი შვილი.

"ანწუხელიძე, მოგყვა კვალში კიდევ ერთი არწივი! უფალს ებარებოდეთ თუშნო, ვაჟკაცნო, შეუპოვარნო ბრძოლაში..." - ასეთი იყო კახა თილიძესთან გამოსამშვიდობებელი თანამებრძოლების სიტყვა.

  • კახა უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, იყო აზოვის პოლკის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი. ბოლო პერიოდში უცხოური ლეგიონის რიგებში ირიცხებოდა.

"თუში ვაჟკაცი - გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. უმამაცესი მებრძოლი იყო, სამშობლოზე უზომოდ იყო შეყვარებული, აგვისტოს ომში დაღუპულ ბიჭებს მიუძღვნა თავისი ბრძოლა და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ საკუთარი სიცოცხლეც“, - ამბობს უკრაინაში მებრძოლი დათო აბულიძე.

უფრო ვრცლად კახა თილიძის შესახებ მისი დიდი ხნის მეგობარი და ასე უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯგუფი „სარანგის მეთაური“ მიხეილ ბატურინი გვესაუბრება:

- კახა თილიძე ფრონტის ხაზზე გმირულად დაეცა. ის პედანტი იყო და საბრძოლო დავალებებსაც ყოველთვის პედანტურად ასრულებდა. ამჯერადაც დავალების შესასრულებლად იყო, თავის ბიჭებთან ერთად. საუკეთესო შედეგი დადო, მაგრამ უკან დაბრუნებისას დრონების თავდასხმის ქვეშ მოჰყვა. სამწუხაროდ, საქართველომ საუკეთესო შვილი, უკრაინამ კი გამორჩეული მებრძოლი დაკარგა. მე და კახას 20 წლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა, ერთად ვმუშაობდით, საქართველოს პრეზიდენტის პირადი დაცვის სამსახურში. პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა, ძალიან განათლებული იყო, ანალიტიკური აზროვნება ჰქონდა, ფიზიკურადაც კარგად იყო მომზადებული.

თილიძე და ბატურინი

სულ რაღაცას სწავლობდა, მუდმივად მუშაობდა საკუთარ თავზე და შემდეგ საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებდა. უაღრესად პასუხისმგებლობიანი, საკუთარი საქმის პროფესიონალი და ამავე დროს მშვიდობის მოყვარე ადამიანი იყო. ზოგჯერ, როდესაც ბიჭებს შორის რაღაც გაუგებრობა, ან შეკამათება იყო, კახა ყოველთვის გამოსავლის მოძებნას, კონფლიქტის მოგვარებას ცდილობდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უაღრესად შეყვარებული იყო საქართველოზე. უკრაინაში სხვადასხვა მიმართულებებზე ვიბრძოდით, ბოლოს ორი თვის წინ შევხვდი, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. საქართველოში არსებული სიტუაციის გამო წუხდა. საკუთარი თავს, როგორც ყველა ჩვენგანი, ისიც საქართველოში ხედავდა. მასაც გააზრებული ჰქონდა, რომ უკრაინაში საქართველოს თავისუფლებისთვის ვიბრძვით. ჩვენი საბოლოო მიზანი საქართველოში დაბრუნებაა.

- 2008 წლის აგვისტოს ომში ხომ არ მონაწილეობდა?

- არა, ამ პერიოდში უკვე პრეზიდენტის დაცვის სამსახურში იყო და მასზე დაკისრებულ მისიას ასრულებდა. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვეძლეოდა იმის შესაძლებლობა, რომ მტერთან ღია ბრძოლაში ჩავრთულიყავით და ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ გვებრძოლა. ამას ყოველთვის განიცდიდა და როგორც შესაძლებლობა მიეცა, მაშინვე ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის იბრძოდა საქართველოსთვის, აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების სახელით. სწორედ მათ ხსოვნას მიუძღვნა თავი.

თილიძის პანაშვიდი უკრაინის ტაძარში

- უკრაინაში როდის ჩამოვიდა?

- როგორც კი რუსეთი უკრაინას დაესხა თავს მაშინვე, 2014 წელსვე ჩამოვიდა და ჯარისკაცებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა. წვრთნასა და აღჭურვაში ეხმარებოდა უკრაინულ არმიას. 2022 წლის თებერვალში, როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო კახა უკვე პირადად ჩაერთო საომარ მოქმედებებში.

- ჩემი ინფორმაციით მისი მისია მხოლოდ ჯარისკაცების გაწვრთნა იყო და არა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა...

- მე ასე გეტყვით, კახას შეეძლო, მაგრამ არასდროს დარჩებოდა უკანა ფლანგზე. მისი ხასიათი, ბუნება, სამშობლოსადმი სიყვარული, მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინი განაპირობებდა იმას, რომ ყოველთვის წინ, ცხელ წერტილში იყო და საკუთარი განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

- როგორც გავიგე, უკრაინაში ჩამოსვლამდე ის ამერიკაში ცხოვრობდა, ოჯახთან ერთად. არ გიკითხავთ, უკრაინაში რატომ ჩამოვიდა?

- ჩვენ ასეთ კითხვებს არ ვუსვამდით ერთმანეთს. ისედაც ვიცოდი, რატომ იყო ჩამოსული. ჩამოვიდა იმიტომ რომ სხვარიგად არ შეეძლო. ჩამოვიდა იმისთვის, რისთვისაც ჩვენ ყველანი ვართ აქ, იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და იმისთვის, რომ დავეხმაროთ, ჩვენს ძმებს - უკრაინელებს, რუსული აგრესიის მოგერიებაში. სხვათა შორის, არც წინასწარ ვიცოდი, ჩამოსვლას რომ აპირებდა. დამირეკა და მითხრა, რომ უკრაინაში იყო.

- თქვენ და კახას საერთო თავგადასავალიც გექნებათ.

- იქიდან გამომდინარე და რომ სხვადასხვა მიმართულებაზე გვიწევდა ბრძოლა, ერთმანეთს ფრონტის ხაზზე ვერ ვხდებოდით. თავგადასავალი არა, კარგი მოგონება კი დამიტოვა. 2022 წელს ბახმუტთან დავიჭერი და საავადმყოფოში ვიწექი. 31 დეკემბერს მომაკითხა და სათამაშო დათუნია მომიტანა. ახალ წელთან ერთად დაბადების დღეც მომილოცა წინასწარ - 6 იანვარს ვარ დაბადებული. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ... კახა ჩემს გულში მუდმივად დარჩება.

- ამდენი მსხვერპლი, მეგობრების დაკარგვა თქვენს საბრძოლო განწყობაზე როგორ მოქმედებს?

- რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. რუსეთი აუცილებლად დამარცხდება არამხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც. ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ალტერნატივა არ გვაქვს.ხათუნა ბახტურიძე