ავტორი:

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ვეფხია კასრაძისა და კიდევ 7 ბრალდებულის საქმის დეტალები

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ვეფხია კასრაძისა და კიდევ 7 ბრალდებულის საქმის დეტალები

4 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით რვა პირი დააკავეს.

ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჯგუფურ ძალადობაში ბრალი ვეფხია კასრაძეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით წარუდგინეს. ვიდეოში კასრაძესთან ერთად ჩანს „ლელოს“ კიდევ ერთი წევრი - ვასილ კაძელაშვილი, რომელსაც თსუ-ის სტუდენტ ზვიად ცეცხლაძესთან ერთად ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.

ვიდეოჩანაწერი მედიით გავრცელდა. ტელეკომპანია „იმედის“ მტკიცებით, ჩანაწერში ჩანს, რომ ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი „ქართული ოცნების“ წევრებსა და მათი ოჯახის წევრებზე ძალადობას გეგმავდნენ. აღნიშნულზე დაყრდნობით პროკურატურამ ჩამოთვლილ პირებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის მუხლით წაუყენა ბრალი. დაკავებულებს შორის არიან 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდები.

აღსანიშნავია, რომ 11 იანვარს ერთ-ერთი დაკავებული, ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. მანდ თავდაპირველად წყალი ითხოვა, შემდეგ კი რამდენიმე წუთით სხდომის დარბაზიდან გასვლა. მისი თქმით, მიზეზი უჰაერობა იყო. ამის შემდეგ ადვოკატებმა კვლავ სთხოვეს მოსამართლეს დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა, თუმცა, მოსამართლემ დარბაზი კვლავ არ შეცვალა. მისი განმარტებით, ბრალდებულს რამდენიმე წუთით დაელოდებიან და თუკი საჭირო გახდება, სასწრაფო დახმარებას გამოუძახებენ. მოგვიანებით სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

ყველა მათგანი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და მოსამართლის ირაკლი ხუსკივაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ისინი პატიმრობაში რჩებიან, მიკერძოებულს უწოდებენ.