ავტორი:

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტები ლოზუნგით - "თავისუფლება მზია ამაღლობელს“ აქციას მართავენ

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტები ლოზუნგით  - "თავისუფლება მზია ამაღლობელს“ აქციას მართავენ

"თავისუფლება მზია ამაღლობელს" - ამ სლოგანით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობასთან ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს.

მედიის წარმომადგენლების მოთხოვნა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელს მზია ამაღლობელის დაზარალებულად ცნობა და საქმესთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიებაა. ისინი ითხოვენ, სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ ფაქტები ობიექტურად მოიკვლიოს და შეაფასოს.

ისინი ასევე სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა პირადად მოისმინონ მისგან, რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში და რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც, მათივე თქმით, საგამოძიებო სამსახურმა ძალიან გვიან დაიწყო.

ჟურნალისტების თქმით, აუცილებელია, ბათუმის სამმართველოდან ამოღებული იქნას ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეს დაერთვება.

ამასთან, აქციაზე გაჟღერდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის გადადგომის მოთხოვნა.

"რასაც ვხედავთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაკავებულია ორ-სამ გვერდიანი, დემაგოგიით სავსე, პრესრელიზების გამოქვეყნებით და მთელ რიგ პროცესუალურ ნორმებს გვიხსნიან. რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა იყოს სრულყოფილი და ობიექტური, ამას თავისი პროცედურები სჭირდება, მაგრამ შეუძლებელია, სილის გაწვნისთვის აკავებდნენ ადამიანს რამდენიმე წუთში, მესამე დღეს უსჯიდნენ პატიმრობას - 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს, ამ დროს ბათუმის მილიციის უფროსი, რომელმაც მზიას [ამაღლობელი] მიმართ დანაშაული ჩაიდინა, არაადამიანურად მოეპყრო, შეაფურთხა სახეში და მისკენ ფიზიკური შეურაცხყოფის მისაყენებლად იწევდა, ისევ თავის თანამდებობაზე რჩებოდეს. ვითხოვთ, რომ ეს დანაშაულები დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული. ამ დანაშაულების მტკიცებულებები ბათუმის მილიციის უფროსმა რომ არ გაანადგუროს, ვითხოვთ, რომ მას შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, რათა მოწმეებზე ზეგავლენაც არ მოახდინოს. ყველაზე მთავარი მოთხოვნაა ის, რომ მზია უკანონო პატიმარია და საიას ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მტკიცებულებების კასკადით დადასტურდა მზიას უკანონო პოლიტიკური პატიმრობა, ამიტომ, კეთილი ინებონ და გაათავისუფლონ ის", - განაცხადა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.