„ძალიან უყვარს შვილებთან ერთად დროის გატარება, ნატრობს, ნახოს შვილიშვილიც“ - აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მეუღლე, ელენე კროტენკო

„ძალიან უყვარს შვილებთან ერთად დროის გატარება, ნატრობს, ნახოს შვილიშვილიც“ - აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მეუღლე, ელენე კროტენკო

4 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს რვა პირი, მათ შორის 54 წლის ვეფხია კასრაძე, რომელიც კვლავ პატიმრობაში რჩება. ის თავს რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს.

ჯგუფურ ძალადობაში ბრალი ვეფხია კასრაძეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით წარუდგინეს. ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვეფხია კასრაძე ცხინვალის თეატრის მსახიობია. ის სოფელ ერგნეთში გაიზარდა. რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. აქვს ვეტერანის სტატუსი. როგორც თავად აღნიშნავს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ მიუტოვებია სახლი საოკუპაციო ხაზთან, აქვე მოაწყო ფერმა და მეურნეობაც. მას პირველ მეუღლესთან ორი, ხოლო მეორესთან სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

რა ვითარებაა ამჟამად დაკავებულის საქმესთან დაკავშირებით და რა მოლოდინები აქვს ოჯახს სასამართლო პროცესისგან, რომელიც 6 მარტს არის ჩანიშნული, ამის შესახებ ვეფხია კასრაძის ცოლს, ელენე კროტენკოს ვესაუბრეთ:

რა ვითარებაში დააკავეს თქვენი მეუღლე, გქონდათ თუ არა ამის მოლოდინი?

4 დეკემბერს ორ ბავშვთან ერთად ვიყავი სახლში, ერთი სკოლაში მყავდა გაშვებული. ონლაინ ვერთვებოდი აბიტურიენტს, ინგლისურში ვამეცადინებდი. ვეფხია სამშენებლო საქმიანობითაც არის დაკავებული და ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა. იქ მიაკითხეს, გამოუყვანია პოლიციას და თან კამერით იღებდნენ. წინასწარ დაგეგმეს ალბათ რაღაც

შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან. კარი რომ გავაღე, 5 პოლიციელი დამხვდა. შემოვიდნენ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მითხრეს, რომ ჩემი მეუღლე დააპატიმრეს. მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, ვკითხე, რას ეძებდნენ ჩვენს ოჯახში. იარაღს ვეძებთო , მიპასუხეს. რადგანაც გაკვეთილს ვატარებდი, ეკრანი გახსნილი მქონდა, მაშინვე გათიშეს ლეპტოპი, ხელიდან გამომგლიჯეს მობილური ტელეფონი, რომ არაფერი ჩამეწერა.

ერთადერთი იარაღი, რისი პოვნაც ჩემს სახლში შეიძლებოდა, ჩემი ვაჟის სათამაშო პისტოლეტები იყო.

დაკავებამდე ტელევიზიით რომ კადრები გავრცელდა, ჩემს მეუღლეს ეცინებოდა, არ უყურებდა ამას სერიოზულად. მითხრა, რაღაც სისულელე შეთხზესო. ამას ნამდვილად არ ველოდი.

ბატონი ვეფხია ომის ვეტერანია და ალბათ მისთვის რუსული ოკუპაციის საკითხი კიდევ უფრო სენსიტიურია...

დიახ, ასეა. მინდა აღვნიშნო, რომ ვეფხია წინა მთავრობას სულ აკრიტიკებდა, არ მოსწონდა მათი პოლიტიკა. ხელისუფლებაში მოსვლის პირველ პერიოდში ის ახლანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი იყო. თანდათან რომ შეიცვალა სიტუაცია და რომ ვნახეთ, რომ უარესობისკენ მიდიოდა ქვეყანა და განუკითხაობასა და აბსურდში აღმოვჩნდით, უკვე დავიწყეთ რაღაცების გაპროტესტება.

როდესაც „ლელო“ შეიქმნა, პარტიაში გავწევრიანდით და ქვეყნისთვის ბრძოლა ასე გავაგრძელეთ. ქვეყანამ საგარეო კურსიდან გადაუხვია, საოკუპაციო ხაზთან ასეთი გაჭირვებაა და რამდენი ტრაგედია მოხდა და ამის ყურება ჩვენთვის ძალიან რთული იყო.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ხალხს შეეხო ეს რეპრესიები, მხოლოდ ჩემს ქმარს რომ ეხებოდეს, სხვაა, მაგრამ ამდენი ადამიანი აღმოჩნდა უსამართლობის პირისპირ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი კაცი ამას არ შეეგუება. მე ნახევრად უკრაინელი ვარ და ჩემთვის ამ მოვლენებს კიდევ უფრო სხვანაირი დატვირთვა აქვს.

ალბათ ბავშვები ძალიან განიცდიან მამის დაკავებას...

ძალიან განიცდიან. მამიკომ რა დააშავაო, თავიდან ჩუმად მეკითხებოდნენ. მე ვუთხარი, რომ არაფერი არ დაუშავებია მას, თუმცა ბავშვი ვერ იგებს, თუ არაფერი არ დაუშავებია, მაშინ ციხეში რატომ ზის მამამისი ციხეში?!

გოგონები 12 და 10 წლისები არიან და ბიჭი გახდა 8 წლის. გოგონებს ავუხსენი სიტუაცია, უფრო დიდები არიან და გაიგეს. ბიჭი ხშირად ტირის, სიცხეც აქვს ხოლმე ნერვულ ფონზე და მისი დაწყნარება უფრო მიჭირს. „ჩვენ ყველა გეგმა შეგვეცვალა, მამიკო რომ არ არისო“, ამბობს ხოლმე.

ის საუკეთესო მამაა. ძალიან უყვარს შვილებთან ერთად დროის გატარება, ნატრობს, ნახოს შვილიშვილიც. მეოჯახე, პატიოსანი, მშრომელი ადამიანია, თამადა, როგორც ქართველ კაცს შეეფერება. მარჯვენა ხელ-ფეხი წამართვეს ახლა ქმარი გვერდით რომ არ მყავს, ძალიან რთულია სამი პატარა ბავშვით დარჩენა...

რა მოლოდინები გაქვთ სასამართლო პროცესისგან, რომელიც 6 მარტს არის ჩანიშნული?

საქმის განხილვისას არ მქონდა მოლოდინი, რომ გაათავისუფლებდნენ, რადგან წინა დღეს ანდრო ჭიჭინაძე და დანარჩენები პატიმრობაში დატოვეს. ვიცოდი, რომ ჩემს მეუღლესაც იგივე ელოდა. იგივე პროკურორები ისხდნენ იქ და არც გვიფიქრია, რომ განსხვავებული სიუჟეტი იქნებოდა.

როგორც ვიცით, შესაძლებელია, პროცესი ისევ გადაიდოს, რადგან სამხილი არაფერი არ არის და რაღაც ხომ უნდა განიხილონ? ბუნებაში რაც არ არსებობს, რაზე უნდა ისაუბრონ სხდომაზე? ალბათ თვითონ რცხვენიათ, რომ ისეთი რაღაც უნდა განიხილონ, რაც არ არსებობს.

ვფიქრობ, რომ პროცესის გასაწელად კეთდება ეს ყველაფერი. ადვოკატმა მითხრა, რომ აბსურდული საქმეა და შეიძლება, შემდეგი ნაბიჯიც აბსურდული იყოს. იურიდიულად ვერ ამბობენ იურისტები ვერაფერს.