ავტორი:

დაჭრილი პატრულები ვაჟა სირაძემ მოინახულა - რა ინფორმაციას ავრცელებენ შსს და პროკურატურა ბათუმში მომხდარ ფაქტზე

დაჭრილი პატრულები ვაჟა სირაძემ მოინახულა - რა ინფორმაციას ავრცელებენ შსს და პროკურატურა ბათუმში მომხდარ ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან გრიგოლ ბესელიასთან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსთან გიორგი ხურციასთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორები მოინახულა.

"ვაჟა სირაძემ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მოისმინა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა პატრულ-ინსპექტორებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მიმდინარე წლის 20 იანვარს, ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე შეტყობინების საფუძველზე მისულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებს ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქე დანით თავს დაესხა.

აღნიშნულმა პირმა მისი განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს: რეზო ქარცხიას, რამაზ ბერიძესა და ავთანდილ დოლიძეს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაჭრილი პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

  • საქართველოს პროკურატურამ პოლიციელების სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 იანვარს, ღამის საათებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება ბათუმში, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სამი პატრულ-ინსპექტორი გამოცხადდა. ბრალდებული პოლიციელებს სიცოცხლის მოსპობის მიზნით, მოულოდნელად, დანით თავს დაესხა და სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.

„სამართალდამცავებმა ბრალდებული 21 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სიცოცხლის მოსპობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების და სტაციონარულ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.