ცხინვალის თეატრის მსახიობი და რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი ვეფხია კასრაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. ის 4 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს.
მსახიობს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვეფხია კასრაძეს სოფელ ერგნეთში არ მიუტოვებია თავისი სახლი. მშობლიურ მხარეში მოაწყო მეურნეობა და ფერმა, რომელსაც თავად უვლის.
მას პირველ მეუღლესთან ორი, ხოლო მეორესთან სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ასევე ჰყავს ერთი შვილიშვილი. როგორც მისი მეუღლე, ელენე კროტენკო აღნიშნავს, პატიმრობაში მას ძალიან ენატრება თავისი შვილები და შვილიშვილი და მოუთმენლად ელოდება მათთან შეხვედრას:
„ძალიან განიცდიან. მამიკომ რა დააშავაო, თავიდან ჩუმად მეკითხებოდნენ. მე ვუთხარი, რომ არაფერი არ დაუშავებია მას, თუმცა ბავშვი ვერ იგებს, თუ არაფერი არ დაუშავებია, მაშინ რატომ ზის მამამისი ციხეში?! გოგონები 12 და 10 წლისები არიან და ბიჭი გახდა 8 წლის. გოგონებს ავუხსენი სიტუაცია, უფრო დიდები არიან და გაიგეს. ბიჭი ხშირად ტირის, სიცხეც აქვს ხოლმე ნერვულ ფონზე და მისი დაწყნარება უფრო მიჭირს. „ჩვენ ყველა გეგმა შეგვეცვალა, მამიკო რომ არ არისო“, - ამბობს ხოლმე. ის საუკეთესო მამაა. ძალიან უყვარს შვილებთან ერთად დროის გატარება, ნატრობს, ნახოს შვილიშვილიც. მეოჯახე, პატიოსანი, მშრომელი ადამიანია, თამადა, როგორც ქართველ კაცს შეეფერება. მარჯვენა ხელ-ფეხი წამართვეს ახლა ქმარი გვერდით რომ არ მყავს, ძალიან რთულია სამი პატარა ბავშვით დარჩენა...“, - გვიამბო ელენე კროტენკომ.
ვეფხია კასრაძის სასამართლო პროცესი 6 მარტს არის ჩანიშნული, თუმცა როგორც ელენე კროტენკომ აღნიშნა, შესაძლოა, მტკიცებულებების არ არსებობის გამო გადაიდოს.