„კი არ დამაპატიმრეს სამართლებრივი წესებით, არამედ დამატყვევეს“ - საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძე

„კი არ დამაპატიმრეს სამართლებრივი წესებით, არამედ დამატყვევეს“ - საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძე

„ვყოფილვარ ბრძოლაში, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ახლა მაქვს შეგრძნება, რომ კი არ დამაპატიმრეს სამართლებრივი წესებით, არამედ დამატყვევეს“, - ეს სიტყვები საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა მსახიობმა ვეფხია კასრაძემ ადვოკატ კახა კოჟორიძეს უთხრა. იურისტის მტკიცებით, კასრაძის პატიმრობა „დაუსაბუთებელია“, ისევე როგორც „დაუსაბუთებელია“ მისი ბრალი.

ცხინვალის თეატრის მსახიობი და რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი ვეფხია კასრაძე 4 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს.მსახიობს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„პროკურორებო, როცა ციხისთვის მიმეტებთ, ჩემს სამ მცირეწლოვან შვილს მორალურ ზიანს აყენებთ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალით. მე საქართველოს მებრძოლი, 3 მცირეწლოვანი შვილის მამა, ცხინვალის თეატრის მსახიობი კაცი ვარ. ყოველთვის კაცური ცხოვრებით ვცხოვრობდი,“ - ამ სიტყვებით მიმართა ვეფხია კასრაძემ საქმის პროკურორებს 6 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის სასამართლო პროცესი 6 მარტს არის ჩანიშნული, მანამდე ის პატიმრობაში რჩება.