სოლიდარობა სინდისის პატიმრის ოჯახს - ჩაერთე „პალიტრა L-ის” საქველმოქმედო პროექტში „გადაიხადე, რამდენიც გინდა“

სოლიდარობა სინდისის პატიმრის ოჯახს - ჩაერთე „პალიტრა L-ის” საქველმოქმედო პროექტში „გადაიხადე, რამდენიც გინდა“

გამომცემლობა „პალიტრა L” მკითხველს უკვე კარგად ნაცნობი და ბევრისათვის საყვარელი აქციით „გადაიხადე, რამდენიც გინდა“ დაუბრუნდა. დღეიდან, 24 იანვრიდან „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, შეგიძლიათ შეიძინოთ მიხეილი ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ და გადაიხადოთ იმდენი, რამდენიც თქვენ გსურთ.

აქცია საქველმოქმედოა და მის ფარგლებში შეგროვებული თანხით „პალიტრა L” იმ დროისთვის აქტუალურ მნიშვნელოვან პროექტებში ერთვება. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ისინი მუდმივად ცდილობენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს გამოეხმაურონ და სწორედ ამიტომ ამჯერად შეგროვებული თანხით სინდისის პატიმრის ოჯახს მხარდაჭერას გაუწევენ.

სინდისის პატიმარი ვეფხია კასრაძე, რომელიც ცხინვალის თეატრის მსახიობი და რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია, 4 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს.

მსახიობს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ვეფხია კასრაძეს სოფელ ერგნეთში არ მიუტოვებია თავისი სახლი. მშობლიურ მხარეში მოაწყო მეურნეობა და ფერმა, რომელსაც თავად უვლის. მას პირველ მეუღლესთან ორი, ხოლო მეორესთან სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ასევე ჰყავს ერთი შვილიშვილი. კასრაძის სასამართლო პროცესი 6 მარტს არის ჩანიშნული

„პალიტრა L-ის“ აქციაში, რომლის ფარგლებში შეგროვებული თანხაც ვეფხიას ოჯახს გადაეცემა, მონაწილეობა მარტივია. „ბიბლუსის“ ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ „ჯაყოს ხიზნები“ და მარტივად ჩაერთოთ ქველმოქმედებაში. თუ წიგნში 5 ლარზე ნაკლებს გადაიხდით, თანხის 10% გადაერიცხება პატიმრის ოჯახს, ხოლო 5 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა სრულად მათ გადაერიცხება.

თემატურია ის წიგნიც, რომელიც აქციის ფარგლებში იყიდება. მიხეილ ჯავახიშვილმა რომანი დაწერა ყველაზე მძიმე და არასტაბილურ პერიოდში, როცა თავისუფალი აზრი იდევნებოდა, ხოლო განსხვავებული შეხედულება სიცოცხლისთვის საშიშ მტრობად ითვლებოდა.

ეს წიგნი ყველა ოჯახში უნდა იყოს, რადგან ეს არის ნაწარმოები, რომელიც მწვავედ შეგვახსენებს, თუ რა ემართება საზოგადოებას, როდესაც ცოდნას მოქმედება არ ახლავს, ხოლო ძალაუფლება ცინიზმში გადაიზრდება.

R